"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასვლით მატჩებში ნაჩვენებ შედეგებს ყურადღებას არ აქცევს.
"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში ვენგერის შეგირდებმა მხოლოდ 1 ფრე ითამაშეს, ყველა დანარჩენი მატჩი კი წააგეს, მათ შორის 2011 წლის აგვისტოს ცნობილი მატჩი, რომელიც 8:2-ით დასრულდა.
უკანასკნელად "არსენალმა" "ოლდ ტრაფორდზე" 2006 წელს ემანუელ ადებაიორის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა.
თუმცა ვენგერი თვლის, რომ უმჯობესია ამ სტატისტიკას ყურადღება არ მიექცეს და კონკრეტულ მატჩზე მოხდეს კონცენტრირება.
"იუნაიტედის" წინააღმდეგ სათასო მატჩი განსაკუთრებულად დაძაბულია, რადგან მასში ხვდება ორი გუნდი, რომელთაც ტურნირის მოგება შეუძლიათ. ორივე გუნდი ფიქრობს: "თუ ამ წინააღმდეგობას გადავლახავთ, ტურნირის მოგების კარგი შანსი გვექნება."
ისტორიების ძალიან არ მჯერა. უბრალოდ მატჩის დღეს თამაშის მჯერა. ამჟამად გასვლაზე ძალიან კარგად ვთამაშობთ. მოედნის ზომა ყველგან ერთია, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოვავლენთ თავს და რამდენად ვესწრაფვით გამარჯვებას.
პრემიერ ლიგაში ჩვენი სერია (8 მატჩში 7 მოგება) თავდაჯერებულობას გვმატებს. ვგრძნობთ, რომ აუცილებელ თვითრწმენას ვფლობთ. მატჩში ნახევარფინალის საგზურისთვის გამოვალთ და მთელს ძალებს დავხარჯავთ. ასეთია ჩვენი დავალება - ბეჯითი შრომა, გუნდური თამაში და სრული თავდადება. გამოვალთ, რათა ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ, ნებისმიერ ფასად." - განაცხადა ვენგერმა.