"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ფილ ჯონსი შესაძლოა საფეხბურთო მოედანს მომდევნო შაბათის შეხვედრაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ დაუბრუნდეს.
ვარაუდობდნენ, რომ მიმდინარე სეზონს ფილი ძირითად შემადგენლობაში დაიწყებდა, მაგრამ აშშ-ში გამართული ტურნეს შემდეგ ჯონსი დისკომფორტს განიცდიდა.
ექიმების დიაგნოზი საკმაოდ უჩვეულო გამოდგა - 23 წლის მცველის ფეხში თრომბი აღმოაჩინეს. ლუი ვან გაალს მოედნის ცენტრში არჩევნის შეჩერება დეილი ბლინდსა და კრის სმოლინგზე მოუხდა.
თუმცა ჯონსი უკვე შეუდგა ვარჯიშებს და შანსი აქვს მომდევნო ტურში პრემიერ ლიგის ბოლო ადგილოსან გუნდთან ითამაშოს.
"გასულ კვირას ვთქვი, რომ ვარჯიშებისთვის მზად არის. პარასკევს საერთო ჯგუფთან ერთად პირველი ვარჯიშები შეასრულა. პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფორმაში ჯერ კიდევ არ ჩამდგარა. მისთვის ჯერ კიდევ ადრეა მოედანზე გამოსვლა", - განაცხადა ლუი ვან გაალმა.