კვირას გასამართი მატჩის წინ, რომელშიც "წითლები" პრემიერ ლიგის ლიდერსა და ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატს "ლესტერს" დაუპირისპირდებიან, ლუი ვან გაალმა პრესკონფერენცია გამართა.
კლაუდიო რანიერის შეგირდები მდევარ "ტოტენჰემს", ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, 7 ქულით უსწრებენ და თუკი "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს, ჩემპიონები დროზე ადრე გახდებიან, რაც ძალიან არ სურს ჰოლანდიელ სპეციალისტს, ვან გაალის თქმით, ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ, რათა "მელიებმა" ჩემპიონობა "ოცნებათა თეატრში" არ იზეიმონ.
"ვფიქრობ, "ლესტერი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან ჯერ კიდევ რბოლაში ვართ და ჩამორჩენა არაფრით არ შეიძლება. ვერ დავუშვებთ, რომ მათ "ოლდ ტრაფორდზე" იზეიმონ ჩემპიონობა. ვფიქრობ, ისინი მაინც მოახერხებენ პრემიერ ლიგის მოგებას, თუმცა მომავალ კვირას ჩვენ უბრალოდ ცოტა ხნით გადავდებთ მათ ზეიმს.
თუ არ ვცდები, მე ვიყავი პირველი, რომელმაც თქვა, რომ "ლესტერს" შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება და ახლა გარი ლინეკერმა ტრუსებში უნდა იაროს, რადგან ეს თითქმის გარდაუვალია. ჩემთვის ეს სიურპრიზი ნამდვილად არ არის. ეს უკვე მრავალჯერ ვთქვი. მე მჯერა, რომ გუნდის სწორად აწყობით ყველაფერი გამოვა და მათმა მენეჯერმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა.
მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან ჰქონდათ შანსი თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იმავე შემადგენლობით ეასპარეზათ, ასევე მათ არ გაუმართავთ ბევრი მატჩი და მხოლოდ პრემიერ ლიგაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. პრემიერ ლიგისთვის და მთლიანად სპორტისთვის ძალიან კარგი რამ ხდება, რადგან ჩემპიონობა მხოლოდ 3-4 გუნდს შორის აღარ თამაშდება."
ლუი ვან გაალმა რამდენიმე სიტყვით თავის ვიზავისაც გამოეხმაურა და კლაუდიო რანიერი შეაქო.
"ადვილი არასდროსაა ასეთ წარმატებას მიაღწიო, თანაც ასეთი გუნდით. "ვალენსია"- "ბარსელონას" დაპირისპირებაც მეტ-ნაკლებად დერბია და მის წინააღმდეგ თამაში არასდროს ყოფილა მარტივი, რადგან გუნდის ორგანიზება კარგად გამოსდის."