"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი აცხადებს, რომ თუ მის გუნდს მისი დახმარება დასჭირდება, მეკარის პოზიციაზეც კი ითამაშებს.
ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში ამრაბატი მარცხენა მცველის პოზიციაზე მოგვევლინა, სადაც დავალებას წარმატებით გაართვა თავი და თავისთვის ჩვეულ ადგილს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მეორე ტაიმის სტარტზე ვიქტორ ლინდელოფი ჩაერთო თამაშში.
"მწვრთნელს ვუთხარი, რომ იმ პოზიციაზე ვითამაშებდი, სადაც მას და გუნდს დავჭირდებოდი, თუნდაც მეკარედ! მე ვთამაშობ იქ, სადაც ჩემს გუნდს დავეხმარები და დღეს ასეთი მარცხენა მცველის პოზიცია იყო.
გარკვეულწილად თავისუფალი როლი მქონდა და ვფიქრობ, თქვენც შეამჩნევდით, რომ ნახევარდაცვაში ვიყავი შეწეული, რაც კარგი და სასიამოვნო იყო.
იდეალური საღამო გამოვიდა. ძალიან კარგად ვითამაშეთ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, 3-0 მოვიგეთ. ერთი საათი მომეცა სათადო დრო და ეს შესანიშნავი იყო.
ბავშვობიდანვე ამისთვის ვშრომობ. მთელი ჩემი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში შეუჩერებლად ვშრომობდი და გასაოცარია, რომ აქ თამაშის საშუალება მომეცა. დღეს სამშაბათია და სტადიონი მაინც სავსეა - ეს ფანტასტიკაა".
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი გამარჯვებების გზას "ბარნლისთან" მატჩში დაუბრუნდა, როცა პრემიერ ლიგის გასულ ტურში მეტოქე 1-0 დაამარცხა.
"ბარნლის" წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ხასიათი გამოვავლინეთ. დღეს კი გვინდოდა, გულშემატკივრებისთვის რაიმე სასიამოვნო მიგვეძღვნა და იმედი მაქვს, ასეც გავაგრძელებთ.
ცხადია, რომ "იუნაიტედი" უდიდესი კლუბია და გამარჯვება საჭიროა. ზეწოლა ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ და მწვრთნელი ყოველდღე ამბობს, რომ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ.
ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობთ და იმედი მაქვს, ბევრ მატჩს მოვიგებთ, რათა გულშემატკივრებს უფრო მეტი სიხარულის საბაბი მივცეთ", - განაგრძო სოფიანმა.
მაროკოელი ასევე გვპირდება, რომ მისი საუკეთესო თამაში ჯერ კიდევ წინ არის.
"მწყობრში ვარ, მაგრამ არა 100 პროცენტით, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სატრანსფერო მოლოდინისა და სხვა მიზეზების გამო იდეალური წინასასეზონო ტურნე არ მქონია, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებ იმისათვის, რომ ფორმაში ჩავდგე და ვფიქრობ, ეს მატჩიც დამეხმარება ამაში. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე ვიყო სრულ მზადყოფნაში"
წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.