ბრიტანული Mirror-ი გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "დორტმუნდის" კაპიტანმა მატს ჰუმელსმა თანაგუნდელები კლუბის დატოვების შესახებ გააფრთხილა. წყაროს ცნობით, სანაკრებო მატჩების დროს გერმანელ მეგობრებს მან წინასწარ უთხრა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. გერმანელი მცველის ბედრს უკვე რამდენიმე კვირაა "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. ფეხბურთელი არ მალავს სიმპათიებს პრემიერ ლიგის მიმართ და ლუი ვან გაალიც ადასტურებს, რომ კლუბს ძლიერი ცენტრალური მცველი სჭირდება. მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა განაცხადა: "ვფიქრობ, საზღვარგარეთ წასვლა კარგი იქნება ჩემი პროფესიონალური კარიერის და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მინდა ბუნდესლიგა დავტოვო. ამას ღიად ვაცხადებ, რადგან არ მივეკუთნები იმ სპორტსმენების რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ კლუბში რჩებიან, მაგრამ სინამდვილეში უკვე სხვა კლუბებთან აქვთ კონტრაქტი შეთანხმებული. ყველამ იცის როგორ მიყვარს "დორტმუნდი", მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ სხვა ძლიერ გუნდში, ძლიერ ფეხბურთელებთანაც შემიძლია ვითამაშო." ჰუმელსს კონტრაქტის ვადა 2017 წელს ეწურება. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 26 წლის მცველი "იუნაიტედს" დაახლოებით 26 მილიონი ფუნტი დაუჯდება.