"ვოლფსბურგთან" მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, განსაკუთრებით კი- ლუი ვან გაალი. სწორედ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა ჯესი ლინგარდმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში:"თამაშობდე "მანჩესტერ იუნაიტედში", ეს ნიშნავს, განიცდიდე დიდ ზეწოლას ყოველთვის. ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენი გამოვარდნის შემდეგ, ძალიან ბევრი კრიტიკის მოსმენა გვიწევს, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის, რათა უკეთ მოვახერხოთ კონცენტრირება სეზონის მეორე ნაწილისათვის"
ასევე, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი დამაფიქრებელი ფაქტიც, რომ ბოლო 20 მატჩში გუნდმა მხოლოდ 15 გოლის გატანა მოახერხა, ეს პრემიერ ლიგის ექვსეულში მყოფ გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. მათ შორის, ყველაზე მეტი გატანილი გოლი ხუან მატას აქვს - 4 , მარსიალს - 3, მემფის დეპაისა და უეინ რუნის -2. თუმცა მემფისი ამბობს, რომ ეს არ მიუთითებს პრობლემაზე: "ჩვენ ვქმნით ბევრ შანსს, თუმცა რეალიზებას ვერ ვახდენთ, ჩვენ ვმუშაობთ ამის აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება".
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგაში მე-4 პოზიციაზეა და შაბათს გასვლაზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდება, რომელიც მე-17 ადგილზე იმყოფება.