რაიან გიგზმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე თავის მომავალზე ისაუბრა. ლუის ვან გაალი "იუნაიტედის" მომავალ მწვრთნელად მოიაზრება. გიგზი კი თვლის, რომ სქოულზის, ნიკი ბატისა და ფილ ნევილის გამოცდილება ნებისმიერ ახალ მწვრთნელს დაეხმარება. "ეს ახალი მწვრთნელის გადასაწყვეტია. მან აუცილებლად უნდა განიხილოს ეს საკითხი. ისინი იცნობენ "იუნაიტედის" კულტურას, ისტორიასა და მთლიანად კლუბს. ყველაფერი ეს გუნდს წაადგება," გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვან გაალს ასისტენტად რაიან გიგზის აყვანა სურს. უელსელი თავის მომავალზე დაწვრილებითი საუბრისგან თავს იკავებს. "სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება მომდევნო სეზონში. კარიერაში, აქამდე ასეთი მომენტი არასოდეს მქონია. ვაპირებ ზაფხულში სადმე წავიდე, დავისვენო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება. ბედნიერი ვარ, რადგან კარიერის გასაგრძელებლად ბევრი ვარიანტი მაქვს. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვაპირებ თუ არა ვიყო ისევ ფეხბურთელი. მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მომავალ კვირაში განვაცხადო რის გაკეთებას ვაპირებ." - დაასრულა გიგზმა.