სეზონი თავიდანვე რთულად დაიწყო. გულშემატკივარმა მოსვენება ზაფხულშივე დაკარგა. უეინ რუნი - აი რა იყო "მანჩესტერული" სამყაროს ღელვის მიზეზი. 2012-13 სეზონის დასასრულს კლუბი ორმა ლეგენდამ, ორმა გენიოსმა დატოვა. იყო ცრემლი, ტკივილი, შიში, მაგრამ არასდროს დაკარგულა ის, რაც "იუნაიტედის" ფანებს ყოველთვის თან სდევთ და ეს იყო რწმენა. ყველას სჯეროდა, ყველას სწამდა გუნდის, მისი სიძლიერის და მომავლის. წითელი არმიისთვის არავინ და არაფერი იყო "იუნაიტედზე" დიდი, მაგრამ მათ მაინც სჭირდებოდათ რუნი, მათი ლეგენდა, რომელიც უბრალოდ "მანჩესტერის" ერთადერთ იმედად რჩებოდა.
რთული იყო ყოველ წუთს გადაგემოწმებინა ბრიტანული პრესა, რთული იყო წაგეკითხა ათასი ჭორი, თითქოს ჩვენი შრეკი უკვე აღარც იყო "იუნაიტედის" საკუთრება. ინგლისელი ხან "სიტიში" მიჰყავდათ, ხანაც "ჩელსიში", ხანაც "პსჟ–ში". ყველას ეშინოდა, მაგრამ ალბათ წარმოუდგენლად ბედნიერი იყო თითოეული ფანი, როცა ეკრანზე, თუ სტადიონზე უეინ რუნი დაინახა, დაინახა როგორ ხურდებოდა და შემდეგ როგორ დადგა კიდევ ერთხელ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხი. თუმცა ღელვა მხოლოდ მას შემდეგ ჩაცხრა, რაც რუნიმ ახალ კონტრქატს მოაწერა ხელი.
სეზონის სიმძიმე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. უამრავი მარცხი, ტკივილი და იმედგაცრუება. ჯერ მოსისხლე მტერი "ლივერპული", შემდეგ "სიტიც". ისევ ცრემლი. რჩებოდა ერთადერთი იმედი და ეს "ოლდ ტრაფორდი" იყო. მაგრამ სამწუხაროდ, ვერც "ოცნების თეატრის" საოცარმა ძალამ შეძლო მეტოქეების შეჩერება და "მანჩესტერი" ზედიზედ მარცხდებოდა. იყო პატარ–პატარა გამობრწყინებებიც. საოცარი ქამბექი "ოლიმპიაკოსთან" და ფელაინის წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ შეძენილი მატა. ზოგი კარგავდა იმედს, ზოგიც ისევ პოზიტიურად იდგა. მოხდა სეზონის წარუმატებლობაზე გაცილებით მტკივნეული რამ–გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდი" დატოვა.
თუმცა, ამის შემდგომ, წითელმა არმიამ წარმოუდგენელი მხარდაჭერა გამოიჩინა. იყვნენ ერთეულებიც, რომლებიც მოიესის გაშვებას დაჟინებით ითხოვდნენ, მაგრამ უმეტესობა ბოლომდე მხარში ედგა ახალ მწრთვნელს და უმღეროდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი ხვდებოდათ მეტოქეებს "ოლდ ტრაფორდზე". ფანების სიმღერა არამარტო სტადიონზე და ინგლისის ქალაქებში, არამედ ქვეყნის გარეთაც არ წყდებოდა. ვერ შეძლეს... მხოლოდ გულშემატკივრის ძალა არ აღმოჩნდა საკმარისი წითლების გადასარჩენად, მოიესი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, თუმცა არ ტყდებოდა, გულშემატკივარს საოცარ ქამბექს ჰპირდებოდა. მოლოდინი დიდი იყო შედეგად კი ეშმაკუნები ოთხეულს მიღმა დარჩნენ. ისევ ტკივილი იმედგაცრუება და ცრემლი. ბოლოს და ბოლოს მოიესმა "იუნაიტედი" დატოვა.
იყო სიხარული, მაგრამ ასევე იყო შიშიც. ის "რჩეული" იყო, იქნებ გაემართლებინა? მაგრამ შოტლანდიელმა არაფერი ხელჩასაჭიდი არ დაგვიტოვა, არ დაგვიტოვა რაიმე მიზეზი მისი ნდობისა. ისევ ღელვა. ეს "იუნაიტედის" გულშემატკივარს არასდროს განუცდია. მას მისი მამა, ფერგიუსონი ჰყავდა და სწორედ ეს განარჩევდა სხვებისგან. ახლა კი წინამძღვის გარეშე დარჩენილი შიშმა მოიცვა. მწრთვნელის შერჩევა მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდა და დროებით ეს პოსტი რაიან გიგზმა დაიკავა.
ისევ შიშნარევი სიხარული. გიგზი გულშემატკივარს შეპირდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნებდა იმას, რაც ასე ძალიან დაგვაკლო ამ სეზონმა და ეს ღიმილი იყო. თითქოს ეს შეძლო რაიანმა, მაგრამ ჩატარებული ოთხი მატჩი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი და დღეს "იუნაიტედი" ისევ რთული არჩევნის წინაშეა.
მიუხედავად განცდილი ტკივილისა, მიუხედავად გასული სეზონისა და ამდენი იმედგაცრუებისა, მე მაინც ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დავნებდეთ, რატომ არ უნდა გვჯეროდეს, რატომ არ უნდა გვქონდეს მომავლის იმედი.
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც რონალდუმ დაგვტოვა, ყველა ამბობდა, რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო, მაგრამ შედეგი თავადაც ნახეს. შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჩელსი" ტიტულს ტიტულზე იგებდა, ბევრი ამბობდა, რომ 19 უბრალოდ სასწაული იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით სასწაულის მოხდენა და მოვიგეთ ჩვენი მე-19 და სარეკორდო ტიტული. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ლივერპული" 18 პრემიერ ლიგით ამაყობდა და ჩვენი 8 საასაცილოდ არ ჰყოფნიდა, გვითხრეს დავბრუნებულიყავით მაშინ, როცა გვექნებოდა 18 და ჩვენ დავბრუნდით. 55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 8 ფეხბურთელი ტრაგედიაში დაიღუპა და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენი ოცნებებიც მათ გაიყოლეს და მათთან ერთად "მანჩესტერიც" მოკვდა, მაგრამ ახლა ჩვენ ვდგავართ აქ, 20 ტიტულით ხელში. ამის შემდეგ ვინ მეტყვის რომ ჩვენ ისევ ვერ შევძლებთ გაბრწყინებას?
მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად არ მომხდარა. გამარჯვებამ მსხვერპლი, მოთმინება და ბრძოლა მოითხოვა, ბრძოლა მარტო მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისა კი არა, არამედ თითოეული ჩვენგანისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ტკივილი დროებითია, ის შეიძლება გაგრძელდეს ერთი წუთი, ერთი საათი, ერთი დღე ან ერთი წელი, მაგრამ აუცილებლად მოუღებს მას რაღაც ბოლოს და ეს რაღაც წარმატება იქნება. უარესი დღეები გამოგვივლია, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ, ვცოცხლობთ, ვიბრძვით და არასდროს ვნებდებით. გამარჯვება, ბრძოლა, სირთულეების გადალახვა - ეს არის ის გზა, რომელზეც "იუნაიტედი" უკვე წლებია დადის, ის კრიტიკას საუკუნეა ისმენს და უძლებს, ახლა კი ნამდვილად არ აპირებს დანებებას.
რა ხდება დღეს? დაგვტოვა ფერგიუსონმა, ნელ-ნელა ფერგის ბიჭებიც ტოვებენ სახლს, ტოვებენ სიცარიელეს და ტკივილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ აქ ლეგენდები იბადებიან და იზრდებიან, ვინ იცის რას გვთავაზობს ახალი თაობა? ახლა ახალი სისხლი, ახალი ძალა გვჭირდება. იქნებ ამ 18-19 წლის ბიჭებს შორის არის ის, ვინც შეძლებს საკუთარი ეპოქის შექმნას? მტკივნეულია ერთად გამოემშვიდობო ვიდას, რიოს და გიგზს, მტკივნეულია მაგრამ ოდესმე ეს მაინც მოხდებოდა. გვეზრდებიან ბიჭები, რომლებიც ღიმილს დაგვიბრუნებენ, ბიჭები რომლებიც სულმოუთქმეად ელიან როდის დადგამენ ფეხს ოცნების თეატრში და გააგრძელებენ ჩვენთვის შეუძლებელი ოცნებების ახდენას. ამიტომ გჯეროდეთ, ყოველთვის გჯეროდეთ და თუ ოდესმე დანებებას გადაწყვეტთ, დახედეთ "იუნაიტედის" ლოგოს და გაიხსენეთ, რომ ეკუთვნით გუნდს, რომლის შესაძლებლობების ლიმიტი არ არსებობს, გუნდს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, გუნდს, რომელიც აუცილებლად გაივლის ამ ქარიშხალს და კვლავაც გაიბრწყინებს !
ავტორი: მარიამ გეგუჩაძე
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.