"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა გიგზის თაობაზე დასმულ კითხვას სარკაზმით უპასუხა.
"ნიუკასლთან" მატჩში ეშლი იანგმა 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც ლუი ვან გაალი და მისი შტაბი ეიფორიაში მოიყვანა.
თუმცა თავშეკავებული ემოცია გამოხატა ვან გაალის ასისტენტმა, რაიან გიგზმა, რაზეც პრესას საშუალება მიეცა დაეწერა, რომ ჰოლანდიელ სპეციალისტსა და მის უელსელ ასისტენტს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
"არსენალთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუის ამის შესახებ ჰკითხეს, რაზეც სარკაზმით უპასუხა, სანამ ნათელს მოჰფენდა ყველაფერს.
"ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს. ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ. მინდა, ჭორები ისევ არსებობდეს.
ამ შეკითხვით ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ყველა ხედავს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად ბევრს ვშრომობთ. არა მარტო მე და რაიანი, არამედ მთელი შტაბი და ფეხბურთელებიც. ეს უბრალოდ სისულელეებია. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. მედიის წინააღმდეგ ზომებს მივიღებ, უკმაყოფილო ვარ." - განაცხადა ვან გაალმა.