ანდერ ერერა აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპის ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი ჯერ არ წაუგია.
ესპანელი ფეხბურთელი მონაწილეობდა "ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" 2-0 წააგო.
ლუი ვან გაალმა თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს გოლის გაშვების უფლება არ აქვს, ერერა კი ისტორიულ მეტოქესთან მოპოვებული წინა 4 გამარჯვების საფუძველზე ოპტიმიზმს ინარჩუნებს.
"მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარ, "ლივერპული" ხუთიდან ოთხ შემთხვევაში დავამარცხეთ. ორჯერ, როცა მათ სახლში ვეთამაშეთ, სუფთად მოვუგეთ, ჩემი აზრით, ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს იმისთვის, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ", - განაცხადა ერერამ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
"თავს უფრო ძლიერად ვგრძნობთ სახლში, სადაც გვყავს უფრო მეტი გულშემატკივარი, რომლებიც ინგლისში საუკეთესონი არიან, ჩემი აზრით. გასვლაზე ისინი ფანტასტიკურები არიან, სახლში კი ყოველთვის გვიჭერენ მხარს, დამოუკიდებლად იმისა, კარგად ვთამაშობთ თუ ცუდად, ასე რომ, მათი არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.
არ უნდა გავგიჟდეთ, პირველი გოლი ჩვენ უნდა გავიტანოთ და პირველ 45 წუთში არ გავუშვათ - შემდეგ მორიგი 45 წუთი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია გოლის არ გაშვება, რადგან შანსები აუცილებლად გვექნება, რაც რამდენიმე კვირის წინ კი არ გვქონდა, მაგრამ ახლა უფრო ხშირად ვაწვდით საჯარიმოში და უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავს იქ. გვინდა, საშინელი საღამო მოვუწყოთ. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და თუ მათ მომდევნო ეტაპზე გასვლა სურთ, ბევრი უნდა იბრძოლონ!"
როცა "ენფილდზე" ნაჩვენები თამაშის შესახებ ჰკითხეს, ჟურნალისტმა კი დაურთო, რომ "იუნაიტედს" იქ არ უბრძოლია, ერერამ უპასუხა: "ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ყოველთვის გვინდა მოგება. ყოველი მატჩი განსხვავებულია. ჩვენ წინააღმდეგ გამოდის გუნდი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ არ გვინდა მოგება ან ბრძოლა, ასე რომ, ხალხმა ამ მხრივ პატივი უნდა გვცეს. ყოველთვის გვსურს ბრძოლა და გამარჯვება. ამაყები ვართ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინა კვირაში უკეთესად უნდა გვეთამაშა.
ახლა კიდევ ერთი შანსი გვაქვს და ჩემი აზრით, როცა ცუდად ითამაშე, მომხდარზე აღარ უნდა იფიქრო; მომდევნო გამოწვევას უნდა დაელოდო და ეს გამოწვევა გვექნება ხვალ, ჩვენი გულშემატკივრებისა და ისტორიისთვის უდიდეს მტერთან. ახლა გონებაში მხოლოდ ეს მიტრიალებს და ისიც, რომ ხვალ დიდი შანსი გვაქვს. როგორც ვთქვი, უნდა გავიტანოთ გოლი და არ გავუშვათ, შემდეგ კიდევ ერთი მატჩი გვექნება".
ერერამ ხაზი გაუსვა "ოლდ ტრაფორდის" რწმენას და ახსნა, თუ რამდენად სურთ ფეხბურთელებს გამარჯვება: "ვიცით, რას ნიშნავს გულშემატკივრებისთვის ეს, რადგან უკვე გაგვიკეთებია. წარმომიდგენია, როგორი კვირა გვექნება წინ, თუ მათ დავამარცხებთ, რამდენად ბედნიერები იქნებიან ჩვენი ფანები და როგორ გამოავლენენ ამას. გვინდა, ისინი გავაბედნიეროთ და სიამაყის მიზეზი მივცეთ, რადგან ისინი ყოველთვის გვიჭერენ მხარს და ამის გასაკეთებლად ყველგან მოგზაურობენ.
მათ ბევრი რამ უნდა მივცეთ, ეს მატჩი კი მცირედის მიცემის საშუალება მაინც არის, ასე რომ, ჩვენი ოცნება, ჩვენი სწრაფვაა - ხუთშაბათს მოგება და მათთვის კარგი მოსაგონარის მიცემა!"