ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედში" სამუშაოდ დარჩენის რწმენა და მომდევნო სეზონში ტიტულის მოგების ამბიცია გამოხატა.
ამ კვირაში კლუბის ქომაგებმა ვან გაალისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ჰოლანდიელი 2016/17 წლების სეზონის აბონიმენტების მფლობელებს ჰპირდება, რომ ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.
გაგზავნილი წერილი კიდევ უფრო ასუსტებს ჭორებს იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონიდან "იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო გაწვრთნის.
"ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და კლუბისა და ქომაგთა ურთიერთობაც განსაკუთრებულია.
ჩემი უდიდესი ამბიცია ამ კლუბში წარმატების მიღწევაა თქვენთვის, აბონიმენტების მფლობელთათვის, რომლებიც ყოველ კვირაში მხარს გვიჭერთ.
ყველა ბეჯითად შრომობს იმისათვის, რომ კლუბი კუთვნილ ადგილზე დააბრუნოს. თქვენი დახმარება კი ფასდაუდებელია და ფეხბურთელები ამას აფასებენ", - ნათქვამია წერილში.