ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელს მარკუს რეშფორდს ევროპის ჩემპიონატის 23-კაციან განაცხადში მოხვედრის შანსი აქვს.
ჯამში ჰოჯსონმა სულ 26 ფეხბურთელი შეარჩია სამი მოსამზადებელი მატჩისთვის, რომელსაც "სამი ლომი" 22 მაისს "ეტიჰად სტედიუმზე" თურქების, 27 მაისს "სტედიუმ ოფ ლაითზე" აუსტრალიის, ხოლო 2 ივნისს "უემბლიზე" პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს და რეშფორდი მასში მონაწილეობას მიიღებს უეინ რუნისა და კრის სმოლინგთან ერთად.
"ისიც ერთ-ერთი კანდიდატია, რა თქმა უნდა. მას რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, ეს ესმის, მაგრამ, ვფიქრობ, შანსს ნამდვილად იმსახურებს, მით უმეტეს, გაფართოებულ შემადგენლობაში.
ძალიან საინტერესო იქნება მისი შესაძლებლობების ხილვა, თუმცა ამის საშუალება მხოლოდ ერთი კვირით ადრე მოგვეცემა იმ დღემდე, როცა 23-კაციანი საბოლოო განაცხადის გაკეთება მომიწევს, რადგანაც თასის ფინალში უნდა ითამაშოს. თუმცა მოხარული ვარ გუნდში ისეთი ვინმეს ყოლით, რომელსაც სეზონის ასეთი დასასრული აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელით და ფეხბურთელით, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს თუ გაუმჯობესდება და განვითარებას განაგრძობს.
დიდებულია, რომ შემადგენლობაში მოხვდა და არ არსებობს მიზეზი, რატომ ვერ ამოაგდებს ვინმეს შემადგენლობიდან, თუკი ნამდვილად კარგად ითამაშებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე ვინმეს ჰგონია, რადგანაც ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობდნენ, კარგ სამუშაოს სწევდნენ და კუალიფიცირებაში გვეხმარებოდნენ, ასე მარტივად გადასალახი ბარიერი არ იქნებიან", - განაცხადა ჰოჯსონმა.
ჰოჯსონს შემადგენლობაში მაიკლ კერიკის ვერ მოხვედრის შესახებაც ჰკითხეს, რის რაზეც მან უპასუხა: "მაიკლი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენში დიდ როლს თამაშობდა, მაგრამ არ გაუმართლა ტრავმიანობის გამო. ბევრი რთული გადაწყვეტილების გაკეთება მომიხდა, მაგრამ ვესაუბრე ფეხბურთელებს, რომელთაც ვაფასებ, ვაღმერთებ და ეს გადაწყვეტილებები ისე მივიღე, რადგანაც მხოლოდ 23 ადგილი მაქვს".