ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სირთულეები შეტევაში განხილვის საგანი არ არის და დარწმუნებულია, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩში მისი გუნდი ამას დაამტკიცებს.
ლუი ვან გაალის შეგირდებმა "ვესტ ჰემთან" მატჩი ფრედ 0-0 დაასრულეს, რაც სეზონის მეექვსე უგოლო ფრე გამოდგა.
შედეგმა აჩვენა, რომ "ოლდ ტრაფორდი" კვლავ რჩება აუღებელ ციხე-სიმაგრედ, მაგრამ გულშემატკივარს გოლის გატანა უფრო აღელვებს, ვიდრე მისი არ გაშვება.
"ბევრმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა შანსი. ბევრმა და განსხვავებულმა ფეხბურთელმა. ამისგან შეგვიძლია დიდი სათაურები გავაკეთოთ, მაგრამ არა მგონია, ეს საჭირო იყოს.
ფეხბურთელებმა იციან, რომ უნდა გაიტანონ. ეს ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ყველა შანსს ვერ გამოიყენებ და როცა ხედავ, რამდენი მოთამაშე იღებს შანსს ჩვენს გუნდში, ერთის გამოყოფა რთულია.
გარანტირებული არ არის, რომ ყველა შანსს გავაფუჭებთ, რასაც შევქმნით. ყოველ მატჩში არ მოხდება ასე. ძალიან მჯერა, რომ "ვოლფსბურგს" გავუტანთ.
ყოველთვის მაქვს მოლოდინი. ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის და სწორედ ამ რწმენის ჩვენება მინდა".
თუ პსვ სახლში ცსკა-სთან დამარცხდება, "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში გადის.
თუმცა ვან გაალი თავის შეგირდებს აფრთხილებს, რომ საკუთარი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია.
"სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს.
ჩვენი შანსებიდან გოლს ვერ ვიტანთ და "ვოლფსბურგს" უნდა გავუტანოთ. ამის გამო არის მნიშვნელოვანი თამაში და თუ გავიტანთ, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავალთ.
არ გვინდა მოწყალების სუბიექტი გავხდეთ. მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის შესაძლებელია. ყოველ წელს ან ყოველ მატჩს ვერ მოიგებ. ასე არ ხდება.
პრემიერ ლიგა ჯერ არ დასრულებულა. მაისში სრულდება და არა ახლა. ჩემპიონთა ლიგიდან კი შეიძლება გაგაგდონ და ეს ცუდია ყველასთვის, მოთამაშეებისთვის, კლუბისთვის და მწვრთნელისთვის".