დავიდ დე ხეა აპრილის თვეში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ისევე, როგორც მარტში.
მეკარემ, რომელიც "წითლების" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო, ოფიციალურ საიტსა და "თვითერზე" ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმების 62% მიიღო და დანარჩენ ნომინანტებს, ენტონი მარსიალსა (24%) და მარკუს რეშფორდს (14%) აჯობა.
დე ხეა დაუჯერებელ თამაშს აჩვენებდა ინგლისის თასის ნახევარფინალსა და მეოთხედფინალის გადათამაშებაში, სწორედ მისი დამსახურებით გავიდა გუნდი ტურნირის ფინალში.
მან ასევე "მშრალად" შეინახა კარი "კანფეტების" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ შეხვედრაში, ისევე, როგორც "ასტონ ვილასა" და "კრისტალ პალასთან" მატჩებში.
25 წლის ესპანელი "მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაშიც ფავორიტად ითვლება.