ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უნდა ენდოს, თორემ "ოლდ ტრაფორდზე" ცხოვრება "ძალიან გაუჭირდება".
როგორც მოსალოდნელია, ჰოლანდიელი მწვრთნელი 2017 წლის ივნისში, როცა მისი კონტრაქტი ამოიწურება, "იუნაიტედს" დატოვებს და სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს, თუმცა ადვილი შესაძლებელია, რომ საქმე აქამდეც კი არ მივიდეს და ვან გაალი მიმდინარე სეზონის ბოლოს გაათავისუფლონ.
ვან გაალმა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა შანსი, რომელთა შორის კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და ჯესი ლინგარდი ენტონი მარსიალთან ერთად ყველაზე შთამბეჭდავ სეზონს ატარებენ.
ჰოლანდიელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მის მემკვიდრესაც იგივე მიდგომა უნდა ჰქონდეს, ამიტომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება ფრთხილად უნდა მიიღოს.
"ვიმედოვნებ, მომავალში ხალხი წარსულს გადახედავს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემს გაზრდილებს უწოდებს, მაგრამ შეიძლება არც არასდროს თქვათ.
მომდევნო მწვრთნელმაც უნდა გამოავლინოს რწმენა ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი. ასე რომ, მე ვერ განვსჯი.
ჩემი წასვლის შემდეგ "იუნაიტედი" თუ არ დაიქირავებს მწვრთნელს, რომელიც ახალგაზრდებს ენდობა, ძალიან გაუჭირდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამაც უნდა გადახედოს ახალი მწვრთნელის მიდგომას.
მომდევნო მწვრთნელის შესახებ აზრს თუ მკითხავენ, ჩემს შეხედულებას გავუზიარებ და ამის შემდეგ შეუძლიათ, ის გააკეთონ, რასაც ისურვებენ.
მაგრამ მე ჩემს უფლებებათა ზღვარს არასდროს ვცდები და როცა წავალ, ვერც გავლენას მოვახდენ, ვერც ჩავერევი", - აცხადებს "იუნაიტედის" მწვრთნელი.