"ოლდ ტრაფორდზე" 12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ გუნდი დატოვა. ჯამში დავიდმა 454 მატჩში დაიცვა "წითელი ეშმაკების" ღირსება. დე ხეა - ფერგიუსონის ეპოქის ბოლო ჯარისკაცია, რომელმაც ტენ ჰაგის მიერ დაწყებულ თაობათა ცვლილებამდე მიაღწია. დავიდი არ იყო ყოველთვის იდეალური, გვახსოვს მისი ჩაგდებული მნიშვნელოვანი მატჩებიც, თუმცა მისი გუნდში ყოფნა ქმნიდა კავშირს "იუნაიტედის" ორ სხვადასხვა დროებას შორის.
ესპანელი კიპერის მანჩესტერული მომავალი გარკვეულწილად საფეხბურთო სტილის ცვლილებას შეეწირა. დღევანდელ ფეხბურთში ევოლუცია განიცადა მეკარის როლმა. ტოპ კლუბის მეკარე ვალდებულია კარგად ითამაშოს ფეხით, რაც დევიდის მთავარი მინუსია.
დე ხეა შეიძლება ითქვას, რომ მომენტის მეკარეა. მას შეუძლია აიღოს ორი მეტრიდან დარტყმული ე.წ. "მკვდარი ბურთი", წამში გადაერთოს და რეაგირება მოახდინოს დამატებულ დარტყმაზე და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინოს. შემდეგ კი გაუძვრეს სრულიად უბრალო ბურთი ხელებს შორის. ფაქტია ტენ ჰაგს კარის ხაზზე სტაბილურობა ურჩევნია. ზოგადად გუნდისთვის უმჯობესია მეკარემ ვერ მოახერხოს "მკვდარი ბურთის" აღება, თუმცა არ დაუშვას შეცდომა მარტივ სიტუაციაში, რადგან მსგავსი შეცდომა მთავარი მწვრთნელის მთელ სისტემას შლის.
დე ხეას სახელი სამუდამოდ ჩაეწერა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მეკარეების სიაში. დავიდმა საპატიო ადგილი დაიკავა ედვინ ვან დერ სარის და პეტერ შმეიხელის გვერდით. ახალი კონტრაქტის ამბებმა ოდნავ გააუფერულა დამშვიდობება, თუმცა დავიდ დე ხეა სამუდამოდ დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების გულებში.