"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის კობი მაინუს კლუბში დატოვებას დიდხანს გეგმავს.
ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ კლუბის მესვეურებს ახალგაზრდა ინგლისელთან მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა უახლოეს მომავალში სურთ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მაინუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი გაიმყარა, გუნდს კი ინგლისის ასოციაციის თასის მოგებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
შემდეგ იყო წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიაში აღნიშნულ ტურნირში თავისი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, საერთო ჯამში ბრიტანელები ფინალში გავიდნენ.
მაინუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა, სადაც არც ერთი ეფექტური საგოლე ქმედება ჯერ არ განუხორციელებია.