"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალშია! ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "წითელმა ეშმაკებმა" ბრაიტონი პენალტების სერიაში (7-6) დაამარცხეს. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვიქტორ ლინდელოფმა ზუსტად შეასრულა, მას შემდეგ რაც "ბრაიტონის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოლი მარშმა ბურთი ტრიბუნებისკენ გაგზავნა.
საინტერესოა, რომ "წითლებმა" მხოლოდ მეორედ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება ბოლო ცხრა თერთმეტმეტრიანების სერიიდან. უკანასკნელი გამარჯვება 2019 წლით თარიღდება, როცა ოლე გუნარ სულშერის შეგირდებმა "როჩდეილი" ინგლისის ლიგის თასზე დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ მაშინაც ისევე როგორც გუშინ, მეტოქის კარს რობერტ სანჩესი იცავდა.
ნამდვილად გასაკვირი ფაქტია, რომ "იუნაიტედმა" ინგლისის ასოციაციის თასზე პენალტების სერიაში პირველად გაიმარჯვა. გუშინდელ მატჩამდე, სულ ოთხი თერთმეტმეტრიანების სერია ჩატარდა. სამწუხაროდ "მანჩესტერი" ოთხივე მათგანში დამარცხდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს ამ სეზონში. ახლა კი ახლოს არის მეორე ტიტულთან. სულ ორი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც "იუნაიტედი" ერთ სეზონში ორჯერ გავიდა ორივე ტურნირის ფინალში:
1982/1983 წლების სეზონში, რონ ატკინსონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "იუნაიტედმა" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დაამარცხა "ბრაიტონი" (2:2; 4-0), ხოლო ლიგის თასის ფინალში მარცხი განიცადა "ლივერპულთან" (1:2). 1993/1994 წლების სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა ასოციაციის თასის ფინალში გაანადგურეს ჩელსი (4:0), მაგრამ დამარცხდნენ რონ ატკინსონის "ასტონ ვილასთან" (1:3) ინგლისის ლიგის თასის ფინალში.
ამგვარად, ერიკ ტენ ჰაგს უნიკალური შანსი აქვს პირველივე სეზონში შეასრულოს სათასო დუბლი და დაწეროს ისტორია.
ფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართება. "იუნაიტედი" თავის მოსისხლე მტერს, "სიტის" დაუპირისპირდება. ეს იქნება მანჩესტერული გუნდების პირველი ფინალური დაპირისპირება ტურნირის 152 წლიან ისტორიაში. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი 3 ივნისს გაიმართება.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.