თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2015, 23:09
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2537,
კომენტარები: 11
შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?!
რომელი ნახევარმცველი უფრო მეტად სჭირდება "იუნაიტედს"?
შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?!
ბოლო რამდენიმე კვირაა, მანჩესტერში მცხოვრები გერმანელი ფანები სულმოუთქმელად, პლაკატებით ხელში ელიან თანამემამულის, ბასტიან შვაინშტაიგერის გაფორმებას. საქმე იმაშია, რომ ვან გაალს გადაწყვეტილი აქვს კიდევ ერთი ყოფილი შეგირდი გაიფორმოს. თუმცა თუკი ბოლო სატრანსფერო ცნობებს გადავავლებთ თვალს, ბასტიანის ქომაგებს შეუძლიათ პლაკატები შეინახონ, რადგან "იუნაიტედმა" თითქმის დაასრულა მოლაპარაკებები "საუთჰემტონთან" და მორგან შნეიდერლინი 25 მილიონად გადაიბირა.

ძნელად სავარაუდოა ამ ამბებმა "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივარი გაახაროს, ლოგიკურია, "წმინდანების" ლიდერი სახელით ვერ გაეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, 8-ჯერ ბუნდესლიგის სინის მფლობელს და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს. თუმცა თუკი უფრო ღრმა დაკვირვებებს გავაკეთებთ, მივხვდებით რომ "ეშმაკებს" ცუდი არჩევანი არ გაუკეთებიათ.

ალბათ არ მოვიტყუებით, თუ ვიტყვით რომ შნეიდერლინმა უკვე ჩაატარა ბოლო მატჩი წითელ-თეთრ მაისურში და ახალი სეზონიდან ახალ კლუბში ვიხილავთ. საფრანგეთის ნაკრების წევრმა "საუთჰემტონში" 7 წელი გაატარა და დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდი პირველი ლიგიდან პრემიერ ლიგამდე აღზევდა, ახლა კი როცა კლუბის წინაშე ყველანაირი "მოვალეობა მოიხადა", მას ახალი სიმაღლეების დაპყრობა სურს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სწყურია. მისადმი ინტერესი "იუნაიტედის" გარდა, "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" გამოიჩინეს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფაქტორმა "დეზები" ავტომატურად ჩამოაშორა ბრძოლას.

რაც შეეხება "არსენალს", მათ მორგანის გაფორმება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შეეძლოთ, თუმცა გადაწყვიტეს აკადემიის ფეხბურთელი, ფრანსის კოკლენი დაეწინაურებინათ და შნეიდერლინიც არსად წასულა.

ისმის კითხვა "იუნაიტედის" მიმართ: რომელი სჯობს, შვაინშტაიგერის სათამაშო სტილი თუ შნეიდერლინის ეფექტურობა?

შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?!


გერმანელის ინგლისში გადაბარგება, რამდენჯერმე სერ ალექსმაც სცადა, თუმცა ამჯერად სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ვან გაალი ეცდება მოთამაშესთან არსებული ახლო ურთიერთობა გამოიყენოს და საწადელს მაინც მიაღწიოს.

შვაინშტაიგერის მოსვლა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გარდა იმისა, რომ შემადგენლობაში ერთით მეტი ვარსკვლავი იქნება, ბასტიანს აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება, რითაც ვერ დაიკვეხნიან არსებული ცენტრალური ნახევარმცველები: ერერა და ფელაინი.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დაბრუნების შემდეგ, ვან გაალი პირველივე სეზონში ეცდება ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს წავიდეს, თუმცა ორი გამოუცდელი ნახევარმცველით ფონს გასვლა გაჭირდება, სწორედ ამიტომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ყველანაირად ცდილობს 30-წლის გერმანელის ყიდვას.

"იუნაიტედის" გუმშემატკივრებისთვის, რომლებიც მომავლისკენაც იხედებიან, სრულიად მიუღებელია ისეთი მოთამაშის გაფორმება, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ბუცებს ლურსმნებზე ჩამოკიდებს. ამასთან, ბასტიანის გასული სეზონები გვაფიქრებინებს, რომ იგი ძალიან კარგად მოერგება "წითლების" იმ სისტემას, რომლითაც გუნდი ახლა თამაშობს. საშუალოდ, გერმანელი 90 წუთში 87 გადაცემას აკეთებს ბუნდესლიგაში, რაც 13-ით მეტია ერერას შედეგზე. იგი ჩემპიონთა ლიგაზე, ძლიერ მეტოქეებთანაც არ იყო პასიური და 83 პასს აკეთებდა თამაშში, ეს შედეგი კი კვლავ უკეთესია "იუნაიტედის" ნახევარმცველებთან შედარებით.

მისი დამატებით კლუბი მიიღებს მშვიდ ცენტრს. ხოლო ვან გაალთან გატარებული 3 წელი იმის გარანტია, რომ მას არ გაუჭირდება ადაპტაცია ახალ კლუბში.

ამასთან, შვაინშტაიგერის "იუნაიტედში" გადასვლის შემთხვევაში, ვან გაალი მხოლოდ რამდენიმე წელზე გააკეთებს აქცენტს და არა შორეულ მომავალზე.

ბოლო რამდენიმე წელია, "იუნაიტედის" ჩამშლელ ნახევარმცველად, რომელიც მის უკან განლაგებული ოთხი მცველის დამზღვევია, მაიკლ კერიკი გვევლინება, თუმცა ტრავმების გამო ის მხოლოდ ნახევარი სეზონის ჩატარებას ახერხებს. 33-წლის ინგლისელის მდგომარეობა წლების გასვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაუარესდება, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ "ეშმაკები" მთელ ძალისხმევას ხარჯავენ მისი შემცვლელის პოვნაზე.

რაც შეეხება ფრანგი ნახევარმცველის დონეს, ბოლო 3 წლის განმავლობაში არავის პრემიერ ლიგაში არ აურთმევია მოწინააღმდეგისთვის ბურთი და ჩაუჭრია გადაცემა მასზე მეტჯერ (626). პაბლო საბალეტაც კი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება ინგლისში და გამოირჩევა ართმევებით, ძალიან ჩამორჩება მორგანს(521).

გასულ სეზონში "იუნაიტედს" ჰქონდა პრობლემები ბურთის დაცვიდან შეტევაში ატანისას, ბევრ მოთამაშეს უხდებოდა წინ წასვლა და იყო შემთხვევები, როდესაც ვერ ასწრებდნენ დაბრუნებას, ამის ნათელი მაგალითია 5-3 "კინგ პაუერ სტეიდიუმზე". შნეიდერლინს შეუძლია მოაგვაროს ეს პრობლემა, ის ხომ ჯერ კიდევ ენერგიით სავსეა და არც ფეხებში ძალის ნაკლებობას უჩივის.

შვაინშტაიგერის გაფორმება ახლა გაცილებით მარტივია, რადგან პეპ გვარდიოლა აქცენტის გაკეთებას ხაბი ალონსოზე აპირებს, რაც სავარაუდოდ არ უნდა სიამოვნებდეს თავად ბასტიანს, მაგრამ თუკი მის ასაკს გავითვალისწინებთ მისი სახით "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ მიიღებს მოთამაშეს, რომელიც ასაკოვანი მაიკლ კერიკის შემცვლელად შეიძლება მოიაზრებოდეს.

რა თქმა უნდა, მარტივად შეიძლება კლუბმა ორივე მათგანი გაიფორმოს. smile


შვაინშტაიგერი თუ შნეიდერლინი?

შვაინშტაიგერი
შნეიდერლინი
ორივე
არცერთი

სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
29 ივნისი 2015 10:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მერე რა რომ ბასტის ტიტულები აქვს? ეგ არანაირად არ არის იმის გარანტია, რომ აუცილებლად მწვერვალებს დაგვაპყრობინებს მისი თამაში ნახევარდაცვაში. არც თვითონ იყო თავიდანვე ტიტულით დაბადებული და გამოცდილებამიღებული. მორგანიც ისწავლის. ალტერნატივის გაკეთება რომ მოგვიხდეს ფრანგი სჯობს, თუ ორივეს მოვიყვანთ სულ უკეთესია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top