2006 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა მაშინდელი რეალობისთვის საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი გაჩარხა. "იუნაიტედის" რიგებს მოსკოვის "სპარტაკიდან" სერბი მცველი, ნემანია ვიდიჩი შეუერთდა. ფერგის ხელმძღვანელობით ვიდიჩი "წითელი ეშმაკების" საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მან რიო ფერდინანდთან ერთად მრისხანე დაცვის დუეტი შექმნა, ხოლო მას შემდეგ, რაც გარი ნევილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ნემანია გუნდის კაპიტანი გახდა. ვიდიჩმა "მანჩესტერთან" ერთად ხუთი პრემიერლიგა, სამი ინგლისის ლიგის თასი, ხუთი ინგლისის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რიო ფერდინანდის პოდკასტში Vibe with Five -ში სტუმრობისას სერბმა მცველმა გაიხსენა, რომ მის მიმართ ინტერესს "იუნაიტედის" გარდა "ლივერპულიც" იჩენდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქმეში სერ ალექსი ჩაერთო:
"ჩემი პირველი კონტაქტი "იუნაიტედთან" 2005 წლის იანვარში შედგა, თუმცა იმ პერიოდში მე უკვე მქონდა საუბარი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან. ის პირველი იყო, რომელიც დამიკავშირდა ჩემი "სპარტაკში" თამაშისას. მაშინ ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი, ასე რომ რაფაელთან ჩემი ცოლი საუბრობდა. ბენიტესი დაინტერესდა, მსურდა თუ არაა ინგლისში გადასვლა და რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. მოლაპარაკებების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. თუმცა შემდეგ იგი ორი-სამი კვირის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. სწორედ ამ პერიოდში ჩაერთო საქმეში სერ ალექსი.
ფერგიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს თამაშს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა და ჩემი უნარებით მოხიბლული იყო. იგი თვლიდა, რომ მე გუნდისთვის სარგებლის მოტანა შემეძლებოდა. მკითხა, ვისურვებდი თუ არა "იუნაიტედის" მაისურის მორგებას, რაზეც მე სიხარულით დავთანხმდი. ერთი კვირის შემდეგ მე უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვიყავი". - იხსენებს "წითელი ეშმაკების" ლეგენდა.
სტატიები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.