თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2015, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 13
ტაქტიკური მონახაზი: კერიკის ალტერნატიული როლი
კერიკს პრობლემის გადაჭრა შეუძლია
ტაქტიკური მონახაზი: კერიკის ალტერნატიული როლი
ახალი წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო სტილისა და ლუი ვან გაალის ტაქტიკის შესახებ დისკუსია არ წყდება. არც შედეგი და არც ამ პერიოდში ნაჩვენები თამაშის ხარისხი არ არის სტაბილური, ამიტომ კრიტიკა ბოლო დროს მხოლოდ დაცვას არ ხვდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ "იუნაიტედს" ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს, რაც ერთ თამაშში გაშვებული გოლებისა და კარში დარტყმების სიმცირეში გამოიხატება, ასე რომ, ნათელია, რომ "წითელი ეშმაკები" ბოლო პერიოდში საკუთარ თავს სირთულეებს არ უქმნიან და არც დე ხეას უხდება ყველა მატჩში რამდენიმე გმირობის ჩადენა გუნდის სახსნელად.

მაგრამ მთავარ პრობლემად ახლა თამაშის ნელი ტემპი და არასაკმარისი კრეატიულობა იქცა. მრავალი ქომაგის უკმაყოფილება ვან გაალის მიერ 3-5-2 სქემის ჯიუტად გამოყენებამ გამოიწვია. მათ ურჩევნიათ დაცვაში მყოფი მესამე ცენტრალური მცველის ნაცვლად გუნდს კიდევ ერთი ნახევარმცველი ჰყავდეს. მართალია, ბოლო დროს ვან გაალი სწორედ ასეთ სქემას იყენებს, მაგრამ ჯერ უცნობია, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა თუ არა. სეზონის 3-5-2 სქემით დაწყების შემდეგ ლუიმ 8-9 მატჩი კლასიკური ოთხი მცველით ითამაშა, შემდეგ 9-10 მატჩი სამი ცენტრალური მცველით, ამიტომ რთულია პროგნოზის გაკეთება. ნათელია, რომ ჰოლანდიელი ჯერ კიდევ ცდილობს ერთდროულად მოსაწყენი თამაშისა და დაცვის პრობლემისგან თავის დაღწევას.

3-5-2 სქემა კარგი იქნებოდა იმ პირობით, რომ მცველების აქტიურობა გაიზრდებოდა. ძალიან ხშირად, "იუნაიტედის" მოწინააღმდეგეები ნახევარდაცვაზე ახდენენ პრესინგს და დაცვას ბურთის ფლობის საშუალებას აძლევენ, რადგან იციან, რომ ვერაფერს მოიმოქმედებენ. გამონაკლისი მხოლოდ "არსენალი" და "იოვილი" იყო, რომელთაც დაცვაზე პრესინგს მიმართეს. დაცვაში ოთხი მცველის ყოფნის დროს ცენტრალურ მცველებს ჩვეულებრივ ფლანგზე პასის გაკეთების საშუალება მარტივად ეძლევათ, მაგრამ სამი ცენტრალური მცველის შემთხვევაში საქმე რთულდება, რადგან ფლანგის მცველები ვინგბექებად იქცევიან, რომლებიც მაღლა თამაშობენ, ასე რომ, აუცილებელი ხდება თუნდაც ერთი ცენტრალური ნახევარმცველის ჩართვა. მათ შეტევა უნდა განავრცონ და საკმარისი თავდაჯერება ჰქონდეთ იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ნახევარდაცვაში ავიდნენ, არათუ უბრალოდ ერთმანეთს მიაწოდონ პასები, შემდეგ კი წინ დაარტყან და მოწინააღმდეგეს მისცენ ბურთი.

გარკვეული პერიოდის წინ, როცა "იუნაიტედის" ქომაგობა ასეთი დაძაბული საქმე არ იყო, ბევრი იტყოდა, რომ ჯონი ევანსი შესანიშნავად ეპყრობა ბურთს და ასეთი სქემისთვის იდეუალური კანდიდატი იყო, მაგრამ ის ყველაზე მეტად ნერვიულობს და სცოდავს. კრის სმოლინგი ამ ასპექტში ყოველთვის ყველაზე ცუდი იყო. ფილ ჯონსი, კი მიუხედავად აქტიურობისა, სმოლინგზე უკეთ როდი აკეთებს პასებს. მოსული მარკოს როხო გუნდის ყველაზე ტექნიკური ცენტრალური მცველია.

თუმცა არსებობს კიდევ ვიღაც, ვისაც დაცვაში თამაში შეუძლია და გუნდში არსებულ მოთამაშეებს შორის ბურთს ყველაზე უკეთ ეპყრობა. მაიკლ კერიკმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა სრულად და ეს "ლივერპულთან" შეხვედრა იყო, მაგრამ მას "იუნაიტედის" პრობლემების გადაჭრა შეუძლია. მაიკლი თავდაჯერებულად თამაშობს და სწორედ ისე იწყებს შეტევებს, როგორც ლუის სურს. ნახევარდაცვაში ასვლის მისი უნარი კიდევ ერთი სამკუთხედის შექმნის საშუალებას იძლევა და ნიშნავს, რომ მის წინ მდგომ შემტევ ნახევამრცველს, მაგალითად, რუნის ან ერერას შეუძლიათ უფრო გარისკონ, რადგან კერიკის სახით დაზღვევას იღებენ.

ტაქტიკური მონახაზი: კერიკის ალტერნატიული როლი

"ლივერპულის" წინააღმდეგ მოედანზე რუნის მოქმედებების 16% საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს მოდის. ეს შესაძლოა იმითაა გამოწვეული, რომ დაცვაში კერიკის ყოფნა რუნის წინ წასვლის საშუალებას აძლევს.


ტაქტიკური მონახაზი: კერიკის ალტერნატიული როლი

"დეზებთან" მატჩში, სადაც კერიკი დაცვაში არ თამაშობდა, მოედანზე რუნის მოქმედებების 33% საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს მოდის. ეს ნიშნავს, რომ მცველები საკმარის თავდაჯერებას ვერ ფლობენ შეტევის დასაწყებად.


დაცვით უნარებზე საუბრისას, თამაშის წაკითხვის კერიკის უნარი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება პოზიციის შეცვლისას მისი გამოჭერა. ადრე ოთხი მცველის ფონზე დაცვაში ერთი ცენტრალური მცველის ფონზე უხდებოდა თამაში, ამიტომ, რადგან მას სისწრაფე და სიძლიერე არ ჰყოფნის, ერთი-ერთზე ხშირად ატყუებდა მეტოქე ან უბრალოდ ჩაგრავდა. თუმცა ეს განლაგება იდეალურად ერგება კერიკს - ორივე მხარეს მდგომი მცველის სახით მას დაზღვევა აქვს და უფრო მეტ შესაძლებლობას მიიღებს თავისუფალი გადაადგილებისთვის. კერიკის მნიშვნელოვან უპირატესობას ორივე ფეხით თამაში წარმოადგენს. ვან გაალის დიდებულ "აიაქსში" მოთამაშე დანი ბლინდისა და რაიკარდის მსგავსად, კერიკს როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქციების შეთავსება შეუძლია - ეს სწორედ ის არის, რისი ხილვაც გსურთ მოთამაშისგან, რომელსაც მეტ-ნაკლებად თავისუფალი პოზიცია აქვს. გუნდში მყოფ სხვა ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ იტყვი ამას.

ტაქტიკური მონახაზი: კერიკის ალტერნატიული როლი

ვან გაალის "აიაქსი" 90-ანი წლების შუა პერიოდში - ბლინდი და რაიკარდი დაცვიდან წინ მიიწევენ.


დაცვაში კერიკის გადაყვანით პრობლემებიც ჩნდება. "ლივერპულთან" 90 წუთის გარდა, მაიკლმა "მანჩესტერ სიტისა" და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ თითო-თითო საათი ითამაშა დაცვაში. ამ სამივე მატჩში საყრდენი ზონა მარუან ფელაინიმ დაიჭირა და ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. ფელაინი შესანიშნავად თამაშობს შეტევის სიახლოვეს, რაც მოწინააღმდეგის დაკეტვასა და პოზიციის შერჩევაში გამოიხატება. მაგრამ როგორც გასულმა სეზონმა აჩვენა, მას არასაკმარისი ტექნიკური უნარები აქვს იმისთვის, რომ მცველების წინ ითამაშოს, ასე რომ, ზემოხსენებულ მატჩებში მისი პრობლემები ისეთივე წინასწარმეტყველებადი იყო, როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ვან გაალის ბაგიდან დაცდენილი სიტყვა "ფილოსოფია".

სამაგიეროდ ახლა ჯანმრთელია დეილი ბლინდი. შესაძლოა ის კერიკის ზუსტი ასლი არ არის, მაგრამ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ყველაზე მეტად წააგავს მაიკლს თამაშის სტილით და სავარაუდოდ სწორედ ინგლისელის შემცვლელად მოიყვანეს. მიზეზი იმისა, რომ ჯერ არასდროს უთამაშიათ მოედნის ცენტრში ერთად, მათ შორის არსებული მსგავსებაა. კერიკის სიახლოვეს ვან გაალი სხვა ფეხბურთელების გამოყენებას ამჯობინებს, ეს ნიშნავს, რომ სურს, ნახევარმცველებმა ცალკეული ტიპის ფუნქციები შეითავსონ.

როგორც კერიკი, ბლინდიც შესანიშნავად კითხულობს თამაშს და არჩევს პოზიციას, თითქმის არ კარგავს ბურთს. დეილის ზედმეტად ფრთხილი პასების გამო აკრიტიკებდნენ და თამაშის ამ კომპონენტის დახვეწა შეუძლია, მაგრამ კერიკთან ერთად, რომელიც მის უკან დაცვაში იმოქმედებს და ერერა/რუნი/მატას სამეულიდან ორ ფეხბურთელთან ერთად, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

ტაქტიკური მონახაზი: კერიკის ალტერნატიული როლი

კერიკი დაცვიდან წინ მიიწევს, რათა მოედნის ცენტრში "რომბი" შექმნას.


ამბობენ, დიდებული გუნდები დაცვიდან იწყებენო. 3-5-2 სქემის შემთხვევაში ეს არა მარტო მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლას ნიშნავს. "იუნაიტედის" სათამაშო ტემპი მცველებზეა დამოკიდებული და ახლა სწორედ ისინი ამუხრუჭებენ თამაშს. კერიკი, რომელიც ნახევარდაცვაში ტემპის კარნახს მიეჩვია, შესაძლოა აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც თამაშის დაჩქარებას მოახერხებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამაში დარწმუნებას 4-4-2 სქემაზე გადასვლისა და კერიკის ტრავმის გამო ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხებთ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექსპერიმენტები ჯერ არ დასრულებულა.

წყარო: carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
20 თებერვალი 2015 16:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


რომელი ორი პარტნოირი დააზღვევს ჰო და კერიკს თუ ძმა ხარ ევანსი-სმოლინგი თუ ფუფალა ჯონსი და თავში გასული როხო?
0
№12
ავტორი: Wardell
20 თებერვალი 2015 18:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
gilmour,
კარგ მცველში თუ აუცილებლად ტოპ-კლასს გულისხმობ, გირჩევ ჰოლანდიის ნაკრები გაიხსენო, რომელსაც თითქმის უცნობი მცველები ყავდა ერთი ვლაარი იყო ასე თუ ისე ცნობადი. მთავარია დავალება შეასრულონ და ვარსკვლავების მოწყვეტას არავინ თხოვს.
0
№13
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2015 21:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ეტაპზე კერიკის საუკეთესო შემცვლელი ბლინდია და თავის სამუშაოს სხვებისგან განსხვავებით კარგად ასრულებს. ფელაინის ამ პოზიციაზე დაყენება დიდი სისულელეა და იმედია არ იკისრებს კიდე ამას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top