ინგლისიდან ევროპამდე: პირველები შინ და გარეთ
...ერთ მშვენიერ დღეს, როცა მწვრთნელი, კლუბის თავმჯდომარე მარტინ ედვარდსს მისსავე კაბინეტში ესაუბრებოდა, ამ უკანასკნელის ტელეფონმა დარეკა - "ლიდს იუნაიტედი" პეტერ ბერდსლის თაობაზე შეეხმიანა. ედვარდსმა, ფერგიუსონის ნიშანის შემდეგ, ფეხბურთელის გაყიდვა იუარა და იქით შეეკითხა ლიდსელ კოლეგას ფრანგი ერიკ კანტონას თაობაზე.
"ლიდს იუნაიტედმა" ერიკ კანტონა 1,2 მილიონ გირვანქად დათმო. წლების შემდეგ სერ ალექსმა ამ გარიგებას ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი უწოდა: ფრანგი "ოლდ ტრაფორდის" ნამდვილი მეფე შეიქნა, XX საუკუნის მიწურულს კი გულშემატკივრებმა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს !
1992-93 წლების სეზონში კლუბმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა - პრემიერლიგა მოიგო! ფერგიუსონის გუნდის მთავარი კონკურენტი "ასტონ ვილა" იყო, თუმცა ბირმინგემელებმა კარგად დაწყებული სეზონი ჩააფლავეს და ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე ტურით ადრე დათმეს.
მომდევნო ჩემპიონატში კვლავ ოლდტრაფორდელებმა იმარჯვეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დუბლი შეასრულეს: ასოციაციის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში "ჩელსის" 4:0 სძლიეს. "ალისფერ ეშმაკუნებს" მესამე თასის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ლიგის თასის ფინალში "ასტონ ვილასთან" 1:3 დამარცხდნენ...
1994 წლის 20 იანვარს მატ ბასბი გარდაიცვალა...
1995 წელს კლუბმა ჩემპიონის ტიტული დაკარგა და თასის ფინალშიც დამარცხდა...
იმავე ზაფხულში სერ ალექსმა თავისი მეორე გუნდის შენება დაიწყო, რომელსაც ჟურნალისტებმა "ფერგის შვილები" უწოდეს.
ზაფხულში შოტლანდიელმა პარკერი, ინსი, კანჩელსკისი, და ჰიუზი გაასხვისა, ბრაიან რობსონი კი მცირე ხნით ადრე წავიდა გუნდიდან, ბრიუსმა და პალისტერმა კი ნელ-ნელა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს.
მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდული შემადგენლობის საუკეთესო მოთამაშეები დააწინაურა, სწორედ ისინი, რომლებმაც თანატოლთა შორის ზედიზედ მოიგეს ასოციაციის თასები: დევიდ ბექემი, პოლ სქოულზი, გარი და ფილ ნევილები, ნიკი ბათი... მათ ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბებული გიგზი დაემატა, "ნიუკასლ იუნაიტედიდან" კი ფორვარდი ენდი კოული მივიდა.
"ბავშვებთან ერთად ვერაფერს მოიგებ!" - 80-იანი წლების "ლივერპულის" დიდებულმა მცველმა, შემდგომში კი შესანიშნავმა კომენტატორმა ალან ჰანსენმა ეს დაუვიწყარი ფრაზა 1995-96 წლების სეზონისას თქვა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" კევინ კიგანის "ნიუკასლ იუნაიტედს" მთელი 9 ქულით ჩამორჩებოდა.
იმ სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ ერიკ კანტონას ლიდერობით მოთამაშე "ფერგიუსონის ბავშვებმა" ჩემპიონობა იზეიმეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თასიც აღმართეს: "ლივერპულს" ფრანგი ლეგენდის ზუსტი დარტყმით სძლიეს - 1:0.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი კლუბი შეიქნა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ორჯერ შეასრულა დუბლი !
ოლდტრაფორდელებმა შემდეგ სეზონშიც იმარჯვეს, რის შემდეგაც "კანტო" - ერიკ კანტონა ფეხბურთიდან წავიდა.
"შინ ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა მოსაგები ჯერ კიდევ ბევრია." - ალექს ფერგიუსონმა ევროპის საკლუბო ტურნირებზე, კონკრეტულად კი ჩემპიონთა ლიგაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სეზონიდან სეზონამდე საოცრად პოპულარული ხდებოდა. ნელ-ნელა ალისფერი საკლუბო მაისური მოირგეს იაპ სტამმა, ნორვეგიელმა უკანახაზელებმა ჰენინგ ბერგმა, რონი იონსენმა და ფორვარდმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ტრინიდადელმა თავდამსხმელმა დუაიტ იორკმა და მალე ის გუნდიც შეიქმნა, 1999 წლის დაუვიწყარი ტრიუმფი რომ გამოჭედა: იმ გაზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის უკანასკნელ სამ თამაშში ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი, ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი!
1998-99 წლების სეზონი გამოდგა ყველაზე წარმატებული "იუნაიტედისათვის". ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელადაც, გუნდმა მოახერხა ტრებლის გახერხება: "იუნაიტედმა" მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ევროპის ჩემპიონთა ლიგა - სამივე მთავარი ტურნირი. ძალიან დაძაბულ პრემიერლიგის სეზონში "იუნაიტედმა" ბოლო ტურში მოახერხა ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, დაამარცხა რა "ტოტენჰემ ჰოთსპური" 2:1. "მანჩესტერის" უმთავრესმა კონკურენტმა, "არსენალმა" აგრეთვე მოიგო თავისი მატჩი (1-0 "ასტონ ვილასთან"). "მანჩესტერი" "ტოტენჰემთან" 0-1 აგებდა და მოგების გარდა არაფერი აწყობდა.
And Solskjaer has won it!
პრემიერლიგის მოგება ტრებლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.
ასოციაციის თასის ფინალში "იუნაიტედმა" "ნიუკასლს" სძლია 2:0. გოლები ტედი შერინგემმა და პოლ სქოულზმა გაიტანეს, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალზე უფრო მეტად აღსანიშნავი ნახევარფინალი იყო, სადაც უდრამატულეს მატჩში რაიან გიგზის ბრწყინვალე გოლით 10 კაციანმა "მანჩესტერმა" 2-1 დაამარცხა "არსენალი".
1998-99 წლების სეზონის ბოლო აკორდი იყო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ქალაქ ბარსელონაში, "ბარსელონას" სტადიონ "ნოუ კამპზე".
"იუნაიტედმა" ენით აუღწერელ მატჩში დაამარცხა გერმანული გუნდი 2-1. ეს ფინალი დრემდე მიჩნეულია ჩემპიონთა ლიგის ფინალებს შორის ერთ-ერთ (თუ არა ყველაზე) საუკეთესოდ.
შემდეგ სეზონში "მანჩესტერმა" იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასიც მოიპოვა დაამარცა რა სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო გათამაშების, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული ბრაზილიური "პალმეირასი".
ალექს ფერგიუსონი ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ რაინდად აკურთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
ევროპიდან მსოფლიომდე: გლეიზერების ოჯახი
...2003 წლის მარტში ამერიკელმა მილიარდერმა მალკოლმ გლეიზერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციათა 2,9 პროცენტი შეიძინა, ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიოს უმდიდრეს კლუბში თავისი წილი 16,69 პროცენტამდე გაზარდა. 2004 წლის ზაფხულში გლეიზერმა კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართა: მზად იყო 650 მილიონი გირვანქა გადაეხადა და გუნდის მმართველი გამხდარიყო. დირექტორთა საბჭომ მისი წინადადება იუარა, თუმცა ოქტომბრისთვის ამერიკელი უკვე აქციათა 28,11 პროცენტს ფლობდა და წესდების მიხედვით, ოფიციალურად შეეძლო კლუბის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვა.
2005 წლის 12 მაისს მალკოლმ გლეიზერმა კლუბის მთავარ აქციონერებს, ირლანდიელ ბიზნესმენებს მაკმანუსს და მანიეს ისეთი წინადადებით მიმართა, რომელიც მათ ვერ იუარეს - ამერიკელის ხელში კლუბის აქციათა 56,9 პროცენტი მოექცა, ანუ საკონტროლო პაკეტი. მომდევნო დღეებში მალკოლმ გლეიზერმა თავისი წილი 75 პროცენტამდე გაზარდა, ივნისის დასაწყისში კი ის ფასიანი ქაღალდების 98 პროცენტის მფლობელი შეიქნა.
ბრიტანული პრესის ცნობით გლეიზერმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 790 მილიონ გირვანქად ანუ 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინა.
"ვთვლი, რომ გუნდის ახალი მფლობელი შესანიშნავი ადამიანია. ის შემადგენლობის გაძლიერებას დამპირდა და მჯერა მისი - ამერიკელები ნათქვამ სიტყვას არასოდეს გადადიან." - სერ ალექს ფერგიუსონი.
ნელ-ნელა "მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიზისი დაძლია, დედაქალაქური გუნდების ჩრდილიდანაც გამოვიდა და აგერ უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, პირველობისთვის იბრძვის:
2006 წელს კლუბმა ლიგის თასი აღმართა, ერთი წლის შემდეგ პრემიერლიგა და სუპერთასი მოიგო, შარშან კი ერთბაშად ოთხი თასით გაამდიდრა საკლუბო მუზეუმი: კვლავ იმარჯვა ჩემპიონატში, ზედიზედ მეორედ აღმართა სუპერთასი და რაც მთავარია, ისტორიაში მესამედ გაიმარჯვა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, რასაც წლის მიწურულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ტრიუმფიც დაურთო.
მიმდინარე წელიც კარგად დაიწყო: თებერვალში "ალისფერმა ეშმაკებმა" ლიგის თასი აღმართეს, რაც მორიგი საჩემპიონო ტიტულით დაგვირგვინდა.
ორი აზრი არაა, წინ კიდევ არაერთი დიდი გამარჯვებაა. ყოველ შემთხვევაში, აწმყო ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.
"მანჩესტერ იუნაიტედი": 1968 - პირველი ევროტრიუმფი
ჩემპიონთა თასის ამ გათამაშებას წინ უძღოდა უეფა-ს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ გუნდები ორივე შეხვედრას ფრედ დაასრულებდნენ, მესამე, გადამწყვეტი თამაში აღარ გაიმართებოდა, გამარჯვებული კი სტუმრად გატანილი გოლების გათვალისწინებით გამოვლინდებოდა. ანუ: უპირატესობა მიენიჭებოდა იმ გუნდს, რომელიც მეტოქის მოედანზე უფრო მეტი გოლის გატანას შეძლებდა. თუ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდებოდა, დაინიშნებოდა დამატებითი დრო.
იყო კიდევ ერთი ნოვაციაც: ჩემპიონთა თასის მფლობელი აღარ გათავისუფლდებოდა პირველი ეტაპიდან და ტიტულის დასაცავად ბრძოლას, სხვების დარად, თავიდანვე დაიწყებდა.
ამიტომაც, ჩემპიონთა თასის მფლობელი პირველი ბრიტანული კლუბი გლაზგოს "სელტიკი" 1/16 ფინალში ჩაერთო და... გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა: სქოთები საბჭოთა კავშირის უძლიერეს კლუბ კიევის "დინამოსთან" დამარცხდნენ. უდავოდ საინტერესო იქნება იმის თქმა, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელმა "სელტიკმა" 1967-68 წლების სეზონის პირველი ეტაპის მეორე შეხვედრა თბილისში ჩაატარა - კიევის "დინამომ" მეტოქეს სწორედ საბჭოთა საქართველოში უმასპინძლა...
"სელტიკისგან" განსხვავებით, პირველი ბარიერი იოლად დაძლია ინგლისის უძლიერესმა კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედმა": ოლდტრაფორდელებმა მალტის "ჰიბერნიანსთან" "ურთიერთობა" პირველივე შეხვედრაში "გაარკვიეს" - დევიდ სედლერმა და დენის ლოუმ კუნძულელებს ორ-ორი გოლი გაუტანეს. საპასუხო თამაში ფრედ 0:0 დასრულდა.
ისევე როგორც 1/16 ფინალში, 1/8 ფინალშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" სარაევოში ამავე სახელწოდების გუნდთან ფრედ 0:0 ითამაშა, შინ კი მოიგო. "ოლდ ტრაფორდზე" იუგოსლავიელებს ასტონმა და ბესტმა ორი გოლი გაუტანეს და თავიანთ კლუბს შემდეგი ეტაპის საგზურიც მოუტანეს. მეოთხედფინალში "მანჩესტერმა" პოლონურ "გურნიკს" 2:0, 0:1 მოუგო.
ნახევარფინალებში გუნდები ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში, სასტუმრო "პარკ ოტელში" ჩატარებული წილისწყრის შემდეგ დაწყვილდნენ: "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალთან" საბრძოლველად, "იუვენტუსი" კი "ბენფიკასთან" შერკინებისთვის მოემზადა.
ინგლისის და ესპანეთის უძლიერეს კლუბთა დაპირისპირებაში ორი ულამაზესი მატჩი შედგა, რომელთაგან პირველს მანჩესტერმა უმასპინძლა. ოლდტრაფორდელებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა გოლით მხოლოდ ერთი შეტევა დააგვირგვინეს - ესპანელები ჯორჯ ბესტმა დასაჯა.
ამ შეხვედრის შემდეგ ფიფა-ს პრეზიდენტმა სერ ალფ რამსეიმ მატ ბასბის გუნდი ასე დაახასიათა: "ეს არის ყველაზე მაღალი კლასის გუნდი, რომელსაც კი ოდესმე დაუცავს ბრიტანული ფეხბურთის სახელი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ყველაზე დახვეწილი კლუბია!"
ფიფა-ს პრეზიდენტის სიტყვები სულაც არ აინტერესებდა მადრიდის "რეალის" ვეტერან მწვრთნელ მიგელ მუნიოსს, რომელმაც საპასუხო თამაშის წინ განაცხადა: "ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავალთ ფინალში, გოლს კი ამანსიო გაიტანს, სწორედ ის, რომელმაც ინგლისში არცთუ კარგად ითამაშა!"
120 ათასი გულშემატკივრის თვალწინ სამეფო კლუბმა დიდებულად დაიწყო თამაში და პირველი ტაიმი 3:1 მოიგო: 31-ე წუთზე ხოსე მარტინეს პირიმ გახსნა ანგარიში, მალე სოკომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა შესვენებამდე ჯერ ხენტომ, რამდენიმე წუთში კი მუნიოსის რჩეულმა ამანსიომ კიდევ 2 ბურთი გაიტანეს სტუმართა კარში. მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ასეც გაგრძელდა, თუმცა მადრიდელებს ინგლისელთა ორი კონტრშეტევა გამოეპარათ, რომლებიც ჯერ ნახევარმცველმა დევიდ სედლერმა, მერე კი შეტევაში ჩართულმა მცველმა ბილი ფოულკსმა ზუსტი დარტყმებით დააგვირგვინეს და... პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა - 3:3. "რეალი" ძალიან კი ცდილობდა დაწინაურებას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, შესაბამისად, ფინალის საგზურსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეუფლა, მიუნხენური ავიაკატასტროფიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ !
ფინალს, ისევე როგორც 1963 წელს, ეხლაც, ლონდონის "უემბლიმ" უმასპინძლა. ხუთი წლით ადრე "ბენფიკამ" აქ "მილანთან" წააგო. პორტუგალიელებმა ახლაც დამარცხებულებმა დატოვეს სარბიელი: მატ ბასბის გუნდმა 4:1 გაიმარჯვა და ევრომწვერვალზე ავიდა !
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ბობი ჩარლტონმა, რომელიც 1966 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს, ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა, თუმცა თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ჟაიმე გრასამ ალექს სტეპნის კარში საპასუხო ბურთი გაიტანა.
რომ არა იმავე სტეპნის საოცარი რეაქცია, საქმე დამატებით დრომდე არც მივიდოდა - 89-ე წუთზე მან ეუსებიოს ძალიან სახიფათო დარტყმა ულამაზესი ნახტომით უკუაგდო. ერთ წუთში იტალიელმა არბიტრმა კონჩეტო ლო ბელომ ძირითადი დროის დასრულება ბრძანა და დამატებითი დრო დანიშნა, მეორედ ჩემპიონთა თასის ფინალების ისტორიაში.
მე-100 წუთისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო: დამატებითი დროის მე-7 წუთზე ჯორჯ ბესტმა "ალისფერი ეშმაკუნები" დააწინაურა, ერთ წუთში ბრაიან კიდმა, რომელიც იმ დღეს მე-18 დაბადების დღეს ზეიმობდა, მესამე ბურთი გაიტანა ჟოზე ენრიკეს კარში, მე-100 წუთზე კი ბობი ჩარლტონმა დუბლი შეასრულა - 4:1 ! ბობი ჩარლტონი იმ ფეხბურთელთა რიგში ჩადგა, რომელთაც ფინალში ერთ გოლზე მეტის გატანა მოახერხეს. სხვათა შორის, დუბლი ალტაფინიმაც "უემბლიზე" მიითვალა - 1963 წელს იმავე "ბენფიკას" წინააღმდეგ...
ჩემპიონთა თასის 1960 წლის ფინალის შემდეგ, როცა მადრიდის "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტს" 7:3 სძლია, გადამწყვეტი შეხვედრა პირველად დასრულდა სამი ბურთის სხვაობით !
"ბასბის ჩვილები ფერფლიდან აღდგნენ!" - წერდა ბრიტანული პრესა, თავად მწვრთნელი კი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება შრომობდა, ბოლოს და ბოლოს ხორცშესხმული იხილა - მისი გაწვრთნილი კლუბი უძლიერესი გახდა ბებერ კონტინენტზე ! ჩემპიონთა თასმა ფეხბურთის სამშობლოში პირველად "გამოიზამთრა"...
საკონტინენტთაშორისო თასი კი ევროპელებმა კვლავ დათმეს: ამჯერად ეს ჯილდო არგენტინის "ესტუდიანტესმა" (ლა პლატა) მოიპოვა. პირველი შეხვედრა 1968 წლის 25 სექტემბერს ბუენოს აირესში, "ლა ბომბონერაზე" გაიმართა და მასპინძელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო თამაში 16 ოქტომბერს შედგა - ფრე 1:1. ინგლისელებმა ხუან რამონ ვერონის მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლი მატჩის უკანასკნელ წამებზე მორგანის ზუსტი დარტყმით გაქვითეს...
ხუან რამონ ვერონის შვილი ხუან სებასტიან ვერონი წლების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს და ინგლისის ჩემპიონიც გახდება...
ფინალი. 29 მაისი, 1968. ინგლისი, ლონდონი, "უემბლი". 92 225.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 4:1 (დ.დ) "ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია)
გოლები: 1:0 ბ.ჩარლტონი (55), 1:1 ჟ.გრასა (80), 2:1 ჯ.ბესტი (97), 3:1 ბ.კიდი (98), 4:1 ბ.ჩარლტონი (100)
"მანჩესტერ იუნაიტედი": ალექს სტეპნი, შეი ბრენანი, ბილი ფოულკსი, ნობი სტაილზი, ტონი დანი, პეტ კრერანდი, ბობი ჩარლტონი (კაპ), ჯორჯ ბესტი, ბრაიან კიდი, დევიდ სედლერი, ჯონ ასტონი.
მწვრთნელი: მატ ბასბი
"ბენფიკა": ჟოზე ენრიკე, ადოლფო კალისტო, უმბრეტო ფერნანდესი, ჟაშინტო სანტოსი, ფერნანდო კრუზი, ჟაიმე გრასა, მარიო კოლუნა (კაპ), ჟოზე აუგუშტო, ჟოზე ტორეში, ეუსებიო, ანტონიო სიმოეში.
მწვრთნელი: ოტო გლორია
მსაჯი: კონჩეტო ლო ბელო (იტალია)
"მანჩესტერ იუნაიტედი": 1999 - მეორე ევროტრიუმფი
ჩემპიონთა თასის მორიგმა გათამაშებამ განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე ჩაიარა: ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, რის შემდეგაც 6 ოთხგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.
ამ გათამაშების ფინალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბაიერნმა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს თამაში. ამავდროულად, ორივე კლუბი თავისი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩაერთო ტურნირში. ეს პირველად მოხდა, რომ ფინალში ერთმანეთს ორი ისეთი კლუბი დაუპირისპირდა, რომელთაგან წინა სეზონში არცერთი ჩემპიონი არ გამხდარა...
დ ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფად" მონათლეს: აქ ერთმანეთს ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედი", ესპანეთის "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნი" და დანიის "ბრონდბიუ" ებრძოდნენ. ეს უკანასკნელი, ცხადია, სათვალავში არ მიიღებოდა.
ძალიან ლამაზი გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ბარსელონას" ორივე პაექრობა: თამაშები ფრედ 3:3 დასრულდა. 1998 წლის 25 ნოემბერს, ბარსელონაში, მასპინძელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა სონი ანდერსონმა 50-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს ერთ-ერთი უსწრაფესი გოლია ჩემპიონთა ლიგაში...
1998 წლის 21 ოქტომბერს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად 6:2 მოუგო "ბრონდბიუს". ოლდტრაფორდელთა მიერ მეტოქის მოედანზე გატანილი ექვსი გოლი დღემდე სარეკორდოა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში - ამდენი ბურთი სტუმრად სხვა გუნდს არ გაუტანია. რაც შეეხება "ბრონდბიუსთან" ორი მატჩის ჯამში მოპოვებულ უპირატესობას - ალექს ფერგიუსონის გუნდმა 11:2 სძლია მეტოქეს - ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში...
ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 გოლი მიითვალა. ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მიღწევათა შორისაა...
1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მილანის "ინტერს" აჯობა და პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური.
ნახევარფინალში ინგლისელებმა იტალიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეაჩერეს - ტურინის "იუვენტუსს" "სტადიო დელე ალპიზე" აჯობეს.
პირველ მატჩს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდმა" უმასპინძლა, მარჩელო ლიპის გუნდი ბოლო წამამადე იგებდა, თუმცა რაიან გიგზმა იმარჯვა და თანაგუნდელები მარცხს გადაარჩინა. იტალიაში ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა: მე-10 წუთზე მასპინძლები ორი ბურთით იყვნენ წინ, 34-ე წუთზე კი ანგარიში უკვე 2:2 იყო.
საბოლოოდ, "ალისფერმა ეშმაკუნებმა" იმარჯვეს, ეს კი ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პირველი მოგება იყო იტალიაში.
მეორე ფინალისტი კიევის "დინამოს" და მიუნხენის "ბაიერნის" პაექრობაში გამოვლინდა. კლასმა და ოსტატობამ თავისი გაიტანა: ოტმარ ჰიცფელდის გუნდმა უკრაინის დედაქალაქში ბოლომდე იბრძოლა და მარცხს თავი დააღწია, "ოლიმპიაშტადიონზე" კი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კახა კალაძემ ლიგის ნახევარფინალში პირველად სწორედ მაშინ ითამაშა...
ფინალის მასპინძელი "კამპ ნოუ" გადაიჭედა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გადამწყვეტი მატჩიც შედგა: "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2:1 მოიგო, არადა, 90-ე წუთის ჩათვლით 0:1-ს აგებდა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ ტედი შერინგემმა, მერე კი ოლე გუნარ სოლსკიაერმა ორი ბურთი გაიტანეს ოლივერ კანის კარში!
1968 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორედ აღმართა ჩემპიონთა თასი, მიუნხენის "ბაიერნს" 1982 და 1987 წლების შემდეგ მესამე ფინალში მოეცარა ხელი. "ბაიერნის" თავკაცი ოტმარ ჰიცფელდი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი სხვადასხვა კლუბი გაიყვანა...
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეიქნა პირველი კლუბი ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა თასთან ერთად თავისი ჩემპიონატიც მოიგო და თასიც! და კიდევ: მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, ინგლისელებმა დაუმარცხებლად განვლეს 13 მატჩი, ეს კი ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 2005-06 წლების სეზონში მანჩესტერელთა ეს რეკორდი "ბარსელონამ" გაიმეორა, მოგვიანებით კი თავად ოლდტრაფორდელებმა გააუმჯობესეს...
სერ ალექს ფერგიუსონის კლუბმა ჩემპიონთა თასს მხოლოდ საკონტინენტთაშორისო თასი მიუმატა: 1999 წლის 30 ნოემბერს, ტოკიოში, ბრაზილიის "პალმეირასი" ირლანდიელი კაპიტნის როი კინის მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. ჩემპიონთა თასის და თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებულებს შორის უკანასკნელად გათამაშებული ევროპის სუპერთასი კი რომის "ლაციოს" დარჩა: 1999 წლის 27 აგვისტოს, მონტე-კარლოში, აპენინელებმა ჩილელი ფორვარდის მარსელო სალასის გოლით მოიგეს...
ფინალი. 26 მაისი, 1999. ესპანეთი, ბარსელონა, "კამპ ნოუ". 90.245
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 "ბაიერნი" (მიუნხენი, გერმანია)
გოლები: 0:1 მ.ბასლერი (6), 1:1 ტ.შერინგემი (90), 2:1 ო.გ.სოლსკიაერი (90)
"მანჩესტერ იუნაიტედი": პეტერ შმაიხელი (კაპ), გარი ნევილი, დენის ირვინი, რონი იონსენი, იაპ სტამი, დევიდ ბექემი, ნიკი ბათი, იესპერ ბლომკვისტი (ტედი შერინგემი 67), რაიან გიგზი, ენდი კოული (ოლე გუნარ სოლსკიაერი 81), დუაიტ იორკი.
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი
"ბაიერნი": ოლივერ კანი (კაპ), მარკუს ბაბელი, სამუელ ოსეი კუფური, ლოთარ მათეუსი (ტორსტენ ფინკი 80), თომას ლინკე, მიხაელ ტარნატი, იენს იერემისი, შტეფან ეფენგერგი, მარიო ბასლერი (ჰასან სალიჰამიჯიჩი 90), ალექსანდრ ციკლერი (მეჰმეთ შოლი 71), კარსტენ იანკერი.
მწვრთნელი: ოტმარ ჰიცფელდი
გაფრთხილება: შ.ეფენბერგი
მსაჯი: პიერლუიჯი კოლინა (იტალია)
"მანჩესტერ იუნაიტედი": 2008 - მესამე ევროტრიუმფი
სტატიაზე მუშაობდა ჯუბო ბერიძიშვილი
© MANUTD.GE 2012