სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ "კარინგტონთან" აშენებული ახალი სამედიცინო ცენტრი "იუნაიტედისთვის" დიდი სარგებლის მომტანი იქნება.
კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ 25 მილიონ ფუნტიანი პროქეტი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრავმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ამ იდეის წარმოშობა და შემდეგ განხორციელება გუნდში ხშირმა ტრავმებმა გამოიწვია. "მანჩესტერი" პრემიერ ლიგის 2011/12 სეზონში ამ პრობლემისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. კლუბში სახარბიელო მდგომარეობა არც წელსაა - ნემანია ვიდიჩი, კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, ანტონიო ვალენსია და ანდერს ლინდეგარდი უკვე ნამყოფები არიან "წლევანდელ ლაზარეთში."
სამედიცინო ცენტრი 5 ნოემბერს, "კარინგტონის" ბაზის მახლობლად გაიხსნება. მშენებლობა დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო და ახლა დასასრულს უახლოვდება. პროექტს მთლიანად გუნდის სპონსორი "ტოშიბა" აფინანსებს.
"კარგია, რომ ჩვენს სპონსორთან (ტოშიბასთან) ასეთი შეთანხმება გვაკავშირებს. ეს რაღაც ახალი, რაღაც უფრო განსხვავებულია. ეს ალბათ ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ბოლო წლების განმავლობაში. ხანდახან გულშემატკივრები ამას ვერ ამჩნევენ, მაგრამ ფეხბურთელები ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და აფასებენ.
ახალი სამედიცინო ცენტრი უკვე ექვსი თვეა რაც შენდება. შეთანხმების თანახმად, "ტოშიბა" სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობებითაც მოგვამარაგებს.
ეს ყველაფერი კლუბის დონეს კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენ უკვე გვყავს შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი, ისინი მიიღებენ ამ გამოწვევას და კიდევ უფრო გააუმჯობესებენ მუშაობის დონეს ახალ ტექნოლოგიებთან ერთად." - დაასრულა ფერგიუსონმა.
წყარო:
skysports.com