თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2016, 20:53
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 5186,
კომენტარები: 16
წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში
ნაწილი 1, ანუ წითელი გზა "ოლდ ტრაფორდამდე".
წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში
თუ მიცნობთ, იმასაც მიხვდებოდით, რომ როცა რაღაც მთელი გულით მინდა, როცა ოცნებას დავისახავ, მერე მთელი არსებით ვიწყებ მისკენ სწრაფვას და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამოღებულ მიზანს ზუსტად მოვარტყა. ჰოდა, ამჯერადაც უბრალოდ ვთქვი, რომ წავიდოდი. ვიცოდი, მთელი გულით მჯეროდა. ყველა რვეულის ბოლო ფურცელს ამშვენებდა ფრაზა: "დამელოდე, ძვირფასო "ოცნების თეატრო".

დამღლელი დღეები იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაზე სასიამოვნოდ - მანჩესტერზე ფიქრით. მაგრამ არა, გატყუებთ... ბევრს ამაზე ვერ ვფიქრობდი. როცა წარმოვიდგენდი, რას განვიცდიდი მათ შორის დგომისას, იმ ატმოსფეროს ნაწილად ქცევისას, რომლითაც მილიონობით ადამიანი ამაყობდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ ისინი ჩემ წინ დაიღვრებოდნენ ოფლად, როცა წარმოვიდგენდი, რომ ისინი ჩემკენ გამოიშვერდნენ ხელს და ტაშით მეც მომიძღვნიდნენ მადლობას გაწეული "სამსახურისთვის", გული წამიერად ფეთქვას წყვეტდა. სწრაფად ვხუჭავდი თვალებს და ფიქრს ვწყვეტდი, ღრმად ჩავისუნთქვადი, რომ შემძლებოდა სუნთქვის გაგრძელება. შეუძლებელი იყო! ჯანდაბა! მე ამაზე ფიქრიც კი მკლავდა. მაგრამ "მშვიდად" ვიყავი. ასეთი გულის შეტევა ჯერ კიდევ დიდი ხანი არ მელოდა. ეს სამომავლო პერსპექტივა იყო. ეს იქნებოდა ჩემი დაუღალავი შრომისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგი, მაგრამ ალბათ, 10, 20 ან 30 წლის შემდეგ. რას ვიფიქრებდი, თუ ასე მალე გათენდებოდა "21 აგვისტო"?

დიახ... "21 აგვისტო." "21 აგვისტო" დავარქვი მე ბედნიერებას, ოცნების ასრულებას, სუნთქვის შეკვრას, გულის გამალებით ცემას.. ახლაც მახსოვს, როგორი გაბრუებული გავედი „ბაქსვუდის“ სტადიონზე, 200-მდე ადამიანის წინ. ჯერ არც კი ვიცოდი, რა ხდებოდა. ექიმი მოიყვანეთო, ამის გული ვერ გაუძლებსო. ინგლისიო. ინგლისში მიდისო. თითქოს ისევ ისე გაჩერდა ყველაფერი ირგვლივ, როგორც ერთი წლის წინ, მაგრამ ჯერ დაჯექი კიდევ რაღაც უნდა გითხრათო და ამის შემდეგ მხოლოდ ერთი წინადადება მახსოვს: "ყველამ იცით, რომ მარიამს აქვს ოცნება, ბატონმა სანდრომ კი გადაწყვიტა, ეს ოცნება აესრულებინა მისთვის. მარიამი "მანჩესტერის" თამაშს დაესწრება, თანაც "ოლდ ტრაფორდზე". გამაჟრიალა? არაა... დამცხა? არა... ძალა გამომელია? წავიქეცი? ვიტირე? ვიყვირე? არაა... არ ვიცი, რა გავაკეთე. არ ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. ეს არ იყო უბრალო ემოცია. ეს ყველაფერი ერთად იყო! დამიჯერეთ, არ არსებობს გრძნობა იმაზე უკეთესი, როცა იცი, რომ ვიღაცას შენი ესმის, როცა ხვდებიან რამდენს ნიშნავს ეს ერთი შეხედვით უბრალო სტადიონი შენთვის, და როცა შენი ოცნება რეალობა ხდება...

მე იმ წუთას ათასჯერ მოვკვდი და თავიდან დავიბადე. ჩემი გონება მხოლოდ ერთმა ფიქრმა მოიცვა. ირგვლივაც კი გამიწითლდა ყველაფერი. იმდენს ვფიქრობდი, რომ უკვე აქედანაც კი შემეძლო შევხებოდი! ჩემი გულისცემა იმდენად მაღალი იყო, მეგონა უკვე "ოლდ ტრაფორდზე" ესმოდათ. ჯანდაბა! მე ჯერ მხოლოდ 18 წლის ვიყავი. ეს სხვა დროს უნდა მომხდარიყო. მე ჯერ არა... ღმერთო! მართლა რეალობა იყო... არ იყო სიზმარი, რეალობის აღქმის უფლებას მხოლოდ ჩემ ირგვლივ მოტრიალე ხალხი, თბილი ჩახუტებები და "გილოცავ" მაძლევდა.

ლოდინი. ლოდინი იყო ყველაზე ტკბილი და ამვდროულად ყველაზე მტკივნეული. მტკიოდა ყოველი წუთი 26 სექტემბრამდე და თან, რაც უფრო იწელებოდა, მით უფრო სასიამოვნოს, ამაღელვებელს ხდიდა ამ ყველაფერს. აეროპორტში მხოლოდ მანჩესტერი მედგა წინ. ვერც მონატრებული ჰასტინგი მოვისიყვარულე, ვერც ლონდონში შევამჩნიე ვერაფერი განსაკუთრებული, ის ქალაქი ისე აღარ ბრწყინავდა, როგორც შარშან, განა იმიტომ, რომ ემოციური კავშირი დავკარგე, ან მან დაკარგა თავისი დიდებულება... არა... მე ორ დღეში უკვე მანჩესტერის მიწაზე უნდა დამედგა ფეხი და ამის ფონზე არაფერს ჰქონდა ფასი, თვით დიდებულ ლონდონსაც კი.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


ბილეთები ავიღე. უკვე ხელში მეჭირა. ბავშვებმა დამსვეს არ წაიქცეო. იმის მერე აღარც მახსოვს, როგორ მივედი სახლში. ვერ დავიძინე. რა დამაძინებდა! მეორე დღეს "იქ" მივდიოდი. არასდროს გაწელილა დრო ასე ძალიან. არასდროს ყოფილა ღამე ასეთი გრძელი. ხომ შეიძლებოდა, მალე დამდგარიყო 7 საათი? 7 საათის ნაცვლად 6 საათზე დავიწყე მომზადება. სტატუსში მოვნიშნე, რომ მანჩესტერში მივემზავრებოდი და თავადაც არ მჯეროდა, რომ ეს მართლა რეალობა იყო. უკვე თბილისშივე მანჩესტერისთვის საგანგებოდ გამზადებული ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და გავუდექი გზას.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


საშინლად ციოდა, მაგრამ ყურსასმენებში გაჟღერებულმა მუსიკამ ესეც დამავიწყა. მთელი ხუთი საათი ვუსმენდი, როგორ მივყავდი მატარებელს სახლში. ათასჯერ მაინც მოვუსმინე, მაგრამ მეათასეჯერ უფრო მძაფრად განვიცადე. ვიყურებოდი ფანჯრებიდან და ვხედავდი, როგორ მიმაქროლებდა ეს ჩემთვის უკვე ყველაზე საყვარელი ტრანსპორტი ჩემი ქალაქისკენ და როგორ იტოვებდა კილომეტრებს უკან, როგორ მიისწრაფვოდა ოცნების ახდენისკენ. მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე მე წარმომედგინა.

ლონდონში ჩავედი. დაბნეული მივაბიჯებდი. არ ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. ამდენი ემოციისგან გადაღლილი და თან ენერგიით სავსე მივაბიჯებდი, ათასი გვირაბი გავიარე, ათასი ექსკალატორი ავიარ-ჩავიარე და ბოლოს მივადექი სასურველს. თვალები გამიფართოვდა და დავიკავე ადგილი რიგში. უკვე ცხელოდა. ქურთუკი შევიხსენი და ჩემმა წითელმა ფორმამაც გამოანათა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემ უკან მდგომ რიგს გავხედე და თავისუფლად ვიტყვი, რომ იმ მომენტში პირველად ვიგრძენი, რომ არ ვიყავი მარტო. ჩემ უკან მთელი წითელი არმია იდგა. ბავშვები, ქალები, კაცები, მოხუცებულები, რომლებსაც სიარულიც კი უჭირდათ, მაგრამ ერთი ადგილისკენ ყოველთვის შეეძლოთ წასვლა. იმდენ ხანს ვიყავი გართული ჩემს ფიქრებში და იმდენ ხანს ვტკბებოდი ჩემ უკან მდგარი წითელი რიგით, რომ ბილეთის შემმოწმებლებმა რამდენიმეჯერ დამიძახეს. გამეცინა, ბილეთი მივაწოდე და დავიწყე სასურველი ადგილის ძებნა. როგორც იქნა, მივაგენი და კუთვნილ სკამში ჩავესვენე.

აქ უკვე ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი. რა მექნა? რა გამეკეთებინა. მე სამ საათში მანჩესტერში ვიქნებოდი. სულ რაღაც სამ საათში. ვინ იცის, რამდენჯერ მიოცნებია, რამდენჯერ აღფრთოვანებით მილაპარაკია ამ ოცნებაზე, რამდენჯერ გიჟის იარლიყიც აუკრიათ ჩემთვის.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


ვინ იცის, რამდენჯერ დამიწერია, რომ ლონდონში წითელი მაისურით ჩავჯდებოდი მატარებელში და წავიდოდი მანჩესტერში, რამდენჯერ წარმომედგინა, რას ვიგრძნობდი, მაგრამ არა. ეს სულ სხვა იყო. სამი საათი მაშორებდა ჩემთვის, შენთვის, ყველასთვის სასურველ ადგილს. იმდენად ვიყავი აფორიაქებული, რომ აღარ ვიცოდი, ჩემი თავისთვის რა მომეხერხებინა. ვეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, მაგრამ ამითაც ვერ მოვახერხე გულის დამშვიდება. როგორ მოვახერხებდი, როცა ირგვლივ სულ წითელფორმიანი ეშმაკუნები მეხვივნენ? როგორ შევძლებდი, როცა გვერდით მეჯდა დაახლოებით 60-70 წლის ქალი და გულმოდგინედ კითხულობდა სტატიას ჩვენს კაპიტანზე; როგორ შევძლებდი დამერეგულირებინა სუნთქვა, როცა 4-5 წლის ბავშვები "მანჩესტერის" მაისურით აქეთ-იქით დარბოდნენ და საოცარი განსხავავებული ღიმილით იღიმოდნენ.

უეცრად მზერა წინ გამექცა, ერთ ადგილზე მიმეყინა და მოხუცი წყვილის გარდა ირგვლივ წამიერად ყველაფერი გაქრა ჩემთვის. ხანში შესული ცოლ-ქმარი, ერთმანეთზე ჩახუტებულები, მანჩესტერის მაისურით. გამეღიმა, მაგრამ თან ვიგრძენი, როგორ ამევსო თვალები ცრემლებით. დიდხანს ვუყურებდი და ბოლოს ჩემთვის ჩავილაპარაკე: "მე მათნაირად დავბერდები".

ამდენ ფიქრში მანჩესტერსაც მივუახლოვდით და ვიგრძენი, რომ მატარებელი სვლას ანელებდა. აი, ეს იყო სიკვდილის ტოლფასი. მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა უკვე თავში: "ღმერთო, ოღონდ ახლა გავუძლო, ოღონდ ახლა არ წამივიდეს გული, ოღონდ ახლა მანახე ის და სრულყოფილად განმაცდევინე ბედნიერება. მხოლოდ ახლა მჭირდება ეს ძალა. ოღონდ ახლა გამაძლებინე ამ ბედნიერებისთვის." დავამთავრე თუ არა ჩემს თავთან ჩურჩული, დათქმულივით გაჩერდა მატარებელი. გაჩერდა და ნელ-ნელა ვაგონიც გაიცალა. მე კი მეშინოდა. მეშინოდა ჩასვლის და იმის, რომ ფეხს ვერ დავადგამდი, ვერ გავუძლებდი.

ფიქრის დრო აღარ მქონდა. მე მხოლოდ რამდენიმე საათით ვიყავი საოცნებო ქალაქში და თითოეული წამი უნდა გამომეყენებინა. ღრმად ჩავისუნთქე, ჩანთას ხელი ჩავკიდე და მატარებლიდან კი არ ჩავედი, ჩავფრინდი. გადმოვდგი თუ არა ფეხი, ძვლივს მოკრებილი სიმშვიდე და გამბედაობა წამში გაცამტვერდა, როცა ჩემი თვალები წააწყდა წარწერას: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მანჩესტერში". ისევ ის ემოციები, ისევ აჩქარებული გული, ისევ ხშირი სუნთქვა...

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


გარეთ გავედი. "პიკადელის" სადგურზე ვიყავი. ვიყურებოდი ირგვლივ. ჩანთა ძირს დავაგდე და გადავწყვიტე, რამდენიმე წუთით ხალხს დავკვირვებოდი. თუმცა დიდი დრო არც დამჭირვებია. 26 სექტემბერი იყო, მატჩის დღე, ამ დროს ყველას ერთი რამ ეწერა სახეზე: მოუთმენლობა, მოლოდინი, იმედი და გამარჯვების დაუოკებელი სურვილი. ალბათ, ერთ ადამიანსაც ვერ იპოვნიდით, ვისაც არ ანაღვლებდა, რას იზამდა 11 კაცი იმ დღეს "ოლდ ტრაფორდზე". ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ სახეებს და კიდევ ერთხელ ვხვდებოდი, რომ ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა. ირგვლივ დავტრიალდი, თვალები დაუკითხავად დარბოდნენ აქეთ-იქით, ტუჩებიც თავისდაუნებურად მოძრაობდნენ და ჩემს თავთან ბურტყუნს განაგრძობდნენ: "მართლა აქ ვარ თუ უბრალოდ მესიზმრება? თუ უბრალოდ იმდენად დიდია ამ ყველაფრის შეგრძნების სურვილი, რომ ოცნებაში მეტისმეტად ზევით ავიჭერი?" მაგრამ არა... ყველაფერი საოცრად რეალური და ,ამავდროულად, საოცრად ზღაპრული იყო.

მივაბიჯებდი და ვეძებდი სასტუმროს, რაც შეიძლება მალე უნდა დამეგდო ჩანთა და მალე წავსულიყავი იმ დიდებული შენობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ გზა არც ისე დიდი იყო, რამდენიმე საინტერესო თავგადასავლის გავლა მაინც მოვასწარი. ჯერ გაოცებული უყურებდა ხალხი ჩემს ზურგზე მოგდებულ "რედარმის" დროშას, რამდენიმემ გამაჩერა და მკითხა კიდევაც, სად შეიძლება მსგავსი ვიყიდოო, მე კი მეღიმებოდა და სიამაყით ვპასუხობდი: "ეს "მანჩესტერის" ქართული ფან-კლუბის დროშაა-მეთქი". მათ კი აღფრთოვანებისა და სითბოს ღიმილი სახიდან არ შორდებოდათ.

კითხვა-კითხვით მივდიოდი დანიშნულების ადგილისკენ. ერთი ფერადკანიანი ახალგაზრდა ბიჭიც გავაჩერე, რომ სასტუმროს მისამართი მეკითხა, მან კი საპასუხოდ თეთრი ვარდი გამომიწოდა და მომიბოდიშა, რომ ვერ მეხმარებოდა. ისევ ერთ ადგილას გავშეშდი. არ მჯეროდა, რომ ამ ქალაქს ამხელა პოზიტივის მოცემა შეეძლო. აქ სადგურის შემდეგ პირველად წააწყდა ჩემი თვალები წარწერა "მანჩესტერს", თან გვერდით წითელი ბურთულა ამშვენებდა, რა თქმა უნდა, მე ეს ყველაფერი ქალაქის სიწითლეს მივაწერე.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


გზა განვაგრძე. გზად მოსეირნე წყვილი შემხვდა, მორიდებით ვიკითხე სასტუმროს მისამართი, მათ კი დიდი სიამოვნებით მიმაცილეს ადგილამდე. გზაში ვინაობა მკითხეს და გაოცდნენ, როცა გაიგეს, რომ საქართველოდან ვიყავი. ჯერ გამიხარდა, რომ იცოდნენ ჩვენი ქვეყნის შესახებ, მერე ამაყი ვიყავი, რადგან მოვახერხე მათი აღფრთოვანება. ცოტა გამაბრაზეს კიდეც, ისინი მანჩესტერში ცხოვრობდნენ, გული კი მანჩესტერულად არ უძგერდათ. ჩემთვის ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ამხელა ბედნიერება გქონდეს, შეგეძლოს ყოველ წამს უყურებდე "ოცნების თეატრს", ყოველ კვირა გახდე წითელი არმიის ნაწილი, შენ კი ამ დროს მშვიდად სეირნობდე ქუჩაში ან გეძინოს სახლში. არა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. თუმცა ისეთი სითბოთი და ღიმილით დამემშვიდობნენ, მაინც დატოვეს პოზიტივი ჩემში და მეც ჩემდაუნებურად გამეღიმა.

სასტუმროში რომ მივედი, სულ დამავიწყდა წინასწარ "ოლდ ტრაფორდისთვის" გამზადებული პლაკატები, მხოლოდ დროშები ავიღე და ჩანთა დავტოვე. გამოვვარდი, ცოტა წავიხემსე კიდეც, გული რომ არ წამსვლოდა, თორემ ემოციებს ისე ვყავდი ატანილი, ორი დღის უჭმელობა საერთოდ აღარ მახსოვდა. დავიწყე ფიქრი, როგორ მოვხვედრილიყავი "ოლდ ტრაფორდზე", რას გავყოლოდი, რა გზას. მერე ირგვლივ მიმოვიხედე და საკუთარ ფიქრებზე მე თვითონ გამეცინა, აქ ხომ დღეს ყველა ერთი მიმართულებით მიდიოდა და ეს მიმართულება "ოცნების თეატრისკენ" იყო. მაინც ამოვირჩიე მოხუცებული ქალი და ახალგაზრდა ბიჭი და მათთან მივაჭერი, შემომთავაზეს გავყოლოდი და მეც დაუფიქრებლად მოვკიდე დროშებს ხელი და უკან გავყევი. არ ვიცი საიდან, როგორ, მაგრამ ეს წითელი მაისურები საოცარ ნდობას და სითბოს ბადებდა ჩემში.

მეტრომდე მისასვლელ გზას ყურადღებით ვსწავლობდი, მე აქ კიდევ უნდა დავბრუნებულიყავი და შემდეგ უკვე თავად უნდა გამეგნო. მივუახლოვდით თუ არა გაჩერებას, გულმა ფეთქვა შეწყვიტა. შორიდანვე მომესმა სანატრელი ჩანტების ხმა, შორიდანვე ჩააღწია ჩემს ყურებამდე მატარებელზე ხელების დარტყმით გამოწვეულმა ხმაურმა. ღმერთო, ისინი ნამდვილი გიჟები, არანორმარულები იყვნენ! მატარებლის ბოლო ვაგონი გაჩერდა ჩემ წინ და გაბრუებულმა, მხოლოდ უკვე ადგილზე მყოფმა, აღმოვაჩინე, რომ მაინცდამაინც იმ ვაგონის 70 პროცენტი „სანდერლენდის“ ფანებს ეკავათ. 20-30 მანჩესტერელი თუ იქნებოდა ვაგონში მხოლოდ, მე კი ჩემ ბედად „სანდერლენდის“ ფანებს შორის აღმოვჩნდი. გამომწვევად იყურებოდნენ და განაგრძობდნენ თავისებურად მანჩესტერლების „მოკითხვას“. ვეღარ გავძელი, ჩემ წინ ხალხის ბრბო გავაპე და როგორც კი მანჩესტერლებთან დავიგულე თავი, დავუდექი წინ „შავ კატებს“ და წითელი ეშმაკური სულით მთელი მონდომებით დავიწყე "მანჩესტერის" ჩანტების სიმღერა. ჯერ გაოცებულები მიყურებდნენ, შემდეგ ხალხი ამყვა და ამაყად ვიტყვი, რომ რამდენიმე მანჩესეტერელმა მთელი ვაგონი სანდერლენდის ფანები დავჯაბნეთ. მზერა ეკრანისკენ გამექცა, სადაც ნათლად ეწერა: "შემდეგი გაჩერება - ოლდ ტრაფორდი."

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


აღარც სიმღერის და აღარც ემოციების გამოხატვის თავი მქონდა. ერთიანად დამცხა და ბოძს ხელი მაგრად მოვუჭირე,რომ არ წავქცეულიყავი. გაჩერდა და მთელი მატარებელი ჩაიცალა. ჩემთვის უკვე ნაცნობი ბიჭი დამეწია და მითხრა: "აქედან ჩემთან ერთად ვეღარ ივლი, მაგრამ შენც ხვდები, რომ ყველა ერთი მიმართულებით მიდის და უბრალოდ მიყევი მათ შენი ოცნებისკენ." თბილად გამიღიმა და გამშორდა.

მე ღიმილის თავიც კი აღარ მქონდა, ინსტიქტურად ვმოძრაობდი. იმდენად ვყავდი ემოციებს შეპყრობილი, რომ მუხლები ამიკანკალდა. ვერც ის ვიგრძენი, როგორ შემომახვიეს კაშნე ყელზე, ვერც ის, როგორ მივყვებოდი ბრბოს, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როცა სერ მეტ ბასბის ქუჩას მოვკარი თვალი.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


აი, აქ უკვე ჩემი აცახცახებული სხეული საოცარი ენერგიით დაიმუხტა, გავგიჟდი, გადავირიე და იმ შერეკილი ბრბოს ნაწილი გავხდი ჩემდაუნებურად. მივდიოდი და მათ ვყვებოდი. თან ყურადღებით ვათვალიერებდი წარწერებს ჩემ ირგვლივ. თითქმის არაფერი გამომპარვია, უბრალოდ სურათების გადაღების არც დრო მქონდა, არც უნარი და არც სურვილი. იმ მომენტში ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო გაპრანჭული სურათები "ოლდ ტრაფორდის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი მეგობარი ხშირად ამბობს ხოლმე: "რაღაცები უნდა დაიმახსოვროო"-, ხოდა მეც მოვყევი ყველაფრის დამახსოვრებას და თამამად ვიტყვი, რომ ახლა თვალების დახუჭვისას ნათლად მიდგება თვალწინ ის გარემო, თავისი თითოეული შტრიხითა და დეტალით, იმ ადამიანებით. რამდენიმე სურათი მაინც გადავიღე, გულმა არ მომითმინა.

ყველაფერი "მანჩესტერულად" იყო დაარსებული. კვების ობიექტები, ტანსაცმლის მაღაზიები თუ სუვერინები... ყველაფერს დიდებული ლეგენდების სახელები ერქვა. ისე კრეატიულად იყო მოწყობილი, არც გაკვირვებას იწვევდა, თითქოს თბილისშიც "კინგ ბურგერი" კანტონას საპატივსაცემოდ ერქვა...

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


იმ გზაზე მივდიოდი, სურათებში ათასჯერ რომ მაქვს დათვალიერებული და ნანახი. მაგრამ ჯერ კიდევ "ოლდ ტრაფორდი" არ ჩანდა.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


მივდიოდი და ის-ის იყო დიდებული "ოლდ ტრაფორდი" უნდა გამოჩენილიყო ჩემ წინ, რომ მზერა ერთ ადამიანზე გამიშეშდა. წითელ მაისურში, დაახლოებით 70 წლის ქალი ყავარჯენზე დაყრდნობილი მთელი მონდომებით მიეშურებოდა "ოლდ ტრაფორდისკენ". თვალები ისევ ამიცრემლიანდა, ის წესიერად ვერც კი დადიოდა, მაგრამ "ოცნების თეატრისკენ" წასვლის ძალას ყოველთვის პოულობდა საკუთარ თავში. მინდოდა, როგორ მინდოდა, რომ მისნაირი ვყოფილიყავი. სასწრაფოდ მოვიმარჯვე აპარატი, ეს მომენტი უბრალოდ უნდა დამეფიქსირებინა...

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში


მარჯვნივ გავიხედე და ცხენებზე შემომჯდარი პოლიციელები დავინახე, სიხარულისგან ხტუნვას ვიწყებდი, მაგრამ ვისღა ეცალა, მარცხნივ "ოლდ ტრაფორდი" მედგა თავისი დიდებულებით. ღმერთო!!! არ იყო ეს ჩვეულებრივი ემოცია. ჯანდაბა, ჯანდაბა! არ ვიცი, რა სიტყვებით, რა ემოციებით გადმოგცეთ. უბრალოდ, თუ გქონიათ ოცნება, თუ როდესმე მასზე ფიქრში ჩაგძინებიათ და თვალებგახელილი მთელი არსებით მიისწრაფვოდით მისკენ, მაშინ, ალბათ, გამიგებთ... გამიგებთ თუ გეტყვით, ეს მისწრაფება იმით დასრულდა, რომ "ოლდ ტრაფორდის" წინ მდგარმა თვალები ისევ დავხუჭე და როცა გავახილე, საკუთარ საძინებელში კი არა, მანჩესტერში, "ოლდ ტრაფორდის" წინ ვიდექი და მე მას პირისპირ ვუყურებდი.

წითელი ოცნებიდან წითელ რეალობაში
ბლოგი
16 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2016 09:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სტადიონზე შებიჯება? გოლის მომენტი? თამაშის მერე? ეს ყველაფერი სადა? აიი ხო ძალიან დამმუხტა ასევე ნაკლებად სიამოვნებაში დამტოვა. უფრო მეტის კითხვა მინდოდა
0
№12
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 09:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ნაწილი პირველიო, აკო, ეგ მომდევნოში იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2016 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

არ მქონდა ნანახი sad
0
№14
ავტორი: temo-scholes
21 იანვარი 2016 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
აიიი მარიამ პირველ რიგში უდიდესი მადლობა იმისთვის რომ ჩვენ ყველა ასე დიდი ემოციებით აგვავსე და გაგვაგიჯე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... love
შემდეგ ამისა შემიდზლია დავიფიცო, რომ როცა ვკითხულობდი ცჰემი თავიც იქვე ოლდ ტრაფორდთან ახლოს მეგონა love love
0
№15
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2016 13:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დამბურძგლა დედას გეფიცები
0
№16
ავტორი: tedore
21 იანვარი 2016 21:56
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მადლობა მარიამ ამ ემოციებისთვის, ზუსტად იგივეს გადმოსცემ რასაც თითოეული ჩვენთაგანი...ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა...მეც თუ ოდესმე მოვხვდები მანჩესტერში და ოლდ ტრაფორდზე, დარწმუნებული ვარ იგივე განცდები მექნება რაც შენ...მოუთმენლად ველოდები მომდევნო ნაწილს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top