11-10-2012, 17:50
ნანახია: 3025,
კომენტარები: 0
რაიან გიგზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: რაიან გიგზი
თუ ვინმეს "მანჩესტერ იუნაიტედი" არ გაუგონია (და ვეჭვობთ, რომ ასეთი ბევრი იყოს), მას არც რაიან გიგზი ეცოდინება.
და პირიქით: ვინც ქომაგობს ოლდტრაფორდულ კლუბს, მან რაიან გიგზის დამსახურების შესახებ ძალიან კარგად იცის.
და თუ თქვენ ამ მშვენიერი თამაშის ქომაგი ბრძანდებით, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთზე გული ნაკლებად შეგტკივათ, ნება მიბოძეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი შეგატყობინოთ ამ შესანიშნავი უელსელი მოთამაშის შესახებ:
ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში რაიან გიგზი ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული 11-ჯერ მოიგო!
ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში რაიან გიგზი ერთადერთია, რომელმაც მისი დაარსების შემდეგ ყველა ჩემპიონატში არათუ ითამაშა, გოლიც გაიტანა!
რაიან გიგზი ერთადერთია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 11, საერთოდ კი 13 ტურნირში მოახერხა გოლის გატანა!
საინტერესოა ისიც, რომ გიგზი მხოლოდ და მხოლოდ მესამე ბრიტანელი ფეხბურთელია სტივ მაკმანამანის და ოუენ ჰარგრივზის შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში ითამაშა და ამდენჯერვე გაიმარჯვა!
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: უელსელი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენია ოფიციალური მატჩების მიხედვით - 2009 წლის 1 აპრილისთვის მის ანგარიშზე "ალისფერი ეშმაკუნების" შემადგენლობაში ჩატარებული 795 მატჩი იყო!
მომავალი ფეხბურთელის მამა დენი უილსონი კარდიფის სარაგბო გუნდში თამაშობდა, დედა, ლინ გიგზი კი დიასახლისი გახლდათ. ცნობისათვის: რაიანის ბაბუა, მამის მამა, სიერა-ლეონელია...
მოგვიანებით, როცა ოჯახი უკვე მანჩესტერში ცხოვრობდა, თავად კი საფეხბურთო კლუბ "სოლფორდის" ღირსებას იცავდა, სკოლების თასის ფინალში იასპარეზა "ენფილდზე" - მისმა გუნდმა "ბლექბერნ როვერსი" დაამარცხა.
იმ დროისთვის ის "მანჩესტერ იუნაიტედის" თვალთახედვის არეში იყო, მალე კი ამ კლუბის წევრიც შეიქნა: 1986 წლის მიწურულს, შობის დღესასწაულამდე მცირე ხნით ადრე, "სოლფორდის" მაისურით თამაშისას, "მანჩესტერ იუნაიტედის" 15-წლამდელთა გუნდთან ჰეთ-თრიქი შეასრულა.
იმ მატჩს ალექს ფერგიუსონი სტადიონის ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, რამდენიმე თვეში კი შოტლანდიელი მწვრთნელი კლუბის სელექციონერ ჯოი ბრაუნთან ერთად გიგზს ოჯახში ესტუმრა. შემდეგ რაც მოხდა, ძნელი მისახვედრი არ არის - ბიჭი შეთავაზებულ წინადადებას დაყაბულდა...
1987 წელს მისი მშობლები გაიყარნენ და მომავალმა ვარსკვლავმაც დედის გვარი აიღო...
1989 წელს, "უემბლიზე", ინგლისის მოსწავლეთა ნაკრების შემადგენლობაში დასავლეთგერმანელების წინააღმდეგ ითამაშა. ეს იყო მისი ერთადერთი ოფიციალური მატჩი ინგლისის რა გინდა რა ნაკრებში...
1991 წლის 2 მარტს, "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში პირველად იასპარეზა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით - დენის ირვინი შეცვალა.
1992 და 1993 წლებში უელსელი ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს, 1993 წელს კი ევროპაში გახდა პირველი 23-წლამდელ მოთამაშეთა შორის...
მას შემდეგ რაიანი ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთგულია და რადგან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა არასდროს უჭირდა, მისი მონაგარიც იზრდებოდა:
2002-03 წლების სეზონში, "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსისთან" მატჩში კარიერაში საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა;
2004 წლის სექტემბერში "ლივერპულთან" ითამაშა და "ალისფერი ეშმაკუნების" ისტორიაში მხოლოდ მესამე ფეხბურთელი შეიქნა, რომელმაც ოლდტრაფორდელთა მაისურით 600 ოფიციალური მატჩი ჩაატარა;
2007 წლის 8 დეკემბერს, "დერბი ქაუნთისთან" მატჩში პრემიერლიგაში მე-100 გოლი შეაგდო;
2008 წლის 20 თებერვალს საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში;
2008 წლის 11 მაისს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გაიმეორა - "იუნაიტედის" მაისური 758-ედ მოირგო, ათი დღის შემდეგ, 21 მაისს მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ახალი რეკორდიც დაამყარა!
როდის დასრულდება ფეხბურთელის კარიერაი
ალბათ, მალე. წლეულს, თებერვალში მან კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი და "ოლდ ტრაფორდზე" 2010 წლის ივლისამდე დარჩება.
და რა იქნება შემდეგი
სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბში მუშაობა შესთავაზა.
რაიანმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.
რაიან ჯოზეფ გიგზი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009;
ინგლისის თასი - 1994, 1996, 1999, 2004;
ინგლისის ლიგის თასი - 1992, 2006, 2009;
ინგლისის სუპერთასი - 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008;
ჩემპიონთა თასი - 1999, 2008;
თასების მფლობელთა თასი - 1991;
ევროპის სუპერთასი - 1991;
საკონტინეტთაშორისო თასი - 1999;
მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატი - 2008