ვიქტორ ვალდესი სეზონის ბოლომდე ბელგიაში ითამაშებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი, ესპანელი კიპერი ვიქტორ ვალდესი კარიერას ბელგიაში გააგრძელებს, სადაც სეზონის ბოლომდე "სტანდარტის" ღირსებას დაიცავს.
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი კარის დარაჯი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის დახმარებით ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2014 წლის ოქტომბერში, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და დავიდ დე ხეას დუბლიორობას დათანხმდა. ვიქტორმა "ეშმაკების" მაისურით ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გასული სეზონის მიწურულს ჰოლანდიელ სპეციალსტთან უთანხმოების გამო გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება ჩამოერთვა. როგორც თავად ლუიმ განაცხადა, ვალდესმა არ ისურვა ფილოსოფიას მიჰყოლოდა და რეზერვებში თამაშზე უარი განაცხადა, ვან გაალის თქმით ასეთი მოთამაშეები არ არიან ღირსნი "იუნაიტედში" ირიცხებოდნენ.
"წითლების" დამრიგებელმა ვალდესი წინასასეზონო ტურნეზეც არ წაიყვანა, მეტიც სეზონის წინ მან კიდევ ერთი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე კიპერი სერხიო რომერო დაიმატა. ვალდესს კლუბის დატოვება ზაფხულშივე სურდა, თუმცა მოლაპარაკებები "ბეშიქაშათან" კრახით დასრულდა და ვიქტორმა თურქეთში გადაბარგება ვერ მოახერხა.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ შეუშლიდა ხელს ესპანელ მეკარეს და მას სრულიად უსასყიდლოდ გაასხვისებდა, თუკი მისი მსურველი გამოჩნდებოდა, თუმცა პრაქტიკის ნაკლებობის გამო როგორც ჩანს ვალდესის გადაბირებას ყველა ერიდებოდა.
მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ვალდესი "იუნაიტედის" მადლიერია და ამას ღიად გამოხაავს, საკუთარ ტვიტერზე:
"დიდი მადლობა ყველას, ამ თვეების მანძილზე გვერდში დგომისთვის, ამას არასდროს დავივიწყებ.
მალე შევხვდებით!