"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და "არსენალის" ამჟამინდელი შემტევი, დენი უელბეკი აცხადებს, რომ "იუნაიტედი" ჯერ კიდევ უყვარს.
სწორედ ინგლისელი თავდამსხმელის ანგარიშზეა "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ გატანილი გამარჯვების გოლი.
ანტონიო ვალენსია დე ხეასთვის ბურთის მიწოდებას ცდილობდა, როცა უელბეკმა ესპანელს დაასწრო და შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა.
საბოლოოდ ანგარიში 1:2 დაფიქსირდა "არსენალის" სასარგებლოდ და ინგლისის თასის ნახევარფინალში ლონდონელები გავიდნენ.
დენი უელბეკმა გოლი ემოციურად აღნიშნა, მაგრამ აცხადებს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს გუნდის შეურაცხყოფასთან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არის კლუბი, რომელიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მათი ქომაგი ვარ და ჩემთვის რთულია ტურნირიდან მათი გაგდება. გულშემატკივარს ყოველთვის პატივს ვცემ, თბილად მიმიღეს და ამის გამო მადლიერი ვარ." - განაცხადა უელბეკმა.