"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ეშლი იანგი ორი წარუმატებელი გასვლითი შეხვედრის შემდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებით მოხარულია. "წითლებისთვის" გასვლითი მატჩები თავიდან წარმატებით მიმდინარეობდა: "ბრაგა", "ბირმინგემი", ეშლის ყოფილი გუნდი "ასტონ ვილა", შემდეგ კი მარცხი "ნორვიჩთან" და "გალათასარაისთან". იანგი იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებით ისარგებლებს და "ქპრ"-სთან რევანშს აიღებს. "ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, სახლში თითქმის არ ვყოფილვართ. ჩვენს ოჯახებთან დიდი დრო არ დაგვიხარჯავს და "ოლდ ტრაფორდიც არ გვინახავს. ასე რომ, სახლში დაბრუნება გუნდს ძალიან დაეხმარება. რა თქმა უნდა, გასვლით შეხვედრებში ქულების მოპოვება ცუდი არ არის - ეს ფაქტი საბოლოო წარმატების მიღწევაში გვეხმარება. "ნორვიჩთან" მარცხის შემდეგ, გასახდელში ყველა იმედგაცრუებულები ვიყავით, ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს დღევანდელი მატჩისთვის. იანგს "იუნაიტედის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია, მათ შორის "ოლდ ტრაფორდზეც". ინტერვიუში მან იმ ემოციაზეც ისაუბრა, რომელიც ამ სტადიონის ყველა სტუმარი გუნდის ფეხბურთელს ეუფლება. "ოლდ ტრაფორდზე" თამაში, როგორც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი, იგივეა რაც ითამაშო თასის ფინალში. ასეთი გრძნობა მეუფლებოდა, როცა "ასტონ ვილაში" ვიყავი. თუ შენ დაამარცხებ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე", ეს დღე შენთვის დაუვიწყარი გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ "ქპრ" ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ჩვენ სახლში თავს კომფორტულად ვგრძნობთ და შემდეგ ორ მატჩში მხოლოდ სამი ქულის მოპოვება გვსურს." - დაასრულა იანგმა.