"ატლეტიკო მადირიდის" უფროსობას იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ხავიერ ერნანდესი რადამელ ფალკაოს შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ იანვარში თავის მოქმედ გუნდს დატოვებს. 26 წლის ფალკაო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია ევროპაში. მისით ისეთი ფინანსურად მდგრადი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიცაა "ჩელსი", "პარიზ სენტ ჟერმენი" და "მანჩესტერ სიტი". ზემოთ ხსენებული გუნდები რადამელის სანაცვლოდ მადრიდულ კლუბს სავარაუდოდ £46 მილიონის ფარგლებში შესთავაზებენ. კოლუმბიელმა "ატლეტიკოს" დატოვება უკვე გადაწყვიტა, ამიტომ მადრიდელები მის ყველაზე რეალურ შემცვლელად მექსიკელ ერნანდესს მოიაზრებენ. 24 წლის თავდამსხმელი მანჩესტერულმა კლუბმა 2010 წელს £7 მილიონად შეიძინა, მაგრამ ამ სეზონზე ის კლუბისთვის უეინ რუნის, ახლად შეძენილი რობინ ვან პერსისა და დენი უელბეკის შემდეგ მეოთხე ფორვარდათ მოიაზრება. ჩიჩარიტომ თავის სადებიუტო სეზონზე 20 გოლის გატანა შეძლო, ამ სეზონზე კი მხოლოდ ერთხელ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და 7 ჩატარებულ მატჩში ერთხელ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. ბრიტანულ პრესას თუ მივენდობით მექსიკელით "ფიორენტინაც" ინტერესდება, მაგრამ ისინი მის სანაცვლოდ მხოლოდ და მხოლოდ £8 მილიონის გადახდას აპირებენ, ამიტომ წესით და რიგით ფალკაოს გაყიდვის შემდეგ მადრიდულ კლუბს ჩიჩას შეძენის უფრო დიდი შანსი უნდა ჰქონდეს.