დღეს ჰარი გრეგის დაბადების დღეა
დღეს მიუნხენის გმირის, ჰარი გრეგის დაბადების დღეა. ჰენრი ჰარი გრეგი, 1932 წელს, ჩრ.ირლანდიაში, დაბა ტობერმორში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა 1952 წელს დონკასტერში დაიწყო, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, დონკასტერის გარდა, თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედსა და სტოკ სიტიში. კარიერა 1967 წელს, ბრიტანეთის ყველა დროის, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარისა და მიუნხენის გმირის სტატუსით დაასრულა.
როდესაც მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს. მან მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა – დამიმახსოვრეთ მე როგორც ფეხბურთელი და არა როგორც გმირი.
მიუნხენის გმირი
გრეგი 1957 წელს, დონკასტიდან, მეტ ბასბის მანჩესტერში გადავიდა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული და ქარიზმატული გუნდი იყო ინგლისში. მანჩესტერმა მასში, სარეკორდო თანხა £23,000 გადაიხადა, ტობერმორელი ჰარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო.
გრეგის პირველივე სეზონში, მანჩესტერმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს მიაღწია. ნახევარფინალის საგზური, ბასბის ბიჭებმა, 5 თებერვალს, ბელგრადში, პარტიზანის სტადიონზე მოიპოვეს. 6 თებერვალს, მანჩესტერის თვითმფრინავი მიუნხენში დაეშვა…
როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელმაც ალმოდებულ თვითმფრინავში გონზე მოსვლა შეძლო, ჰარი გრეგი იყო. მან როგორც კი წამოდგომა მოახერხა, უმალვე, თავის გვერდით უგონოდ მყოფი თანაგუნდელები, ბობი ჩარლტონი და დენი ვაიოლეტი მხრებზე მოიკიდა და თვითფრინავისგან დაახლოებით თხუთმეტი მეტრის მოშორებით დატოვა. შემდეგ კიდევ ერთი თანაგუნდელი, ჯეკი ბლანჩფლაუერი გამოიყვანა გარეთ. დაშავებულებს შორის, ვერსად ვერ ნახა გუნდის მთავარი მწვრთნელი მეტ ბასბი. ისევ თვითმფრინავში შებრუნდა, უგონო მდგომარეობაში ნახა და მისი გამოყვანაც მოასწრო.
თანაგუნდელების და მთავარი მწვთნელის გარდა, ჰარი გრეგმა, იმ დღეს, თვითმფრინავიდან გამოიყვანა ვერ ლუკიჩი და მისი პატარა გოგო. იუგოსლავიელი დიპლომატის ცოლი, რომელიც ორსულად იყო. ამისთვის, გრეგმა მიიღო წერილი, პირადად ტიტოსგან, სადაც ის მადლობას უხდის ბრიტანელ ხალხს და კერძოდ გრეგს. გრეგმა ამ წერილის ასლი, შემდეგ ბელგრადში, ტიტოს მუზეუმში წარადგინა. იმავე პერიოდში დაესწრო უეფას თასის მატჩს ცრვენა ზვეზდასა და მიუნხენის ბაიერნს შორის, მატჩს რომელსაც სიმბოლური დატვირთვა და დიდი ემოციური ფონი ახლდა თან.
ტრაგედიიდან 50 წლის თავზე, ზორან ლუკიჩი (ბავშვი რომელზეც ვერა ლუკიჩი იყო ორსულად) შეხვდა გრეგს და
ყველაფრისათვის მადლობა მოუხადა. ვერა ლუკიჩის მესამე შვილი კი რომელიც ტრაგედიიდან დაახლოებით 3 წელიწადში დაიბადა, არის ცნობილი პიროვნება ინგლისური ფეხბურთში, ჯონ ლუკიჩი. დაახლოებით 23 წელი (1978-2001) თამაშობდა ინგლისი ტოპ დივიზიონში, იცავდა მხოლოდ ორი გუნდის, ლონდონის არსენალის და ლიდს იუნაიტედის ღირსებას. გავრცელებული ხმების თანახმად, სწორად ჯონ ლუკიჩზე იყო ორსულად ვერა ლუკიჩი, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჰარი გრეგის მსგავსად ჯონ ლუკიჩიც მეკარე გახლდათ.
© MANUTD.GE 2012