ლეგენდარული დანიელი დარწმუნებულია, რომ ერიკ კანტონას მოსვლამ "იუნაიტედში" ოცი წლის წინ არა მხოლოდ სერ ალექსის გუნდის, არამდე მთელი ინგლისური ფეხბურთის ბედისწერა შეცვალა.
"მე კარგად მახსოვს ის დღე. ამ დღემ შეცვალა "იუნაიტედის" თითოეული ფეხბურთელის ბედისწერა. სერ ალექსს ესმოდა, რომ ერიკის შეძენა მისთვის აუცილებელი იყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. სერ ალექსმა ერიკთან საერთო ენა გამონახა, რაც მის დაუჯერებელ ნიჭზე მეტყველებს. ერიკმა "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლამდე ბევრ კლუბში თამაში მოასწრო და კარიერა აქ დაამთავრა," - მოჰყავს შმეიხელის სიტყვები manutd.com-ს.
დანიელი კიპერის სიტყვების თანახმად, კანტონა საოცრად შრომისმოყვარე ადამიანი იყო, რისი წყალობითაც წარმატებულად ვითარდებოდდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე ხნის შემდეგ სერ ალექსის გუნდის ბირთვს წარმოადგენდნენ.
"ერიკი მოვიდა და შეცვალა ფეხბურთი. მან შეცვალა გუნდის მენტალიტეტი და საქმესთან მიდგობა. პირველ გუნდში ახლადმოსული ახალგაზრდა ტალანტები ხშირად მიდიოდნენ მასთან და რჩევებს ეკითხებოდნენ. დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი ანდაც პოლ სქოულზი ყოველთვის ილაპარაკებენ მასზე და მადლიერნი იქნებიან გაწეული დახმარებისთვის.
"ამ ყველაფერს აკვირდებოდა სერ ალექსი. სხვა მწვრთნელები ერიკში ასეთ თვისებებს ვერ ხედავდნენ. ტრევორ ფრენსისმა მიიწვია ის "შეფილდ უენსდეიში", მაგრამ თამაშის შანსი არ მიუცია. ჰოვარდ უილკინსონი შეუშინდა იმ სირთულეებს, რასაც "ლიდში" ერიკი მოიტანდა და სიამოვნებით გაყიდა იგი. მაგრამ სერ ალექსის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. შეიძლება მასაც ელოდა პრობლემები, მაგრამ მან მიიღო ეს გამოწვევა. სხვა დანარჩენი - უკვე ისტორიაა!"