რატომ აირჩია სერ ალექს ფერგიუსონმა დევიდ მოიესი...
დევიდ მოიესმა საფეხბურთო კარიერა დაიწყო "სელტიკში" ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, თავისი კარიერის უმეტესი დრო ინგლისის დაბალ ლიგებში გაატარა. მან მოახერხა 535 მატჩში 46 გოლის გატანა. მან სამწვრთნელო კურსები 22 წლის ასაკში დაიწყო და 1998 წელს გახდა მოთამაშე-მწვრთნელი "პრესტონში", აქედან დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა.
პრესტონი
მისი პირველი გუნდი იყო "პრესტონი", რომელიც იმ დროს გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, მოიესი იყო მოთამაშე-მწვრთნელი და მან გუნდი უკანა დივიზიონში გავარდნას გადაარჩინა, შემდეგ წელს კი მოახერხა მეორე დივიზიონის ფლეი-ოფში გასვლა, თუმცა დამარცხდა. ამის შემდეგ მან მოიგო მეორე დივიზიონი და იგივე შემადგენლობით გუნდი გაიყვანა პირველი დივიზიონის ფლეი-ოფში. 2002 წელს გუნდი ვალების გამო კრიზისში ჩავარდა და მოიესი "ევერტონს" ჩაუდგა სათავეში. მისი გამრჯვების პროცენტულობა "პრესტონში" იყო 49%.
ევერტონი
ამ დროს მან ისევ გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ჩაიბარა და პირველივე სეზონში ისინი გადაარჩინა გავარდნას, შემდეგ სეზონში მან "ევერტონი" ცხრილის პირველ ნაწილში გაიყვანა. თუმცა ამ დროს "ევერტონის" თამაში არ იყო სტაბილური, გუნდი ზოგჯერ ევროპულ ზონასთან ახლოს ამთავრებდა სეზონს, ზოგჯერ კი გასავარდნ ზონასთან. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო გუნდის მეოთხე ადგილზე გაყვანა 2004-05 წლებში.
2008 წლიდან მოიესის "ევერტონი" ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა "პრემიერ ლიგაში", მას შემდეგ გუნდი რეგულარულად ცხრილის პირველ ნახევარში ხვდებოდა.
მოიესმა ორჯერ მიიღო "წლის საუკეთესო მწვრთნელის" წოდება (2003 & 2005). ასევე ის გახდა მეოთხე მწვრთნელი, რომელმაც 150-ჯერ მოახერხა გამარჯვება "პრემიერ ლიგაში", ასეთი შედეგი მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს, არსენ ვენგერს და ჰარი რედნაპს აქვს. მან "ევერტონი" დატოვა 2013 წელს და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა. მისი გამარჯვების პროცენტულბა "ევერტონში" იყო 43%.
მწვრთნელობის სტილი
მოიესი გამორჩეულია თავისი დისციპლინით, რომელსაც ის თითოეული ფეხბურთელისგან მოითხოვს. ამის დასტურია ის, რომ "ევერტონი" 4 სეზონი ითვლებოდა ყველაზე დისციპლინირებულ გუნდად. ასევე მოიესი ათამაშებს ძალიან ლამაზ ფეხბურთს, რომელიც დატვირთულია შორი და ახლო პასებით. მოიესის მუშაობის ეთიკა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ის უმაღლესი კლასის მწვრთნელია, ის დიდ ყურადღებას ამახვილებს მცირე დეტალებზეც კი.
მოიესის დისციპლინის მაგალითად შეიძლება ავიღოთ მისი კომენტარი ეშლი იანგის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე სიმულაციას მიმართა.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მომწონს სიმულაცია. ის იმსახურებდა ყვითელ ბარათს. მე არ მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები სიმულაციას მიმართავდნენ. თუ კარგად შეხედავთ ეპიზოდს, ეშლიმ გამიზნულად წაიღო ფეხი მცველის ფეხისკენ. მაგრამ მე აუცილებლად ვეტყვი ეშლის, რომ ეს არ არის ის რაც მე მსურს."სატრანსფერო პოლიტიკა
დევიდ მოიესი არასოდეს ყოფილა გუნდში რომელსაც დიდი მატერიალური შესაძლებლობები აქვს, "ევერტონში" გატარებულ 10 წელში მან მხოლოდ 16 მილიონი ფუნტი დახარჯა ტრანსფერებში. თუმცა ის ახერხებდა მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვას ძალიან მცირე ფასში.
მოიესის ტოპ 10 ტრანსფერი "ევერტონში":
10. კოულმანი (£60,000)
9. ფილ ნევილი (£3.5მ)
8. ტიმ ჰოვარდი (£3მ)
7. სტივენ პიენაარი (£2მ)
6. ფილ იაგიელკა (£4მ)
5. ნაიჯელ მარტინი (უფასო)
4. ლეიტონ ბეინსი (£6მ)
3. ჯოლეონ ლესკოტი (£5მ)
2. მიკელ არტეტა (£2მ)
1. ტიმ კეჰილი (£1.5მ)
მუშაობა ახალგაზრდებთან
მოიესის კიდევ ერთი სიძლიერე ახალგაზრდებთან მუშაობაა. ის ამ საქმეში ბევრ მაღალი დონის მწვრთნელს ჯობია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია უეინ რუნი, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჯეიმს ვაუნი და ჯოზე ბაქსტერი (ორივეს ხელი შეუშალა ტრამვებმა) ჯეკ როდველი და როს ბარკლი. "მანჩესტერ იუნაიტედში" ის შანსს აძლევს 18 წლის ადნან იანუზაის, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ის ენდობა ახალგაზრდებს და შეუძლია მათთან მუშაობა, მას შეუძლია ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთელებად აქციოს.
და ბოლოს, დიდი შეკითხვა, შეუძლია მოიესს "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატების მიღწევა?

მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც დაეხმარება მას "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატების მისაღწევად. მან უკვე დაიმსახურა კრიტიკა გულშემატკივრებისგან მისი ცუდი შედეგების გამო, თუმცა ის ჯერ კიდევ ფეხბურთელების შესწავლის პროცესშია, როგორც კი ამას გააკეთებს, ის მათგან უმაღლესი დონის გუნდს შექმნის. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მას ამისთვის დრო ჰქონდა წინა სასეზონი ტურნეს დროს, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, როცა მისი ნახევარი გუნდი ან ისვენებდა ან ტრამვირებული იყო. ფეხბურთელები როგორიცაა უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი, ჯონი ევანსი, ანტონიო ვალენსია, შინჯი კაგავა, ჩიჩარიტო და ნანი არ ყოფილან ტურნეზე. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს მართებთ მხოლოდ მოთმინება, სანამ მოიესი ყველაფერს გამოასწორებს. იმის ნათელი მაგალითი, რომ მას შეუძლია ფეხბურთელის შესწავლა და მისი კარგად ათამაშება , უეინ რუნია. რუნი ოთხჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ამ სეზონში რაც მოიესის დამსახურებაცაა. ამიტომ უმჯობესია თუ "იუნაიტედის" ფანები იქონიებენ მეტ მოთმინებას და "დადგებიან ახალი მწვრთნელის გვერდით" როგორც ეს სერ ალექს ფერგიუსონმა დაგვიბარა.