მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა ჩაიბარა გუნდი, ჯერ თამაში არ წაუგია და სამი მატჩი მოიგო ზედიზედ "ლა გალაქსის", "რომასა" და "ინტერის" წინააღმდეგ. სწორედ ამ მაჩვენებლის გამო, გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდა ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა მოხიბლულია ჰოლანდიელი ახალი მწრთვნელით.
"ახალი რაღაცები ხდება. მე ახალი მწრთვნელი მყავს, გუნდში კი სიახლეები მიმდინარეობს. ჩვენ ყველას მოგვწონს ეს და ბევრს ვმუშაობთ, რომ შევეჩვიოთ ახალ სტილს. ყველა მოტივირებულია."
"ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ბურთის კონტროლსა და ამ სისტემასთან დაკავშირებულ სიახლეებზე. ის მართლაც დიდებული მწრთვნელია და ბევრის სწავლას ვაპირებთ მისგან."
დე ხეამ უკვე მესამე მატჩი ჩაატარა ამ სეზონში და ითამაშა ყოფილი კაპიტნის, ნემანია ვიდიჩის წინააღმდეგაც, რომელმაც თავისი ცხრაწლიანი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" მაისში დაასრულა.
"ჩემთვის ცოტა უხერხული და უცნაური იყო ნემანიას წინააღმდეგ თამაში. რთული და უცნაურია ისეთი ადამიანის წინააღმდეგ თამაში, რომელიც შენი თანაგუნდელი იყო ამდენი წლის მანძილზე. მან "იუნაიტედში" დიდი დრო გაატარა და მე ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სხვა გუნდის ფორმას ატარებდა."
"ჩვენ ძალიან გაგვიხარდა თამაშის მოგება, რადგანაც ამ მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდექით. ჩვენ პენალტების სერიაში მოვახერხეთ გამარჯვება, მაგრამ დავტოვეთ შთაბეჭდილება, რომ ვიყავით ძალიან კარგები დაცვაში და ძალიან კომპაქტურებიც."
"იუნაიტედის" მთელი ყურადღება ახლა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზეა მიმართული, რომელიც "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ჩატარდება.
"ეს დიდებული მატჩი იქნება. ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობა იქნება ამდენი ხალხის გარშემო რეალთან თამაში. ჩვენ ვისიამოვნებთ ამ მატჩით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თამაში გაზრდაში დაგვეხმარება."