"რეშფორდი ნამდვილად ნიჭიერია, მაგრამ არავინ დამაჯეროს, რომ ლინგარდი ახალი გიგზია"
ჰარი რედნაპის გრაფა.
"ტოტენჰემის" ყოფილი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის გრაფა:"ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ, თუკი ინგლისის თასს მიმდინარე სეზონში ვერ მოიგებს.
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ, თუ ოთხეულში ვერ მოხვდებიან, ვან გაალს ეს თასი ძალიან გამოადგება მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნების თუნდაც მცირე შანსების მოსაპოვებლად.
ვწუხვარ, მაგრამ ეს სრული სისულელეა. "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორთა საბჭო უნდა მიხვდეს, რომ ლუი ვან გაალი არის ადამიანი, რომელსაც გუნდის გაძღოლა შეუძლია. და მისი ბედი მხოლოდ ერთმა "კრისტალ პალასთან" მატჩმა არ უნდა გადაწყვიტოს.
ვფიქრობ, თავის საქმეს თავს სტაბილურად ართმევს. მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იდეალური ადამიანია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, როგორი რთული დავალება იდგა მის წინაშე, როცა კლუბი ჩაიბარა.
სერ ალექს ფერგიუსონი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია ბრაიან კლაფსა და ბილ შენკლისთან ერთად, მაგრამ შემადგენლობა, რომლითაც ბოლო სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, დიდებული ნამდვილად არ ყოფილა.
ყველამ დავინახეთ, რა მოუვიდა ამ შემადგენლობას დევიდ მოიესის ხელში, და ვხედავთ ახლა ლუი ვან გაალის ხელშიც. ეს შემადგენლობა სწორედ იმ გუნდის შესაფერისია, რომელსაც სატურნირო ცხრილში ასეთი ადგილი უნდა ეჭიროს, ტოპ-ექვსეულის გუნდის და არა - გრანდის.
მომენტი, როცა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც როი კინი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი და რაიან გიგზი კარიერის დასრულებას გადაწყვეტდნენ, გარდაუვალი იყო. ყველანი ვაცნობიერებდით, რომ ფერგიუსონის ნებისმიერ მემკვიდრეს გუნდის გარდაქმნისას დიდი სამუშაო ელოდა.
მოიესის ადგილას მოსული ვან გაალი სწორედ ამით დაკავდა. და მან ამჯობინა, ახალგაზრდების განვითარებით გადაეჭრა პრობლემა.
ეს შესანიშნავია, ოღონდ, მათ შემადგენლობაში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მთელ რიგს ვერ ვხედავ. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ რომელიღაც მათგანი თქვენი საყვარელი ფეხბურთელია.
მარკუს რეშფორდს უდავო ნიჭი აქვს და მართლა ვიმედოვნებ, რომ თავის პოტენციალს სრულად წარმოაჩენს.
ენტონი მარსიალი ასევე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ მას მოუწევს შეეგუოს სამუდამოდ არასაკმარისი ფეხბურთელის სტატუსს, "იუნაიტედმა" ხომ მასზე ამდენი დახარჯა.
მაგრამ დანარჩენი რა გვაქვს? ჯესი ლინგარდი? დიახ, ცუდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ არ ღირს ლაპარაკი ახალ დევიდ ბექჰემზე ან რაიან გიგზზე. მოდით, არც კი დავიწყოთ. რამდენიმე წლის წინ "იუნაიტედის" შემადგენლობაში თავის გამოჩენის მინიმალური შანსიც კი არ ექნებოდა.
კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ, ალბათ, არცერთი მათგანი არ იწვევს აღფრთოვანებას. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ისეთივე კარგები არიან, როგორც ჰარი კეინი ან დელე ალი.
ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელთა ეს თაობა პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს.
ახლა კი "იუნაიტედის" მთელ შემადგენლობას გადახედეთ და გულახდილად მიპასუხეთ, მათგან რომელი მოხვდებოდა ფერგის საუკეთესო შემადგენლობაში. დავიდ დე ხეა- ფანტასტიკური მოთამაშეა და, ალბათ, მას ექნებოდა შანსი, მაგრამ პეტერ შმეიხელს ან ედვიდ ვან დერ სარს არ ამჯობინებდით?
უეინ რუნი ასეთ შემადგენელობაში მოხვდებოდა, მაიკლ კერიკი კი საერთოდ ფერგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ ის არ ახალგაზრდავდება.
რაც შეეხება დანარჩენებს, მეტს ვერავის ვხედავ, ვინც ამ სტანდარტს თუნდაც უახლოვდება. ეს კი პრობლემებს უსვამს ხაზს, რომელიც "იუნაიტედს" მომდევნო სეზონში ექნება. და სულერთია, ვინ იქნება მწვრთნელი.
ვფიქრობ, მათ მინიმუმ 2-3 ტოპ-კლასის ფეხბურთელი უნდა იყიდონ. მათი პოვნა კი ადვილი არ არის. ვან გაალის თავიდან მოშორება მაინც რომ გადაწყვიტონ, რა ვარიანტები ექნებათ? ყველაზე ნათელი ჟოზე მოურინიო მოსჩანს, მაგრამ მჯერა, კიდევ იქნება სხვებიც.
ყოველი ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნამდვილად მჯერა, რომ "იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში მოიგებს. თუმცა წინააღმდეგი არც იმისა ვიქნები, რომ "კრისტალ პალასს" ერგოს თასი.