ფილ ჯონსი, ანტონიო ვალენსია და მარუან ფელაინი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში დაბრუნებასთან ახლოს არიან, მაგრამ ლუი ვან გაალი მათ გამოყენებას საწყის ეტაპზე 21-წლამდელთა გუნდში ამჯობინებს.
შესაძლოა, მწვრთნელი კვლავ შეზღუდული იყოს თავის არჩევანში, თუმცა დაცვითი ფუნქციების მატარებელი ორი ფეხბურთელი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ისევე, როგორც ბელგიელი, რომელმაც "იუნაიტედში" თავისი პირველი გოლი სწორედ "შაშვებს" გაუტანა. "ფეხბურთელები ბრუნდებიან, მაგრამ ჩვეულებრივ, ისინი ვერ ითამაშებენ, რადგან მატჩის რიტმი უფრო მაღალია. ასე რომ, უფრო მეტად უნდა ვავარჯიშოთ და მეორე გუნდში ვათამაშოთ. შესაძლოა, იმიტომ, რომ ვითარება მაიძულებს, რისკი უნდა გავწიო, როგორც ეს მარკოს როხოს შემთხვევაში გავაკეთე, მაგრამ როცა იძულებული არ ვარ, ამას არ გავაკეთებ.
ბევრ ფეხბურთელს შეუძლია კვირას დაბრუნება, მაგრამ საქმე იმაშია, რაც უკვე ვთქვი - არ მინდა გარისკვა. ვალენსია ბრუნდება, ფელაინი ბრუნდება, ჯონსი ბრუნდება. ბევრი ფეხბურთელი ბრუნდება და წინა პრესკონფერენციაზეც ვთქვი", - განაცხადა ვან გაალმა.
21-წლამდელთა გუნდი ორშაბათს სათასო მატჩზე "ოლდჰემ ატლეტიკს" შეხვდება.
ამავდროულად, მიმდინარე თვეში დაბრუნება შეუძლიათ ეშლი იანგსა და ბასტიან შვაინშტაიგერს, ხოლო უილ კინი ოპერაციის გაკეთების შემდეგ უკვე გამოჯანმრთელდა.
"უილის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, როგორც ეშლი იანგის. თითქმის ერთნაირი ოპერაცია გაიკეთეს. სამშაბათს გვიბრუნდება და იმედი მაქვს, ისევე სწრაფად დაბრუნდება, როგორც ეშლი იანგი, რადგან მარტში ისიც ჩვენთან ერთად იქნება. შვაინშტაიგერი მომდევნო კვირაში პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეძლებს".