ლუი ვან გაალი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" თავად გაწვრთნის და ამაზე გავლენას მიმდინარე სეზონის შედეგები ვერ მოახდენს.
"წითელი ეშმაკები" ოთხეულში შესასვლელად და ინგლისის თასის მოსაგებად იბრძვიან და როგორც ჭორები იუწყება, ამის განუხორციელებლობის შემთხვევაში ჰოლანდიელი კლუბს დატოვებს.
ვან გაალის შეცვლის უმთავრეს კანდიდატად ჟოზე მოურინიო ითვლება, მაგრამ 64 წლის სპეციალისტი თავის მომავალში დარწმუნებულია.
"ვიცი, რომ ასე იქნება. ამიტომაც დამიქირავეს და ამაზე ვისაუბრეთ. ყოველთვის ვიცოდით, რომ პროცესს სამი წელიწადი დასჭირდება. მე კი მხოლოდ 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მინდოდა.
კლუბს უნდოდა ჩემი დაქირავება სამი წლით და არა მე. მე სამწლიანს მოვაწერე ხელი, ასე რომ, მომავალ წელსაც აქ ვიქნები.
ექვსი თვის განმავლობაში ყოველ კვირაში მაძევებდნენ - და ჯერ კიდევ აქ ვარ. მაგრამ ასეთი რამ ყოველ კლუბში ხდებოდა.
"იუნაიტედშიც" იმავე საქმეს ვაკეთებ, რისთვისაც სხვა კლუბებში მამუშავებდნენ. ხალხმა მხედველობაში უნდა მიიღოს გუნდი, რომელიც მე ჩავიბარე და შეადაროს ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა ამ ასაკისანი გვყავს.
ძალიან დიდი განსხვავებაა ხალხის აზრსა და მედიის აზრს შორის. დიდი განსხვავება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ჩემი გამოცდილებით, რომ მე ჩემს თავზე არ ვარ დამოკიდებული. მე რეალისტი ადამიანი ვარ და მხოლოდ ფაქტებზე ვლაპარაკობ", - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალმა ფაქტების მოყვანა მომდევნო შეკითხვისას დაიწყო. "ფაქტი ის არის, რომ გასულ წელს ოთხეულში შევედით. ახლა მეხუთეზე ვართ, მაგრამ მესამეზე გასვლაც შეგვიძლია. 15 მაისს დანამდვილებით გვეცოდინება.
ფაქტი ის არის, რომ ინგლისის თასის ფინალში ვართ. ფაქტი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვიყავით. გასულ წელს ეს არ გაგვიკეთებია.
ფაქტი ის არის, რომ ლიგის თასზე უფრო შორს გავედით. ასე რომ, ბევრი პლუსია. დიახ, ახლა მეხუთეზე ვართ და ვიბრძვით ერთი პოზიციისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩვენ ასევე საუკეთესო საშინაო შედეგი გვაქვს, მაგრამ ტოპ-გუნდებს შორის ყველაზე ხშირად დამარცხებადი გუნდი ვართ და ეს უნდა გამოსწორდეს".