ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ აუცილებლობიდან გამომდინარე ახალგაზრდა ფეხბურთელების შეყვანა პირველ გუნდში, სხვა ფეხბურთელებს ენერგიით ავსებს.
ახალგაზრდა მარკუს რაშფორდმა, რეგან პულმა, მეკარე ჯოელ კასტრო პერეირამ, დონალდ ლავმა და ჯო რაილიმ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ორმა უკანასკნელმა უკვე ჩაატარა სადებიუტო მატჩები, ხოლო კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და გილერმო ვარელა, რომლებიც ასევე აკადემიის ფეხბურთელები არიან, მიმდინარე სეზონში უკვე რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას იღებენ.
ვან გაალი, რომელმაც დაადასტურა, რომ რაშფორდი ერთ-ერთი არჩევანი იქნება "მიდტიულანდთან" მატჩისთვის, მოხარულია სახელოვანი ფეხბურთელების ახალგაზრდებთან ურთიერთობით.
"რა თქმა უნდა, ამიტომაც გვყავდა პატარა გუნდი სეზონის დასაწყისში, რადგან ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდებს აძლევ შანსს.
ყოველთვის მჯერა ახალგაზრდა ფეხბურთელების, თუ როგორ სტიმულს აძლევენ ისინი სხვა ფეხბურთელებს და როგორ უმჯობესდება ატმოსფერო გასახდელ ოთახში. ახლა ასეთი რამეები ხდება.
ასევე მჯერა, რომ პირველ მატჩში კარგად ითამაშებენ და შესაძლოა, მეორეშიც, მაგრამ როცა მესამე შანსს იღებ, უკვე თანმიმდევრულობის საკითხი დგება და ახალგაზრდებისთვის ესეც მნიშვნელოვანია".
მარკოს როხო ევროპის ლიგის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იქნება, ანტონიო ვალენსია და ადნან იანუზაი კი დაბრუნებასთან ახლოს არიან.
"ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება, რადგან არასდროს მქონია ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშის საშუალება. ყოველთვის შეცვლა მიწევს, რადგან ერთსა და იმავე პოზიციაზე ბევრი ტრავმირებული გვყავს, ამიტომ ასეთ პოზიციაზე ვაყენებ ფეხბურთელს, რომლისთვისაც ეს როლი უჩვეულოა. ამგვარად, ახლა ყველაფერი ძალიან რთულდება და ასეთი პატარა სელექციით, დაახლოებით 13-14 ძირითადი ფეხბურთელით სრული პროგრამით ვერ ითამაშებ.
ჯერ კიდევ სამ ტურნირზე ვართ, ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის ამით. გვინდა, ასე გაგრძელდეს, რადგან ევროპის ლიგა მნიშვნელოვანია, ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს გვაძლევს, ინგლისის თასიც მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია არ მოგვივია. ლიგაში მეხუთე ადგილზე ვართ, ოთხეულში მოხვედრა კი ისევ შეგვიძლია".