რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 5 წელი გავიდა, თუმცა რეალურად ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა, ქართული ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია, დევნილები კი საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. ცხინვალის რეგიონში ომისწინა დაძაბულობა ივლისში დაიწყო, ჯერ კიდევ 20 ივლისიდან ქართული სამშვიდობო ძალების პოსტები და ქართული სოფლები ოსური სეპარატისტული ფორმირებების მხრიდან სისტემატიურად იბომბებოდა 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნებით, ცეცხლსასროლი იარღიდან და ხელის ყუმბარმტყორცნებიდან სროლები კი თითქმის გაუჩერებლად მიმდინარეობდა. 3 აგვისტოდან ცხინვალიდან მოსახლეობის მასიური ევაკუაცია დაიწყო, ამის პარალელურად როკის გვირაბიდან დიდი რაოდენობით დაიწყო შემოსვლა რუსულმა ჯავშანტექნიკამ და არტილერიამ. 6-7 აგვისტოს ოსი სეპარატისტების მხრიდან მსხვილკალიბრიანი არტილერიით სერიოზულად დაიბომბა ქართული სოფლები ნული, ავნევი, თამარაშენი. დაბომბვა და სროლები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოსებმა ქართული სამშვიდობო ძალების ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-2 ააფეთქეს. 7 აგვისტოს 23:35 საათზე გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სპეცკავშირზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება: 1) საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. 2) უზრუნველყოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც 6-7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ჯარების პოსტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გამუდმებით ესროდნენ. 3) დაცული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და მისი უსაფრთხოება. ...................... სტატისტიკა და მშრალი ციფრები უკვე ყველასთვის ცნობილია, ამიტომ გვინდა ქრონოლოგიურად შემოგთავაზოთ 2008 წლის ომის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები, რომელიც ფოტოობიექტივმა აღბეჭდა.
1. ცხინვალის რეგიონი, სოფელი მეღვრეკისი, რუსი "სამშვიდობოების" საგუშაგოსთან. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ბრიგადის კოლონა ცხინვალის მიმართულებით მოძრაობს. 2008 წლის 8 აგვისტო.
2. ქართული ტანკი T-72 ცხინვალის მიმართულებით მიემართება
3. ქართული არტილერია მოწინააღმდეგის პოზიციებს ბომბავს. ფოტოზე რეაქტიული სისტემა RM-70. ეს ფოტო ერთგვარად აგვისტოს ომის სიმბოლოდაც იქცა.
4. 31-ე ბატალიონის ჯარისკაცები ოსური დროშის ფონზე პოზირებენ, რომელიც სოფელ დმენისთან მოწინააღმდეგის შტაბში აიღეს. 8 აგვისტო.
5. საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფების მიერ წინაგარის ბრძოლაში მოპოვებული ჯავშანტრანსპორტიორი ბტრ-70. სულ აღნიშნულ სოფელში ქართველ მებრძოლებს ნადავლად ორი ჯავშანტრანსპორტიორი დარჩათ. 8 აგვისტო.
6. ქართველი ჯარისკაცების ცხინვალში შესვლამდე გადაღებული სამახსოვრო ფოტო. 8 აგვისტო
7. ერგნეთის საგუშაგო. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუსული და ოსური დროშები მოხსნეს და ქართული ააფრიალეს. .