"წითელმა ეშმაკებმა" არც თუ დამაჯერებლად დაიწყეს სეზონი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლამ გუნდში ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, თუმცა ეს გუნდი ნელ-ნელა, მაგრამ დამაჯერებლად შედის თავის ჩვეულ ფორმაში, რაზეც 8 წაუგებელი მატჩი მეტყველებს. მომდევნო და უმნიშვნელოვანესი მატჩი კი "იუნაიტედს" ცხრილის სათავეში მყოფ "მეთოფეებთან" აქვთ ოლდ ტრაფორდზე.
მოსალოდნელ მატჩზე კომენტარი გააკეთა გუშინდელმა იუბილარმა, რიო ფერდინანდმა, რომელიც დიდ იმედებს ამყარებს დევიდ მოესსზე და ფიქრობს რომ "იუნაიტედს" ჯერ არ უჩვენებია თავისი მაქსიმუმი.
"ჩვენ ჯერ არ გვიჩვენებია ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. საუბარი არაა მხოლოდ ძლიერ გუნდებზე, არამედ ისეთ გუნდებთან მატჩებზეც, რომლებიც ცხრილის ბოლო ადგილებზე იმყოფებიან. დროა პედალს ფეხი ბოლომდე დავადგათ და არ შევწყვიტოთ წინსვლა. თუ ამ ჩემპიონატის მოგება გვინდა, ჩვენ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩენია. "არსენალი" კარგ ფორმაშია. ეს ის გუნდია, რომელსაც უნდა წამოეწიო, თუ შანსი მოგეცემა და ჩვენ ვალდებულები ვართ ეს შანსი გამოვიყენოთ. "იუნაიტედმა" ყოველი მატჩი უნდა მოიგოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ძლიერი გუნდის წინააღმდეგ იქნება თუ სუსტის, ჩვენ ქულები გვჭირდება. არაფერი შეცვლილა, ჩვენ ყოველ თამაშზე მოსაგებად გავდივართ. იყო რამდენიმე ცუდი შედეგი, რომელიც ამ სეზონში ოლდ ტრაფორდზე დაფიქსირდა, მაგრამ ვეცდებით ყველაფერი დადებითისაკენ წავიყვანოთ. ხალხი ჩვენგან გამარჯვებას ითხოვს "მეთოფეების" წინააღმდეგ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ეს "არსენალი" იქნება "კარდიფი" თუ "სუონსი", ჩვენ ვალდებულები ვართ 3 ქულა მოვიპოვოთ." - განაცხადა რიომ.
შეგახენებთ რომ "არსენალთან" მატჩი 10 ნოემბერს, თბილისის დროით 20:10 წუთზე გაიმართება.