მოგეხსენებათ, ბოლო პრესკონფერენცია ვან გაალისთვის მაინც და მაინც წარმატებული და სასურველი არ აღმოჩნდა, რადგან იგი დისკომფორტს განიცდიდა ბოლო დროინდელი ჭორების გამო და პრესას ცილისწამებაში ადანაშაულებდა.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ტაბლოიდებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა მიყენებული ცილისწამებისთვის და მისი მოთხოვნა, ბრიტანულმა პრესამ მეორე დღესვე გაითვალისწინა.
Sun Sport-ის დღევანდელი გამოშვების ყდა მთლიანად ბოდიშის მოხდას მიეძღვნა, სადაც ჟურნალისტები ვან გაალს ბოდიშს შემდეგნაირად უხდიდნენ :
→ შენ არ მოგიგია ბოლო ექვს თამაშში - ბოდიში.
→ შენ ჩამოქვეითდი პირველი ადგილიდან მეხუთეზე - ბოდიში.
→ შენ გამოვარდი ჩემპიონთა ლიგიდან - ბოდიში.
→ შენ ცრემლებამდე მოაბეზრე თავი ფანებს - ბოდიში.
→ ამ ყველაფრისთვის კი 250 მილიონი დახარჯე - ბოდიში.
ჟურნალისტებმა არ იკმარეს ამგვარი ცინიზმი და ყდის ბოლოში "იუნაიტედის" გულშემატკივრებს მესიჯი დაუტოვეს.
⇢ „გულახდილად ვწუხვართ "იუნიატედის" ფანებო - ის რჩება“