ნემანია ვიდიჩზე საუბარი უსაზღვროდ შემიძლია, თუმცა ეს არ არის ჩემი მთავარი მიზანი. მინდა მაქსიმალურად ლაკონიურად შევაკოწიწო სერბის კარიერა მანჩესტერში და გავიხსენო ამ გენიალური მცველის განვლილი გზა.
ნემანია ვიდიჩი დაიბადა იუგოსლავიის პატარა ქალაქში - უზიჩში, სპილენძის ქარხნის მუშის ოჯახში. მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ექვსი წლის ასაკში, როდესაც მისმა მშობლემა ის და თავისი ძმა, დუშანკო, აუზიჩის ადგილობრივ გუნდში მიიყვანეს. დუშანკოსგან განსხვავებით, ნემანია ვიდიჩი ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. იგი თორმეტი წლის ასაკში უკვე "სლობოდა უზიჩის" დუბლებში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, ნემანია ვიდიჩის კარიერა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, ვინაიდან იუგოსლავიის ომმა იგი ფეხბურთს ჩამოაშორა. იმ პერიოდში მისი ოჯახის წევრები და თანამემამულეები მუდმივ შიშში ცხოვრობდნენ, ვინაიდან, იცოდნენ, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მატი სახლები დაებომბათ.
ამ მოვლენებმა, ნემანია, როგორც პიროვნება, ორმაგად გააძლიერა. პირად ინტერვიუებსი საუბრისას იგი ხშირად უსვამს ხაზს, რომ სწორედ იმ დროს გადატანილი შიშის შემდეგ ჩამოუყალიბდა უდრეკი ხასიათი, რაც მის სათამაშო სტილშიც იგრძნობა. ნემანია ფეხბურთს თითქმის სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა და ძალიან მალე მოახერხა საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნება. 1996 წელს ახალგაზრდა მცველი "რედ სტარ ბელგრადმა" შეიძინა, თუმცა ამ გუნდში ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია, რადგან 4 წლის განმავლობასი დუბლებში გამოდიოდა.
2000 წელს ნემანია ვიდიჩი "სპარტაკ სუბოტიჩამ" აიყვანა არენდით, სადაც სერბმა 27 თამაში ჩაატარა. ამ მატჩებში ნემანიამ ექვსი გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის მეტად შტამბეჭდავი შედეგია. მიუხედავად სერბის თავდადებისა და მონდომებისა, ევროპული გრანდები მას ყურადღებას არ აქცევდნენ, რის გამოც "რედ სტარ ბელგრადში" დაბრუნება მოუწია. ვიდიჩმა "ბელგრადის" შემადგენლობაში 2001 წლიდან 2004 წლამდე გამოდიოდა. მან 91 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად ასეთი ციფრებისა, ევროპულმა გრანდებმა კვლავ გულგრილობა გამოიჩინეს და ნემანიას ნაკლებად პესრპექტიულ კლუბში, მოსკოვის "სპარტაკში" მოუწია გადასვლა.
ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას ნემანიამ გაიხსენა "სპარტაკში" გადასვლა. ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა რუსეთში თამაში, ვინაიდან თვლიდა, რომ გაუმართლებდა და მოსკოვიდან პირდაპირ ევროპულ გრანდში ამოყოფდა თავს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2004 წლის მონაცემებით ნემანია ვიდიჩი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა რუსეთის ფეხბურთის ისტორიაში. "სპარტაკში" მისი კარიერა ტრავმით დაიწყო, რასაც მოყვა სეზონის უდიდესი ნაწილის გამოტოვება, შედეგად კი პირველ წელს მხოლოდ 13 თამაშის ჩატარება შეძლო მან. შემდეგ წლის პირველი წრე სრულად ჩაატარა ნემანიამ, თუმცა მეორე წრეში "სპარტაკის" არც ერთ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან....
2006 წლის 5 იანვარს ნემანია ვიდიჩი ოფიციალურად "მანჩესტერ იუნიატედის" საკუთრება გახდა.. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რამდენად ღირებული შენაძენი გააკეთა "იუნიატედმა" სულ რაღაც 7 მილიონ ფუნტ-სტერლინგად.
მიმაგრებული ფოტო : ვიდიჩის წარდგენა კერინგტონზე, 2005 წ.
5 იანვარს ნემანიამ 15 ნომრიანი მაისური აირჩია, 25 იანვარს კი პირველი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მაისურით. ახლაც კი მახსოვს ძალიან ცხადად, როგორ შეიყვანა ფერგიუსონმა ვიდიჩი რუდ ვან ნისტელროის ნაცვლად მოედანზე. ის იყო ლიგის თასის თამაში, სადაც "ბლექბერნს" ვხვდებოდით.
ვიდიჩმა პირველი ტიტული მანჩესტერში მოსვლიდან ერთვი თვის შემდეგ მოიგო. ეს იყო 16 თებერვალს, სადაც მან მხოლოდ 7 წუთი ითამაშა, თუმცა მაინც მიიღო ოქროს მედალი. მოგვიანებით, ნემანიამ ეს მედალი თანაგუნდელ ჯუზეპე როსის გადასცა, ვინაიდან როსიმ იმ წელს 5 ლიგის თამაში ითამაშა, თუმცა ფინალში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან იგი იჯარით იყო გაშვებული, ამიტომ ვერ მიიღო მედალი. ნემანიამ ეს გარემოება გაითვალისწინა და მედალი როსის გადასცა. მოგვიანებით კითხეს ნემანიას, თუ რატომ მოიქცა ასე, მან კი უპასუხა :
"არ შეიძლება შვიდი წუთის გამო ადამიანმა ოქროს მედალი მიიღოს, 5 თამაშის გამო კი არაფერიო." ერთი წლის შემდეგ ნემანია ვიდიჩს 53 თამაში და 4 გოლი დაუგროვდა. იგი 2006-07 წლის სეზონში რიო ფერდინანდის განუყრელი მეგობარი გახდა მოედანზე. ალექს ფერგიუსონი მას უფრო და უფრო ენდობოდა, ნემანია კი უფრო და უფრო იზრდებოდა. ის იყო გამორჩეული მებრძოლი, უდრეკი ხასიათისა და მზერის პატრონი, რომელიც არასოდეს ჩერდებოდა, არასოდეს ნებდებოდა. ალექს ფერგიუსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა :
"შეხედეთ ამ ბიჭის თვალებს და დაიმახსოვრეთ ის !" ამ წელს "იუნიატედმა" პრემიერ ლიგა მოიგო, ვიდიჩმა კი პირველი სერიოზული პრიზი.
მომდევნო წელი ვიდიჩისთვისაც და "მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც" საოცრად წარმატებული გამოდგა. ნემანია ვიდიჩი დაცვის უცვლელი წევრი გახდა, იგი გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. ამას მოწმობდა მისი თავგანწირული თამაში და თამაშის ხარისხი. ალბათ, ყველას გვახსოვს ნემანიას ბრწყინვალე დაცვითი მანევრი საკუთარ საჯარიმოში დროგბას წინააღმდეგ.
(იხ. ვიდეო ) ამ თავგანწირული თამაშის შემდეგ ნემანია ვიდიჩი მთელმა მსოფლიომ ტერმინატორად მონათლა. ჟურნალები წერდნენ, რომ სერბი მცველი რკინის იყო და მას არაფერი ემართებოდა. ნემანიას კარიერა ნელ-ნელა ბრწყინვალე ხდებოდა.
2008 წელს ნემანია ვიდიჩი მოსკოვში დაბრუნდა, ოღონდ ამჟამად "მანჩესტერის" მაისურით და ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ სათამაშოდ, თანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ფინალი იდეალურად დაიწყო "იუნაიტედისთვის" და ასეც დასრულდა, რაშიც ნემანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა. ალბათ, გახსოვთ ის ეპიზოდი, როდესაც დიდიერ დროგბამ ნემანია ვიდიჩს სახეში ხელი გაარტყა.
(იხ. ვიდეო ) ეს მომენტი ამ მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტია, ვინაიდან ამ საქციელის გამო დროგბა წითელი ბარათით დაისაჯა.
ვიდიჩის ღვაწლის შეფასება ძალიან დიდ დროს წაიღებს, თანაც ჩემი მთავარი მიზანი არ არის მისი კარიერის სრული განხილვა. მე უბრალოდ მსურს ის უდიდესი ტკივილი და დანაკლისი, რომელიც ვიდიჩის წასვლამ გამოიწვია, ამ სტატიაში გადმოვცე.
ალბათ ყველა კარგად ვხვდებით, თუ რა დააკლდება მანჩესტერს ვიდიჩის წასვლით, თუმცა მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ფაქტორები :
1) თავდადება : ნემანია ვიდიჩი "იუნაიტედის" რიგებში ერთ-ერთი ყველაზე თავდადებული ფეხბურთელი იყო. ამას მოწმობს ის ვიდეოები, რომელიც ზევით გაჩვენეთ, თუმცა თუ თქვენთვის ეს საკმარისი არ არის, მაშინ
(იხ. , გიფი 1 , სურათი 1 , სურათი 2 )2) დიდებული მცველი : შეუცდომელი არავინ არის, მათ შორის არც სერბი მცველი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი შეცდომები იმდენად მცირე რაოდენობისაა, რომ მის დიდებულ კარიერას ჩრდილს ვერ აყენებს. ამაში დასარწმუნებლად
(იხ. ვიდეო )3) ნამდვილი წითელი ეშმაკი : ნემანიამ "მანჩესტერის" ფანებს თავისი პატივისცემა და სიყვარული არაერთგზის დაუმტკიცა. ვფიქრობ, ამის დასამტკიცებლად არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული მაგალითის მოყვანა, თუმცა თუ მაინც გსურთ, გეტყვით, რომ მიუხედავად მისი ტრანსფერისა, რომელიც 5 მარტს გადაწყდა, ნემანია ბოლომდე ირჯებოდა დარჩენილ თვეებში "წითელი ეშმაკუნებისთვის".
4) დიდებული კაპიტანი : ნემანია ვიდიჩმა ბოლო ოთხი წელი უკაპიტნა "წითელ ეშმაკუნებს". წარმოიდგინეთ, იმ ათასობით ფეხბურთელიდან, რომელიც "იუნაიტედის" რიგებში გამოდიოდნენ, მხოლოდ ერთეულებმა შეძლებ ამ გუნდის დირიჟორობა, ერთ-ერტი კი ნემანია იყო. დარწმუნებული ვარ, სერბი მცველის სახელი საპატიო ადგილს დაიკავებს "იუნიატედის" ლეგენდარული კაპიტნების სიაში.
ნემანია ვიდიჩის კარიერა ფოტოებში
2006 წელი. ვიდიჩის პრეზენტაცია.
2007 წელი. პირველი პრემიერ ლიგის ტიტული.
2008 წელი. ვიდიჩი და "იუნიატედი" აღნიშნავენ ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას.
2009 წელი. პრემიერ ლიგის ჩემპიონები.
2009 წელი. "ბარსასთან" დამარცხებული ვიდიჩი.
2010 წელი. ვიდიჩის აპლოდისმენტები გულშემატკივრებს.
2011 წელი. პრემიერ ლიგის ჩემპიონი ვიდიჩი.
2012 წელი. ვიდიჩის უმძიმესი ტრავმა ბაზელის წინააღდმეგ გამართულ მატჩში.
2013 წელი. რიგით მეხუთე პრემიერ ლიგის ტიტული ვიდიჩისთვის.
2014 წელი. არაჩვეულებრივი გოლი "ბაიერნის" წინააღმდეგ.
2014 წელი. ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე".
2014 წელი. ბოლო ოფიციალური მატჩი "მანჩესტერის" მაისურით.
ნემანია ვიდიჩის გუნდური და ინდივიდიალური ტიტულები "მანჩესტერში"
გუნდური ტიტულები :საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 2008
ჩემპიონთა ლიგა: 2007/08
პრემიერ ლიგა: 2006/07, 2007/08, 2008/09, 2010/11, 2012/13
ინგლისის ლიგის თასი: 2005/06, 2008/09, 2009/10
ქომუნითი შილდი: 2007, 2008, 2010, 2011, 2013
ინდივიდუალური ტიტულები:წლის სიმბოლური გუნდის წევრი: 2006/07, 2007/08, 2008/09
მეტ ბასბის პრიზის მფლობელი: 2008/09
პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 2008/09, 2010/11
ნემანია ვიდიჩის ჩინებული ვიდეო
ვიდიჩის გამოსამშვიდობებელი სიტყვა "ოლდ ტრაფორდზე"
"პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო ფეხბურთელებს, შემდეგ კი თქვენ, მხურვალე მხარდაჭერისათვის. მე ვიყავი და ვრჩები ბედნიერად, რომ ვიყავი ამ კლუბის ნაწილი და კაპიტანი. მე აქ გავატარე ჩინებული რვა წელი და ახლა ძალიან რთულია გესაუბროთ თქვენ, რადგან სავსე ვარ სენსიტიური ემოციებით. დიდი მადლობა ყველას".
ჩანტი, რომელიც ნემანიას "წითელმა ეშმაკუნებმა" მიუძღვნეს
Nemanja whoa,
Nemanja whoa,
He come's from Serbia,
He'll f***ing murder ye...
სტატისს ბოლოს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნემანია ვიდიჩს "იუნიატედის" გულშემატკივრების სახელით. ის იყო, არის და მუდამ იქნება ჩვენი გუნდის საამაყო ნაწილი. მინდა მადლობა გადავუხადო მას "წითელი" მაისურით ჩატარებული 300 მატჩისთვის და 21 გატანილი გოლისთვის. მისი ბრძოლისუნარიანობისთვის, კლუბისა და ფანების პატივისცემისთვისა და დაფასებისთვის. წარმატებებს გისურვებთ, კაპიტანო ! სტატიის ავტორი : დიმა სანაია