"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამწუხაროდ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა კლუბის ყოფილი მოთამაშე კენი მორგანსი. ფეხბურთელი, რომელმაც მიუნხენის ტრაგედია გადაიტანა შაბათს საღამოს მიიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კლუბის პერსონალი და მოთამაშეები თანაგრძნობას უცხადებენ კენის ოჯახს და მეგობრებს.
მორგანსი "იუნაიტედში" ვინგერის პოზიციაზე 50-იანების მიწურულს ასპარზეობდა. მისი დებიუტი 1957 წლის 21 დეკემბერს "ლესტერის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. ამ დროს ის 18 წლის იყო. სწორედ მისი დებიუტიდან ორ თვეში მოხდა მოუნხენის ტრაგედია, სადაც მან სხეულის დაზიანებები მიიღო.
იმისდა მიუხედავად, რომ კენიმ მიღებული ტრამვები მოიშუშა და თამაში გააგრძელა, მან თავისი კარიერის დიდი ნაწილი მშობლიურ უელსში გაატარა. იგი "ოლდ ტრაფორდიდან" "სუნსში", ხოლო შემდგომ - "ნიუპორტ კაუნტიში" გადაბარგდა. მორგანსმა კარიერა 1967 წელს დაამთავრა.