63 წლის ვან გაალი თავს ენერგიულად გრძნობს და სურს, პრემიერ ლიგაში 2020 წლამდე დარჩეს.
Sunday People ირწმუნება, რომ ლუი ვან გაალს "ოლდ ტრაფორდი" ძალიან შეუყვარდა და მზად არის იქ 5 წელს იმუშაოს.
ჰოლანდიელი სპეციალისტი მხოლოდ 7 თვეა, რაც კლუბის მწვრთნელია, მაგრამ გლეიზერების ოჯახთან ის მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მისი კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივონ.
"წითელი ეშმაკების" მფლობელები კი ვან გაალის სამსახურით მოიხიბლნენ და მზად არიან წინადადება მიიღონ.
ბრაიან, ავრაამ და ჯოელ გლეიზერებთან შეხვედრა ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარნლის" მატჩის შემდეგ მოახერხა, სადაც ზემოაღნიშნული საკითხი განიხილეს.
ვან გაალს "ოლდ ტრაფორდის" მიმდებარე აპარტამენტი ღამის 3 საათამდე არ დაუტოვებია და გლეიზერებთან საკუთარი და "იუნაიტედის" მომავლის შესახებ ისაუბრა.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ნათლად განაცხადა, რომ სურს თავის კარიერაში უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედი" გაწვრთნას, ამისთვის კი დამატებით 2 წელს მოითხოვს, წლიური 10 მლნ. ფუნტის ანაზღაურებით.
თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ვან გაალი კლუბის გაყვანას ჩემპიონთა ლიგაზე.