დაიბადა 1946 წლის 22 მაისს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში. გარდაიცვალა 2005 წლის 25 ნოემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში. ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ჯორჯ ბესტი 1999 წელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის მე-16 ადგილზე დაასახელა, ევროპაში კი ჩრდილოირლანდიელი გენიოსი მე-11 ადგილზე გავიდა. ჯორჯის თანაქალაქელები დღემდე ხუმრობენ: "მარადონა კარგია, პელე უკეთესი, ჯორჯი - საუკეთესო". ინგლისურად ბესტ - საუკეთესოს ნიშნავს. - Maradona Good, Pele Better, George Best. 15 წლის იყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტმა ბობ ბიშოპმა რომ ნახა. მრავლისმნახველი სპეციალისტი უმალვე მიხვდა, ტალანტთან რომ ჰქონდა საქმე, საკლუბო მუზეუმში დღემდე ინახება დეპეშა, რომელიც ბიშოპმა ოლდტრაფორდელთა მაშინდელ მწვრთნელ მატ ბასბის გაუგზავნა: "მგონი, გენიოსი ვიპოვე" - სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" აიყვანდა, ჯორჯ ბესტი ბელფასტის "გლენტორანში" დაიწუნეს: ძალიან პატარა და სუსტი ხარო... გავა რამდენიმე წელიწადი და ეს "პატარა და სუსტი" ბიჭი მთელ საფეხბურთო სამყაროს აალაპარაკებს: ზედიზედ ექვსჯერ გახდება "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი, ორჯერ მოიგებს ინგლისის ჩემპიონატს, 1968 წელს ჩემპიონთა თასს აღმართავს, რამდენიმე თვეში კი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ "ოქროს ბურთს" ჩაიბარებს! ჯორჯ ბესტმა "მანჩესტერ იუნაიტედში" პირველი შეხვედრა 1963 წლის 14 სექტემბერს, 17 წლისამ ჩაატარა: მისმა კლუბმა "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" 1:0 დაამარცხა. ორი კვირის შემდეგ ჩრდილოირლანდიელმა ახალ კლუბში პირველი გოლიც გაიტანა. ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულმა ბესტმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1963-1974 წლებში 470-ჯერ ითამაშა და 179 გოლი შეაგდო, მათ შორის 6 მეოთხე დივიზიონის "ნორთჰემპტონ თაუნთან" ერთ მატჩში... 27 წლის იყო, კლუბიდან რომ წავიდა. ზოგი ამ ასაკში იწყებს აღმასვლას, მას კი იმ დროისთვის ყველაფერი მოეგო. წლების შემდეგ ბესტის თანაგუნდელმა ბობი ჩარლტონმა ზუსტად დაახასიათა ჯორჯ ბესტი: "ის სპრინტერი იყო მარათონულ დისტანციაზე". "ოლდ ტრაფორდის" შემდეგ ბესტმა ბევრი კლუბი გამოიცვალა, ამერიკასა და ჩრდილოირლანდიაშიც ითამაშა, კარიერა კი 1984 წელს ავსტრალიაში, "ბრისბენ ლაიონსში" დაასრულა. დიდებული ფეხბურთელი 2005 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე გაზეთში "ნიუზ ოფ ზი უორლდ" დაიბეჭდა ჯორჯის დიდი ფოტო და მისივე თხოვნით, მხოლოდ ერთი წინადადება: "ნუ მოკვდებით ჩემნაირად"...
ჯორჯ ბესტი კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები ინგლისის ჩემპიონი - 1965, 1967 ინგლისის სუპერთასი - 1965, 1967 ჩემპიონთა თასი - 1968