3-05-2014, 20:38
ნანახია: 2310,
კომენტარები: 8
გიგზი არ არის მზად
მონეტას ორი მხარე აქვს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 0-1 "სანდერლენდი" - რაიან გიგზის მეორე საშინაო მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში და პირველი მარცხი.
წინა კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნორვიჩი" გაანადგურა. ერთი შეხედვით ეს ზედგამოჭრილი სიტყვაა, მაგრამ რომ არა პირველი ტაიმის ბოლოს დანიშნული თერთმეთმეტრიანი და რუნის უბადლო შესრულება, არავინ იცის რა იქნებოდა შემდეგში. საჭიროებიდან გამომდინარე "ნორვიჩი" გაიხსნა, რის გამოც გუნდი აირია - არსებული მდგომარეობით "წითელმა ეშმაკებმა" ისარგებლეს და მეტოქეს კიდევ სამი ბურთი გაუტანეს, რის პარარელურადაც უამრავი მომენტი შექმნეს.
ზემოხსენებულ მატჩში ჩანდა ის, რასაც ვერ ვხედავთ უკვე დიდი ხანია. "მანჩესტერ იუნაიტედი" კომბინაციურად თამაშობდა. თუმცა სრულიად საპირისპირო დავინახეთ დღეს, "სანდერლენდთან" გუნდი ისევე უსუსურად გამოიყურებოდა, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში: ბურთის გორაობა, საჯარიმოსთან ჩასვლა და უკან დაბრუნება, გაუთავებელი დაბალი თუ მაღალი ჩაწოდებები - ესაა "იუნაიტედის" მთელი ტაქტიკა.
შეხვედრის შეფასებას დავიწყებ გაშვებული გოლიდან. რატომ უნდა ჩააწოდოს ვიკჰემმა ბურთი უზუსტესად ისე, რომ არც კი იხედებოდეს საჯარიმოში, ჩემთვის ჯერაც რთულად გამოსაცნობია. სებასტიან ლარსონმა შესანიშნავი ბურთი გაიტანა და ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც მეც და ალბათ მთელი "წითელი არმიაც" ელოდა, რომ "იუნაიტედი" "აფეთქდებოდა".
ტატო ბაციკაძემ (ქართველი კომენტატორი) მატჩის კომენტირებისას ახსენა: "აი გიგზს შანსი აქვს მწვრთნელის რანგში პირველი "ქამბექი" მოახდინოს. თუ რამე უნდა ესწავლა ფერგიუსონისგან, სწორედ ეს უნდა ესწავლა." აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს. შესაძლოა არ გამოგივიდეს თამაშის შემოტრიალება, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ამის გასაკეთებლად ვერაფერს აკეთებ.
"იუნაიტედი" აგრძელებდა კვლავ ბურთის გორაობას, რაც ალბათ გამოწვეული იყო იმით, რომ "სანდერლენდი" თავის საჯარიმოში ჩაიკეტა. ასეთ მომენტში როგორც წესი ჩაწოდებებით გადიხარ ფონს, მაგრამ როცა საჯარიმოში ისეთი სიმაღლის ფეხბურთელები დგანან, როგორიც ხავიერ ერნანდესი და ხუან მატა არიან, მითუმეტეს რომ მათ წინააღმდეგ ფილ ჯონსი და ვეს ბრაუნი თამაშობდნენ, ცოტათი რთულია. არაფერს ვამბობ იანგის უსუსურ ჩაწოდებებზე.
მათი ალტერნატივა თითქმის არ იყო, მაგრამ რობინ ვან პერსის გამოჩენა დენი ველბეკთან ერთად, მე ვფიქრობ უკვე დაგვიანებული იყო. თანაც ვერაფრით გამიგია, რატომ გაიყვანა გიგზმა მატა და დატოვა ჩიჩარიტო, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია მთელი მატჩის განმავლობაში. თუ ვინმე იტყვის, რომ გარისკა და სამი ფორვარდი დააყენა (ჩიჩარიტო, პერსი ველბეკი) წინო, ვერ დაგეთანხმებით. რისკი არის, როცა მცველს მოხსნი და არა გარემარბს.
ნაცვლად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეტია, შეექმნა სახიფათო მომენტები და ვიტორ მანონეს კარში ბურთი გაეგზავნა, "სანდერლენდმა" ორჯერ გაარტყა კარის ჩარჩოს ბურთი. პირველი ეპიზოდი, როცა მარცხენა ძელს მოხვდა ბურთი ძალიან ჰგავდა გოლის ეპიზოდს და ზუსტად იგივე შეცდომა იყო დაშვებული, ხოლო მეორე ეპიზოდში, როცა ბორინიმ ხარიხას დაუმიზნა, მცველები რატომღაც თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდნენ მას.
უჩემოდაც კარგად ხვდებით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ შეტევის პოტენციალიც საეჭვოა ხდება უკვე. მართალია დღეს ძალიან დააკლდა კლუბს უეინ რუნი, მაგრამ "იუნაიტედს" არაერთი მატჩი ჩაუტარებია "შრეკის" გარეშე და კარგადაც გამოიყურებოდა (ადრე).
"მანჩესტერ იუნაიტედი" უმოტივაციო იყო, "მანჩესტერ იუნაიტედი" აღარაფერს წყვეტდა, "მანჩესტერ იუნაიტედს" არაფერი ჰქონდა დასაკარგი - ყველაფერი ეს დიდი სისულელეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდი სახლში, "ოლდ ტრაფორდზე" თამაშობდა 75 ათასი მაყურებლისა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ. რა უნდა იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, ვიდრე საკუთარი გულშემატკივრის გულის გახარება? ესეც, რომ არა, "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში უდგას კაცი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა "წითლებს" შესწირა და რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს გულშემატკივართა თუ ფეხბურთელთა შორის. მისი გულისთვის უნდა ეთამაშათ. (სხვა საქმეა რამდენად გაუღვივეს მათ მოტივაცია)
ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე მინდა ვთქვა, რომ რაიან გიგზისთვის ჯერ ძალიან ადრეა ასეთი პასუხისმგებლობის აღება. წინა ტურის შემდეგ მას ბევრი მომხრე გამოუჩნდა, მაგრამ უფრო მეტი პესიმისტურად უყურებდა მის პოტენციალს.
ეს მატჩი ასკვნის ერთ რამეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უბრალოდ წელს ასეთია და მას ვერც რაიან გიგზი უშველის. დევიდ მოიესი წავიდა და მოსაპოვებელი აღარაფერი დატოვა, გარდა რწმენისა და თავდაჯერებულობისა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ვალდებულება სხვა მწვრთნელმა უნდა აიღოს.
მოვიდეს ახალი მწვრთნელი, რომელიც იქნება არა მხოლოდ ავტორიტეტული, არამედ მკაცრიც და მომთხოვნიც. სწორედ ასეთი ადამიანი აკლია ახლა კლუბს.
პ.ს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ არის აუცილებელი მას ყველა იზიარებდეს.