"მანჩესტერ იუნაიტედს" რაჰიმ სტერლინგის შეძენა სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რაჰიმ სტერლინგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა, თუმცა "ლივერპულისგან" უარი მიიღო.
მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დადასტურდა, რომ 20-წლის ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. პარასკევს, "ლივერპულის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კი რაჰიმი კლუბის დატოვების სურვილს საბოლოოდ დაადასტურებს.
აქამდე, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" იჩენდნენ, თუმცა Liverpool Echo ირწმუნება, რომ დაინტერესებულ კლუბთა რიცხვს "იუნაიტედიც" შეუერთდა.
მეტიც, "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისელის ხელმისაწვდომობის თაობაზე შეთავაზებაც კი გააკეთეს, მაგრამ პასუხად მიიღეს, რომ სტერლინგი "არ იყიდება".
ახალგაზრდა ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ორი წელი კიდევ რჩება, ამიტომ "ლივერპულს" შეუძლია საკუთარ პოზიციაზე მყარად დადგეს - მაისში "მერსეისაიდელების" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ სტერლინგი ზაფხულს არსად წავა, თუნდ ახალი კონტრაქტი არ გააფორმოს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც "ლივერპულიდან" პირდაპირი ტრანსფერით გადავიდა "იუნაიტედში", ფილ ჩისნოლია და ეს 1946 მოხდა. თუმცა ლუი ვან გაალმა ორ კლუბს შორის არსებული რთული დამოკიდებულება გვერდზე გადადო და ფეხბურთელის შეძენა ისურვა.
წყარო:
theguardian