"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაასრულა იტალიელი მარჯვენა მცველის, მატეო დარმიანის, ტრანსფერი და ფეხბურთელი უკვე კლუბის სრულფასოვანი წევრია. მატეომ ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ასევე მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს.
25 წლის იტალიელმა, რომელიც ინგლისში, იტალიური "ტორინოდან" გადაბარგდა, 146 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა და ბოლო სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. დარმიანის სანაკრებო კარიერაც უმაგრებს ზურგს, მან "სკუადრა აძურას" მაისური 13-ჯერ მოირგო, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც.
დარმიანი: "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ოცნების ახდენას ჰგავს. ძალიან მომენატრება ჩემი სამშობლო და ის დრო, როდესაც "ტორინოს" ღირსებას ვიცავდი. მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა. იმედი მაქვს ისინი გამიგებენ, რადგან როდესაც შენი შეძენა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს სურს უბრალოდ ვერ ეტყვი მას უარს. ვფიქრობ, ისეთ მწვრთნელთან მუშაობა, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული ძალიან სასიამოვნო იქნება".
ლუის ვან გაალი:"მატეო მემარჯვენე ფლანგის მცელია, თუმცა თავისუფლად შეუძლია მარცხნივ თამაშიც. ის ძალიან კარგი მცველია, თუმცა ასევე შეუძლია წინ წასვლა, შეტევის გამწვავება და მომენტების დამთავრება, ეს ძალიან დიდი პლუსია. მატეო შესანიშნავი შენაძენია კლუბისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და სულმოუთქმელად ველი მასთან ერთად მუშაობის დაწყებას."