„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დღეს პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტების ერთ-ერთ მთავარ თემას უეინ რუნისთან ერთად, კლუბის სატრანსფერო გეგმები წარმოადგენდა. მოიესს კითხვა რონალდოთი დაინტერესებაზეც დაუსვეს, დევიდმა კი პორტუგალიელზე საუბარი იუარა და აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს შემადგენლობის შესავსებად. „არასოდეს ვლაპარაკობ სხვა კლუბის მოთამაშეებზე. ეს ჩემი სტილი არაა. როცა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, შეცდომაა მის ტრანსფერზე საუბარი. მაგრამ ეს კლუბი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებით ინტერესდება. „იუნაიტედს“ პრემიერ ლიგაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია შემადგენლობასთან მიმართებაში.“ მოიესს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის რომელიმე ფეხბურთელის დამატებას წინა-სასეზონო ტურნემდე. „მე ამას ვეცდები, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ აუცილებლად ასე მოხდება.“ დევიდი კლუბის ტრადიციის გაგრძელებას და ახალგაზრდული სისტემის ხელშეწყობასაც გეგმავს. „სატრანსფერო ფანჯარაზე „ევერტონი“ ისეთ დიდ ტრანსფერებს ვერ აკეთებდა, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედი“. მაგრამ ეს კლუბი ტრადიციას გააგრძელებს და ყოველთვის ეცდება საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას და აკადემიის ნიჭიერი ფეხბურთელების ხელშეწყობას.“ - დაასრულა მოიესმა.