1941 წლის 31 დეკემბერს გლაზგოში დაბადებულმა სერ ალექსმა თავისი პირველი ტიტული 1983 წელს მოიგო, როცა "აბერდინს" თასების მფლობელთა თასი მოუპოვა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი, რომელსაც ბელადი და წინამძღოლი სჭირდებოდა, მის კარზე დააკაკუნა.
წარუმატებელი სამი სეზონის შემდეგ ფერგიუსონის სამწვრთნელი კარიერა ბეწვზე ეკიდა, სანამ მარკ რობინსის მიერ ინგლისის თასზე გატანილმა გამარჯვების გოლმა მისი ბედი არ შეცვალა.
სერ ალექს ფერგიუსონმა 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ნაყოფიერი შრომის შედეგად "ოლდ ტრაფორდი" ოცნების თეატრად, ციხე-სიმაგრედ აქცია. სანამ ხმაურიანმა მეზობლებმა 21 მწვრთნელი გამოცვალეს, "იუნაიტედის" სათავეში მხოლოდ ერთი კაცი იდგა. სერ ალექსმა თასების უპრეცენდენტო რაოდენობა მოიგო - 38, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ორი, ინგლისის 5 და ინგლისის ჩემპიონატის 13 თასი.
დღეს შევეცდებით გავიგოთ, თუ როგორ მიაღწია სერ ალექსმა თავისი ფეხბურთელებისგან საუკეთესო თამაშის მიღებას, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც თავიანთი ნიჭით, ისე რთული ხასიათით. ასევე შევეცდებით შევხედოთ ადამიანს, რომელიც მწვრთნელის ნიღაბს ეფარება. გვსურს გავიგოთ, ვინ და რა ახდენდა გავლენას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაზე.
ასე რომ, მოემზადეთ, ეს Fergie-Time-ა.
ეს ადგილი თქვენთვის მეორე სახლივითაა. თქვენ გოლფ-კლუბის, Mottram-ის საპატიო წევრი ხართ?
დიახ. თუმცა, ამ წოდების მიღების შემდეგ გოლფი მხოლოდ ორჯერ ვითამაშე. მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს!
მას შემდეგ გოლფის თამაშში თქვენი უნარი გაუმჯობესდა?
არა, არა. წელიწადნახევრის წინ ბარძაყის ოპერაცია გამიკეთეს, მას შემდეგ მხოლოდ ოთხჯერ ვითამაშე. რამდენიმეჯერ ბობი ჩარლტონსაც კი ვეთამაშე. ეს არის და ეს.
პენსიაში თქვენი გასვლა ისეთი გამოვიდა, როგორც ჩაიფიქრეთ? მე ვიცი, რომ ჯერ კიდევ ძალიან დაკავებული ადამიანი ხართ, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ გეგმები ხომ არ გქონდათ, რომელზეც გიფიქრიათ: "დიახ, ამას აუცილებლად გავაკეთებ"?
რა თქმა უნდა. პენსიაში გასვლისას ყველას აქვს გეგმა, მაგრამ მე ჩემი კარიერის დასრულებას ველოდებოდი. ვიცოდი, რომ აქტიურ ცხოვრებას გავაგრძელებდი. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ახლა შემიძლია სახლში ღამით გავიღვიძო და ტელევიზორი ჩავრთო. ადრე დილის 6 საათზე ვიღვიძებდი, სავარჯიშო ბაზაზე მივდიოდი და ამას თვითონ ვაკეთებდი. ახლა შემიძლია რვაზე გავიღვიძო და ჩემ ცოლთან, კეტისთან ერთად ვისაუზმო - ადრე ჩემთან ერთად არასდროს სადილობდა! მხოლოდ ეს შეიცვალა. მაგრამ ძველებურად, ისევ მუდამ დაკავებული ვარ. პირველი, რაც კარიერის დასრულების შემდეგ გავაკეთე, შოტლანდიის კუნძულებზე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად წასვლა იყო. ნამდვილი კაცური კომპანია. იქ ობანიდან ჩავედით იმ დღეს, როცა ენდი მარეიმ უიმბლდონი მოიგო. შამპანური უკვე გახსნილი იყო. სანამ მან არ მოიგო არ გამოვჩნდით, სანაპიროზე ხალხი ხელს გვიქნევდა, შამპანიურით ენდის სადღეგრძელოს ვსვამდით. კარგი დრო იყო. ფანტასტიკა.
და ფიქრობდით, რომ შეგეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე წასვლა, ამინდი კარგი იყო, გაგიმართლათ (დიახ, გამიმართლა) კუნძულზე გამგზავრება ყოველთვის გინდოდათ?
დიახ, ჩემთვის მშობლიურ ადგილებზე წასვლა ყოველთვის მინდოდა. შოტლანდიელი ვარ, ამ ადგილებს კი გასული წლის კრუიზამდე არასდროს ვსტუმრებივარ. ობანაში არასდროს ვყოფილვარ! საოცარია. არადა გლაზგოდან არც თუ შორსაა.
თქვენი ცოლი, კეტი ახსენეთ. ვფიქრობ, თქვენს წარმატებაზე მან უდიდესი გავლენა იქონია (რა თქმა უნდა). რისი გაკეთება მოახერხა მან ცოლ-ქმრობის დაახლოებით 50 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში? უფრო ზუსტად 48? (დიახ, 48). როგორ გიგებდათ ის და რამდენად აქცევდით ყურადღებას მის აზრს?
ის ხალხს კარგად უგებს. მათ შესაბამისად აფასებს. საფეხბურთო მატჩს არასდროს დასწრებია, მხოლოდ თასების ფინალს ესწრებოდა და მისი და ეუბნებოდა, რომ ეს ბილეთში ფულის ყრაა. თავის დასთან ერთად იჯდა, ლაპარაკობდა, ჩაის სვამდა, მოედანზე მომხდარს კი ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. მაგრამ თასის ფინალებზე ყოველთვის დადიოდა. კეტი ყოველთვის გასაოცარი დედა, ცოლი და მშვენიერი ბებია იყო. ბრწყინვალე.
ის თვლის, რომ თქვენ დიდებული ბაბუა ხართ! ახლა თავისუფალი დრო გაქვთ...
ოჰ, მომწონს, ეს ყოველთვის მიყვარდა. ჩემთან და კეტისთან ყოველ კვირაში ჩამოდის ვინმე. 11 შვილიშვილი მყავს. უფროსი, ჯეიკი, ახლა 20 წლისაა, ხოლოდ უმცროსები 2 და 5 წლისანი არიან. ისინი საოცრები არიან.
მართალია, რომ კეტი გაიძულებდათ სახლში საფეხბურთო სუვენირები არ გქონოდათ?
მართალია. სახლში საფეხბურთო არაფერია.
რა მოხდებოდა სახლში, ვთქვათ, საფეხბურთო წიგნით რომ დაბრუნებულიყავით?
ბიბლიოთეკაში საფეხბურთო წიგნები გვაქვს. მაგრამ "იუნაიტედში" გატარებული ჩემი კარიერის შესახებ არაფერია. ყველაფერი საკლუბო მუზეუმში ინახება. ვფიქრობ, ასე უკეთესია: ამ ადგილს ვინც ეწვევა, ყველა ნახავს. მუზეუმი კი მშვენიერი გვაქვს. არ ვნანობ, რომ სახლში ასეთი არაფერი მაქვს. ამაზე არც კი ვფიქრობ, ყველაფერი იქ არის, სადაც უნდა იყოს.
კეტიმ კარიერის დასრულება გადაგაფიქრებინათ, რაც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. პირველად, როცა თქვენ პენსიაზე გასვლას აპირებდით, ის გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარათ. ეს იმიტომ მოხდა, რომ თქვენი სახლში ჯდომა არ სურდა, თუ იმიტომ, რომ ფიქრობდა, კარიერის დასასრულებლად ჯერ მზად არ იყავით?
კეტი მეუბნებოდა, რომ მართალი არ ვიყავი. იცოდა, რომ იმ დროს პენსიაში გასვლით შეცდომას დავუშვებდი. ეს მეც ვიცოდი, მაგრამ სულელური იმპულსის გავლენას დავნებდი. გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღე. თანაც სეზონის დასაწყისში, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. რამდენიმე კვირის შემდეგ კი გავიფიქრე: "ეს რატომ ვთქვი?" თავისი როლი იქონია სიჯიუტემ - მე გადაწყვეტილება მივიღე, ესე იგი, მას შევასრულებ. შემდეგ, არ მახსოვს შობაზე თუ ახალ წელზე, ვფიქრობ, უფრო ახალ წელზე, შვილებთან და მათ შვილებთან ერთად ვახშმის შემდეგ დივანზე მეძინა. კეტი მოვიდა, ხელი მკრა და გამაღვიძა, მის უკან შვილები იდგნენ, იცით, მითხრა: "პენსიაში ვერ გახვალ. ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარ." ჩემმა შვილებმა კი მითხრეს: "გაგიჟებულხარ თუ კარიერის დასრულება გადაწყვიტე."
როცა თქვენ თვითონ იყავით ბავშვი, ვინ იქონია გავლენა თქვენს ხასიათზე?
ჩემმა მშობლებმა, რა თქმა უნდა, ჩემს პიროვნებაში ფუნდამენტი ჩაასხეს. ისინი მუდამ მიმეორებდნენ: "არ მოიტყუო, არ მოიპარო, არ დააგვიანო." ბოლო მათგანს მამაჩემი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. თუ ვაგვიანებდი, საშინლად ბრაზდებოდა. სკოლაში შესანიშნავი მასწავლებელი მყავდა, უბრალოდ დაუჯერებელი - მისის ტომპსონი.
ის ალბათ ძალიან მკაცრი იყო. მაშინ სკოლებში მკაცრ სასჯელს მიმართავდნენ...
დიახ. მაშინ კარგადაც რომ მოქცეულიყავი, ქამრით ექვს დარტყმას მაინც იღებდი. ასეთი იყო ჯილდო. მაგრამ ენთუზიაზმი და მიზანდასახულობა... მახსოვს, პარასკევობით ვთამაშობდით სამიდან ოთხ საათამდე, რაც ჩვენთვის შვება იყო. ბურთის მოწოდების ჩემი ჯერი იყო, პირველ ბაზასთან ვიდექი, შევხედე მას და ვფიქრობ - ზუსტად მოვარტყამ. ბურთი არასწორად მოვიგერიე და მისის ტომპსონი გიჟივით აყვირდა: "შენ, ფერგიუსონო! კიდევ ერთხელ გააკეთებ ასე და მოგკლავ!" ამის შემდეგ ისე დავარტყი ბურთს, თითქოს ჩემი უკანასკნელი დარტყმა იყო. მაგრამ ის საოცარი მასწავლებელი იყო. როცა მისის ტომპსონი გარდაიცვალა, სახლში ჩემი დისშვილისგან ამანათი მომივიდა, რომელშიც ქამარი იდო. ეს ის ქამარი იყო, რომლითაც ჩემი მასწავლებელი მსჯიდა. ყველა მოსწავლემ მიიღო ასეთი ამანათი. დაუჯერებელია! ის ჯერ კიდევ მაქვს შენახული. დაუჯერებელია.
მიუხევად იმისა, რომ ჩვენ კარიერის დასრულების შემდეგ თქვენს ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, საზოგადო ცხოვრებაში ჯერ კიდევ აქტიური ხართ. ჰარვარდში თანამდედობა მიიღეთ - რაში მდგომარეობს ეს სამსახური და როგორ ემზადებით მისთვის? რადგან, ეს ჭკვიანი სტუდენტების წინაშე თავისებური წარდგენაა, ნერვებზე უნდა მოქმედებდეს...
ჰარვარდში მუშაობს ჰოლანდიელი პროფესორი, ანიტა ერბერი, ძალიან ჭკვიანი ქალი. აუდიტორიის წინაშე შესანიშნავია. ერთი ახალგაზრდა სტუდენტი გაიცნო და "იუნაიტედში" გამოკვლევა ჩაატარა, რის დროსაც ვარჯიშებსა და მოთამაშეებს აკვირვებოდა. შემდეგ, ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა და სტუნდეტებს პრეზენტაცია წარუდგინა. აი, ვზივარ აუდიტორიაში, ირგვლივ ჭკვიანი, ახალგაზრდა ხალხი მახვევია, აუდიტორიაში 45 ქვეყნის 65 კაციანი ორი კლასი იყო. ეს გასაოცარი იყო. მაშინვე გასაგები გახდა: ჰარვარდი - ეს ცოდნის ჭაა. ხალხი ირიცხება იქ და ვითარდება. აიღეთ მაგალითად ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი... ჯონ კენედი! ჯონ კენედის მთელმა საპრეზიდენტო შტაბმა ჰარვარდში მიიღო განათლება და მათ საუკეთესოებსა და უჭკვიანესებს უწოდებდნენ.
თქვენი აქცენტი ესმით?
არ ვიცი (იცინის). მაგრამ, როგორც ვამჩნევ, ცოტათი ნელა უნდა ვილაპარაკო. თქვენც ასე გელაპარაკებით.
მადლობელი ვარ. პრეზენტაციების დროს გაქვთ დაფა, რომელზეც მნიშვნელოვანი სიტყვებია აღნიშნული. რა მიაჩნიათ სტუდენტებს მეტ-ნაკლებად საინტერესოდ? რის გაგებას ცდილობენ თქვენგან?
მათ ჩამოკიდეს დაფები, რომლებზეც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი და სხვადასხვა რამეა. სქემაზე გამოსახულია: რაც მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის, აღმასრულებელი დირექტორისთვის, კლუბის მფლობელებისთვის, ფეხბურთელებისთვის, კლუბის პერსონალისთვის, ფეხბურთელების აგენტებისთვის, გულშემატკივართათვის, პრესისთვის და ა.შ. და ავუხსენი, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მათგანმა. ყველაზე მნიშვნელოვანი მითითებები იმისთვის, რომ სამუშაო სწორად შეასრულო. მაგრამ, ეს ყველაფერი დასაწყისია. მატჩების მოგებით შეგვიძლია გულშემატკივარი გავახაროთ. ამაში მდგომარეობს ჩვენი სამუშაო. პრესა? ჟურნალისტებს ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებ, მაგრამ ამის გაკეთებას მაინც უნდა ეცადო. აგენტები? მათთან მხოლოდ მაშინ ამყარებ კონტაქტს, როცა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გასაფორმებლად ფულს ითხოვენ ან გაცემით ტრანსფერს ასრულებენ. ყველამ ვიცით, რომ ეს მათი სამუშაოა. ამიტომ, ისინი ჩემთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის არიან.
სპორტის სხვა სახეობებისადმი ინტერესს მუდამ იჩენდით, რაც მწვრთნელისთვის შესანიშნავი მახასიათებელია. რამდენიმე წლის წინ ერთად ლამბორნში ვიყავით და თქვენ ვეტერინარის მუშაობას აკვირდებოდით, რომელიც ცხენს კურნავდა. ამ პროცესს დაკვირვებით უყურებდით და ცდილობდით გაგეგოთ როგორ მიმდინარეობდა დოღის ცხენის გამოჯანმრთელების პროცესი. ასევე გიყვართ გოლფი და გლენინგლსში რაიდერის თასსაც ეწვიეთ. აღფრთოვანებული იყავით პოლ მაკჰინლის მიერ ამ ტურნირისთვის მომზადებული ევროპის ნაკრებით, იმით, თუ როგორ მოახერხა სხვადასხვა გოლფისტების ერთ გუნდად გაერთიანება, რომლებმაც თავიანთი მაღალი დონე ერთად აჩვენეს?
მაშინვე მოვიხიბლე. პოლი დაახლოებით ერთი წლით ადრე შემხვდა და თასისთვის მომზადების მისმა გეგმამ გამაოცა. ბრწყინვალე სამუშაო. ძალიან გახარებული და აღელვებული ვიყავი იმით, რომ ასეთ ღონისძიებაში მომეცა მონაწილეობის მიღების საშუალება. უკანასკნელ მომენტამდე ყველაფერს ვმალავდით! ამის შესახებ ტურნირამდე ორი დღით ადრე გაიგეს. მაგრამ მზადება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა, უბრალოდ შესანიშნავად იქნებოდა.
ვიცი, რომ ენდი მარეით აღფრთოვანებული ხართ. ვფიქრობ, რორი მაკილროი თქვენი ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენია.
ო, დიახ. ხანდახან ცხოვრებაში გენიოსებს ხვდები. რორი ახორციელებს დარტყმებს, რომელიც სხვებს აზრადაც კი არ მოუვა. მას ასეთი დარტყმების შესრულების უნარი აქვს და ეს რომ არ გამოუვიდეს, მაინც გარისკავს. ხოლო, როცა ბურთი ლუზაში ხვდება, საკუთარ თავს ეკითხები: "ეს როგორ მოახერხა?" ძალიან ნიჭიერია, დიდებული გოლფისტი. ეჭვგარეშეა, ყველაზე ნიჭიერია მათ შორის, ვინც კი მინახავს და ამასთან ერთად შესანიშნავი ხასიათი აქვს. სხვათაშორის "იუნაიტედს" ქომაგობს - ესეც მეხმარება. სრული კომპლექტი.
"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 27 წლის განმავლობაში სერ ალექსმა უამრავი დიდებული ფეხბურთელი გაწვრთნა. მოთამაშეები, რომლებიც მთელი ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიან. მაგრამ სხვებისგან გასხვავებით ის არასდროს აკეთებდა მრალმილიონიან ტრანსფერს, რათა კლუბი მსოფლიოში საუკეთესოდ ექცია.
სერ ალექსს თავისი გუნდისთვის წარმატებების მოტანა "იუნაიტედის" აკადემიის ევროპაში საუკეთესო საფეხბურთო სკოლად ქცევით სურდა - ეს მისი პრიორიტეტი ყოველთვის იყო.
ის ზრდიდა ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, ფიზიკურად და ემოციურად სრულყოფილებას აღწევინებდა და საფეხბურთო კერპებად აქცევდა. სერ ალექსი ენდობოდა საკუთარ ინტუიციას და ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემით ვა-ბანკზე მიდიოდა.
მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" შეტევაში რისხვას აფრქვევდა, მეტოქის წინააღმდეგ ყოველთვის აგრესიულად მოქმედებდა. სერ ალექსის ეპოქაში "იუნაიტედმა" მე-80 ან უფრო გვიან გოლების გატანით მატჩების რეკორდული რაოდენობა მოიგო - 61 თამაში. და როცა "ოლდ ტრაფორდს" ავსებდა შეძახილები: "შეტევაში! შეტევაში!", მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს შიში, მღელვარება და გარდაუვალის თავიდან არიდების უიმედო მცდელობა იპყრობდა.
ვიფიქრე, რომ მიუხედავად თქვენი მიღწევებისა - 13 საჩემპიონო ტიტული, ინგლისის 5 თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, საერთო ჯამში 38 ტიტული - თქვენ მოთამაშეების ინდივიდუალური განვითარება არანაკლებ გახარებდათ, ვიდრე უამრავი რაოდენობის ტიტული.
რა თქმა უნდა, ყოველგვარი კითხვის გარეშე. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემ 26 წლიან სამუშაოს სხვადასხვა ხალხი სხვადასხვაგვარად აფასებს. მე მყავდა დიდებული ფეხბურთელები - რუნი, რონალდუ, კანტონა, კინი, რობსონი, შმეიხელი და მრავალი სხვა. მაგრამ მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სული კლას 92-ში ცოცხლობს. ვფიქრობ, კლუბის თითოეულ წევრს, არა მარტო გულშემატკივარს, არამედ მეც, ჩემი სამწვრთნელო შტაბი, დირექტორთა საბჭო, ბობი ჩარლტონი, რომელიც მეტ ბასბის ეპოქაში ჩამოყალიბდა, ესმის, რომ ამ გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდება დაუბრუნა. ეჭვგარეშეა.
გასაოცარია, რომ თქვენ რისკითვის ყოველთვის იყავით მზად. ავიღოთ მაგალითად, ერიკ კანტონა - კლუბის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ტრანსფერი, რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ის უსიამოვნო სიტუაციებში ხვდებოდა. როგორ შეძელით ასეთი მოთამაშის საფეხბურთო ლეგენდად ქცევა?
დიახ, ვიცოდი რას წარმოადგენდა კანტონა. ვიცოდი, რომ მთელი პრობლემები თან გამოჰყვებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დავტოვე და მას ისე ვექცეოდი, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც კლუბში მოვიდა. ყოველდღიურად ვესაუბრებოდი და ეს მოსწონდა. ყველაფერი, რაც ერიკს სურდა, იყო ყურადღება. მას უყვარდა ყურადღება, მოსწონდა ფეხბურთზე ლაპარაკი. იყო დრო, როცა ამბობდა, რომ მოედანზე დაბრუნება არ სურდა - მისი რვათვიანი დისკვალიფიკაციის დროს. პარიზში ჩავედი და ჩვენ რესტორანში შევედით, რომელიც პატრონმა დაკეტა ჩვენ გარდა ყველასთვის - ჩემთვის, ერიკისთვის, მისი ადვოკატისთვის, ადვოკატის მდივნისთვის და ერიკის აგენტისთვის. პარიზის ცენტრში დაკეტილ რესტორანში ვისხედით და ყველაფერი, რის შესახებაც მას სურდა ლაპარაკი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. პელე, კრუიფი, მარადონა. მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალები. ნამდვილი ფეხბურთელი იყო. შეუფასებელი ადამიანი! ეს შთაბეჭდილება ყოველთვის თან მქონდა.
ერიკი მომწონდა - მაშინ პატარა გოგონა ვიყავი. ერიკი საყელოს ყოველთვის მაღლა სწევდა და ჭკუიდან ვიშლებოდი. მის ირგვლივ მუდამ დაუჯერებელი ატმოსფერო სუფევდა. როგორც ბორის ბეკერის, როჯერ ფედერერის, დიდი მოკრივეების ირგვლივ. ის შარავანდედით იყო მოსილი, რაც მას უფრო დიდსა და მნიშვნელოვანს ხდიდა.
დიახ, დაგეთანხმებით. სხვებისგან განსხვავდებოდა. მთელ გუნდთან ერთად წვეულებაზე წავედით და კანტონა ინდიელის პანჩოთი გამოცხადდა. როგორც კი დარბაზში შემოვიდა, ყველამ მე შემომხედა, მე კი ისე მივტრიალდი, თითქოს ერიკი არ შემიმჩნევია და ვთქვი: "ყოვლისშემძლე ღმერთო." თითოეული ფეხბურთელი მე მიყურებდა და ელოდებოდნენ რას ვიტყოდი. მომდევნო დილას ეს ერიკთან საუბრისას გავიხსენე. მან მიპასუხა: "არ ვიცი, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი, თავისუფალი ტანსაცმელია." დიახ, ყოველდღიური.
გახსოვთ? რა თქვით 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ? როცა "ჩელსი" დაამარცხეთ და ყველა უზომოდ გახარებული იყო ამით?
არ მახსოვს.
თქვენ თვქვით: "თუ ჩემს გუნდში ჩემპიონთა ლიგის მოგება მომდევნო წელს არავის უნდა, კონტრაქტს გავუწყვეტ."
ასე იყო! ბევრი რამ მითქვამს. რაღაცის დავიწყება ღირს ხოლმე.
კლუბის ყველაზე დიდი წარმატებების დროსაც კი ასეთი რეაქცია გაქვთ?
დიახ. მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ ახალი დღე დადგება. ეს ყველაზე ჭკვიანური მიდგომაა. თუ თქვენი მიღწევები ჭკვიდან გშლით, თვითკმაყოფილება გიპყრობთ. ეს კი ავადმყოფობაა, დამიჯერეთ. ამისგან თავის დაღწევა აუცილებელია.
თქვენი "იუნაიტედი" ბოლო წუთებზე გატანით ყოველთვის იგებდა მატჩებს. რა თქმა უნდა ფიზიკური მზადყოფნა თავის როლს თამაშობდა, მაგრამ მნიშვნელობა ჰქონდა მორალურ მდგომარეობასაც. რას აკეთებდით ფეხბურთელებში ამის ჩასაგებად? იმიტომ, რომ თქვენი მოწინააღმდეგეები შეშინებულები იყვნენ.
ო, დიახ. სწორედ ამიტომ გავდიოდი მოედნის კიდესთან ჩემს საათთან ერთად. მაგრამ საათს არასდროს ვუყურებდი. მართლა. არ ვიცოდი რამდენი წუთი იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. მაგრამ ეს მოწინააღმდეგესა და მსაჯზე ახდენდა გავლენას. პატარა ეშმაკობა. მატჩის ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში მნიშვნელოვანია იცოდე - განსაკუთრებით კი "ოლდ ტრაფორდზე", სადაც 75 ათასი ადამიანია - რომ პანიკა არ არის საჭირო, უნდა მოითმინო და მოიცადო. უკანასკნელ 15 წუთში ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გვინდა. მიყვარს გარისკვა, მთელ ძალებს შეტევისკენ მივმართავდი. ეს ყოველთვის არ ამართლებდა, მაგრამ ხანდახან გამოდიოდა და ჩვენ მიერ ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვებები ფასდაუდებელია. როგორი ემოციები გვქონდა გასახდელში, როცა ბოლო წუთებზე ვიტანდით გოლს, დაუჯერებელი ატმოსფერო სუფევდა. ყველა უხტის, ტაშს გიკრავს, მათ შორის სამწვრთნელო შტაბიც. გამარჯვებების შემდეგ გასახდელში ყოფნა დიდებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი - გულშემატკივარი სტადიონიდან პაბისკენ მიიწევს და მატჩის შესახებ საუბარი სურს, შემდეგ მიდის სახლში და ცოლსა და შვილებს უამბობს, რაც "ოლდ ტრაფორდზე" მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა. ჩემი სამუშაო მდგომარეობდა იმაში, რომ გულშემატკივარი სახლში გახარებული წასულიყო. ბოლო წუთებზე გატანილი გოლი კი ყველაზე საოცარია. ვფიქრობ, "იუნაიტედში" გატარებული მთელი ჩემი კარიერა შეიძლება მსგავსი მომენტებით აღიწეროს. მიყვარს ისინი. შემიძლია მუდამ ვილაპარაკო მათ შესახებ.
არც ერთი ჩვენგანისთვის არ აქვს მნიშვნელობა სპორტის იმ სახეობით დაკავებას, რომელიც ჩვენ სიამოვნებას ვერ გვანიჭებს. თამაშის შემდეგ თუ შეგეძლოთ მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელთან ნორმალურად გესაუბრათ? როგორ იღებდით ამისგან სიამოვნებას მატჩის შემდეგ?
ჩემს კოლეგასა და მის სამწვრთნელო შტაბს "ოლდ ტრაფორდზე" ჩემს კაბინეტში ვიბარებდი, თუ გასვლითი მატჩი იქნებოდა, ჩვენ მიდვიოდით მათთან. ჩვენი გუნდის ღირსებაზე ყოველთვის ვფიქრობდით. ამის დავიწყება არ შეიძლება. ახლახანს დასრულებული მატჩის შესახებ კი არასდროს ვსაუბრობდით. შეგვეძლო გვესაუბრა მომდევნო მატჩებზე, წინა კვირას მომხდარზე და ა.შ. ვლაპარაკობდით ბევრ რამეზე და მხოლოდ კარგი განწყობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთ ბოთლ კარგ ღვინოსთან ერთად?
ყოველთვის კარგ ღვინოსთან ერთად. თუმცა, არა ყოველთვის... ერთხელ "ჩელსისთან" მოხდა! აბრამოვიჩთან მომიხდა დალაპარაკება და ვუთხარი: "საღებავის მოსაცილებელი სითხე ხომ არ ჩამისხით?"
სემ ელერდაისთან რა მოხდა?
ო, დიდი სემი, დიახ. ჩემი დაბადების დღე იყო და მან ერთი ბოთლი შესანიშნავი ღვინო მოიტანა, მართლაც კარგი ღვინო იყო, რომელიც სასაჩუქრე ქაღალდით იყო მორთული. ეკიპირებაზე პასუხისმგებელმა მითხრა: "მოხუცმა ეს დაბადების დღეზე მოგართვათ." ვუთხარი: "დიდებულია, დატოვეთ". შეფუთვა გავხსენი, მასში აერაცია ჩავდე და ისევ შევფუთე. მატჩის შემდეგ ჩემთან დიდი სემი მოვიდა და ვუთხარი: "ღვინისთვის დიდი მადლობა! ახლავე გავხსნით." მან კი მიპასუხა: "არა-არა, ეს ბოთლი სახლში წაიღეთ: ის მხოლოდ თქვენთვის არის". ვეუბნები: "არა, მინდა თქვენთან ერთად დავლიო, სემ." შეფუთვას ვხსნი და ვეკითხები: "ეს რა არის?". არ გეხუმრებით, ტყვიასავით გავარდა ადგილიდან და გასახდელისკენ ეკიპირებაზე პასუხისმგებელი პირის სახელის ყვირილით მირბოდა! როცა დაბრუნდა, ბოთლი უკვე გახსნილი მქონდა ღვინო ჭიქებში ჩავასხი.
სემი თქვენი კარგი მეგობარია არა? (დიახ-დიახ) ინტერვიუს დაწყებამდე მოურინიოს შესახებ ვსაუბრობდით. ის არის ერთი-ერთი ადამიანი, ვინც თანამედროვე ფეხბურთში ყოველთვის წარმატებული იქნება? ის ისეთი ვარსკვლავურია.
სინამდვილეში არასწორია. ის ლამაზია - თმა ჯორჯ კლუნივით აქვს! მაგრამ ის შესანიშნავი მისაბაძი მაგალითია, 5 ენაზე ლაპარაკობს. ბობი ჩალტონის თარჯიმანი გახდა და მას "ბარსელონაში" გაჰყვა, მუშაობდა ლუი ვან გაალთან ერთად. ჟოზე ყოველთვის სწავლობს. მოურინიო ძალიან მიზანდასახული პიროვნებაა, მწვრთნელობა ყოველთვის სურდა. ფეხბურთი არასდროს უთამაშია, სხვათაშორის, მითხარით, რამდენი კლუბის ხელმძღვანელობა ანდობს გუნდს ისეთ ადამიანს, ვინც მოედანზე არასდროს გასულა? არც ერთი. მაგრამ ჟოზეს ყველაფერი გამოსდიოდა. ის პორტუგალიაში პატარა კლუბის გასაწვრთნელად გაემართა, შემდეგ "პორტუ" ჩაიბარა და უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წავიდა "ჩელსიში" და პრემიერ ლიგა მოიგო, შემდეგ მილანის "ინტერში". ჟოზე ყველასთვის მაგალითია, ვისაც წარმატების მიღწევა სურს: მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებულ წინააღმდეგობებს არ უნდა დანებდეთ.
გამომდინარე იქიდან, რასაც ამბობთ და როგორც ამბობთ, თქვენ მთელი გულით "მანჩესტერ იუნაიტედს" ქომაგობთ. თქვენი, გულშემატკივრის აზრით რას წარმოადგენს დღევანდელი კლუბი?
უპირველეს ყოვლისა ლუი ვან გაალს. არ ვიცი ტრავმირებულთა ასეთი რაოდენობის ფონზე მისგან როგორ უნდა ელოდე შესანიშნავ შედეგებს, როცა ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება, "იუნაიტედს" მერე დააკვირდით. ის დიდებული მწვრთნელია, ყველაფერი გამოუვა. ჯერ-ჯერობით არ მაინტერესებს როგორ წარმოაჩინეს თავი ახალმა ფეხბურთელებმა: ლუის დრო სჭირდება. როცა 2006 წლის იანვარში ჩვენთან პატრის ევრა და ნემანია ვიდიჩი გადმოვიდნენ, კლუბის ტრადიციების, კულტურასთან გაცნობისთვის და გუნდთან ადაპტირებისთვის 5 თვე დასჭირდათ. "იუნაიტედის" ახალწვეულების შემთხვევაშიც იგივე ხდება! კლუბში უკვე არიან დიდებული ფეხბურთელები. ვფიქრობ, მაიკლ კერიკი - ინგლისური ფეხბურთის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია. მართლაც ასე ვფიქრობ. საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია. რაც შეეხება ვან პერსის, სეზონის პირველ ნაწილში მას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაღლა ეტყობოდა, მაგრამ მეორე ნაწილში ნახავთ: ყველაფერი კარგად იქნება. უეინ რუნი მოედანზე ისევ დაფრინავს. ყოველთვის ცდილობს საგოლე მომენტები შექმნას. ასეთი ბომბარდირი კი გუნდისთვის ყოველთვის პლუსია. ყველაზე მეტად კი დავიდ დე ხეა მაოცებს. ახალგაზრდობაში ის ისეთი გამხდარიყო იყო, მაგრამ უჩვეულოდ ნიჭიერი! მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ძალიან მიხარია მის გამო. როცა შემადგენლობას ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდებიან, ყველაფერი დალაგდება. ეჭვი არ მეპარება.
მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს?
დიახ.
ბოლოს მინდა გკითხოთ: ხმები დადის, რომ თქვენი ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებისთვის სცენარი იწერება.
ნუთუ?
დიახ.
ამის შესახებ არაფერი მსმენია.
შეუძლებელია!
არა.
უბრალოდ მინდოდა გამეგო, ვინ ითამაშებდა თქვენს როლს, ვის ხედავთ თქვენს როლში?
ყველა დიდებული მსახიობი უკვე გარდაცვლილია! არ ვიცი. შესაძლოა დენიელ კრეიგი, მაგრამ ის "ლივერპულის" ქომაგია...
არ ერგება
არა! არ ვიცი, ამაზე ფიქრი არ მინდა.
არა? საკუთარი თავი დიდ ეკრანზე რომ გენახათ იღელვებდით?