"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, უეინ რუნი აცხადებს რომ "შახტარის" წინააღმდეგ გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მისი გუნდისთვის. მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრა წააგო "ევერტონთან", შემდეგ კი "ნიუკასლთან" გუნდი ანტირეკორდის განმეორების საფრთხის ქვეშ დადგა. "შახტარის" წინააღმდეგ განცდილი საშინაო მარცხი, გუნდისთვის ზედიზედ მესამე იქნებოდა. შეგახსენებთ რომ "იუნაიტედმა" ბოლოს ოლდ ტრაფორდზე ზედიზედ სამი შეხვედრა 1962 წელს დათმო.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში ფეხბურთელებს და მწვრთნელს ნერვიულობა ეტყობოდათ, რაც დიდი წნეხის ქვეშ ყოფნით აიხსნება. ფილ ჯონსის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი და გამარჯვების აღმოჩნდა უკრაინელებთან მატჩში, თუმცა ეს "იუნაიტედისთვის" საკმარისი გამოდგა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად.
ამ მნიშვნელოვან მატჩთან დაკავშირებით რუნი ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა: "რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მოგებების გზაზე დაბრუნება, ჩვენ დიდი ძალისხმევით მაინც შევძელით. მატჩი შეიძლება უკეთესად წაგვეყვანა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ 3 ქულა ავიღეთ და ოლდ ტრაფორდი გამარჯვებულებმა დავტოვეთ. ბოლო ორი მატჩის შემდეგ ჩვენ ვიცოდით რომ მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის."
"ამ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დავიწყეთ, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ თითოეულ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯოთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩი იქნება თუ პრემიერ ლიგის." - დაასრულა რუნიმ.
კვირას "წითელი ეშმაკუნები" ასტონ ვილას სტუმრობენ და გუნდის თავკაცი, დევიდ მოიესი ფიქრობს რომ მისი გუნდი შეძლებს და ისეთივე წარმატებით განაგრძობს თამაშს პრემიერ ლიგაში, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე.
დევიდ მოიესმა აგრეთვე შეაფასა მისი გუნდის ასპარეზი ქვეყნის შიდა და გარე ტურნირზე. "ეს ორი ჩემპიონატი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც მთავარია, ჩემი ფეხბურთელები ამას მიჩვეულნი არიან და შესწევთ ძალა რომ ინგლისშიც და ევროპაშიც წარმატებით იასპარეზონ. მათ სიამოვნებთ პრემიერ ლიგაში თამაში, თუმცა ამ სიამოვნებას ბოლომდე ჯერ-ჯერობით ვერ გამოხატავენ." - დაასრულა შოტლანდიელმა.